ვინ ცდილობს ჯგუფ ,,ბანის” სოლისტის მათე ფირცხალავას ანტიპიარს?!

ექვსი წლის ასაკში ბებიამ მუსიკაზე შეიყვანა და სხვადასხვა ანსამბლში მღეროდა, რომელთა ხელმძღვანელებიც მისი ნათლიები იყვნენ. ფიქრობს, რომ ახლა მისი სცენაზე ყოფნა, სწორედ მათი დიდი დამსახურებაა. თბილისში ათი წლის ჩამოვიდა და პირველად ანსამბლ ,,დარიალში“  მღეროდა,  შემდეგ ,,ებანში“, ახლი კი ჯგუფ ,,ბანის“ სოლისტია.

მათე ფირცხალავა: როცა აქ გადმოვედი ბიჭებს ჯგუფი   თითქმის უკვე შექმნილი ჰქონდათ და სიმღერა ,,რაჭულის“ პატარა მონაკვეთი ჩემებურად გაკეთებული მქონდა. მაშინ ჯერ კიდევ მიწისქვეშა გადასასვლელში ვმღეროდით. ექვსი თვის განმავლობაში ბევრი  გაჭირვება ვნახეთ. სიცივეში, ქარში, წვიმაში ფანდურზე დაკვრის დროს თითები მეყინებოდა. ფორმები და ინსტრუმენტებიც კი არ გვქონდა, თუმცა ხალხის დიდმა სიყვარულმა ეს ყველაფერი გადაგვატანინა. მიწისქვეშა გადასასვლელი იკეტებოდა და საკონცერტო დარბაზს ემსგავსებოდა. იქ გადაღბული ვიდეოები  youtube-ზე აიტვირთა,  რისი მეშვეობოითაც  ბატონმა კახი კალაძემ აღმოგვაჩინა. მან თავის მეგობარს ჩვენი მოძებნა დაავალა და რესტორან ,,ქვევრში“ წაგვიყვანა, სადაც გარკვეული პერიოდი ვმღეროდით.

– როგორ ჩაიწერა პირველი სიმღერა?                                                                                                             – პირველად სიმღერა ,,რაჭული“ ჩავწერეთ, რამაც დიდი პოპულარობა მოგვიტანა, ამ სიმღერას სხვადასხვა ანსამბლებიც ასრულებენ, თუმცა ჩვენმა განსხვავებულმა ნამღერმა დიდი მოწონება დაიმსახურა. სოციალურ ქსელში ორი თვის განმავლობში სამ მილიონამდე მნახველი ჰყავდა.

– ამხელა წარმატებას ელოდით?

– იმ დიდი გაჭირვების შემდეგ წარმატების მოლოდინი ნამდვილად გვქონდა, რადგან  უფლის და ხალხის სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდით, ძალიან ბედნიერი ვარ და ყოველ დილას ღმერთს დახმარებისთვის მადლობას ვწირავ. ამ ეტაპამდე რომ მოხვიდე, რთული გზა უნდა გამოიარო.

ვინ ცდილობს ჯგუფ ,,ბანის” სოლისტის მათე ფირცხალავას ანტიპიარს?!

– სიმღერამ – ,,კავკასიურმა ბალადა“ – უფრო მეტად პოპულარული გაგხადათ, როგორ ჩაიწერა ეს სიმღერა?

– კავკასიური მუსიკა ძალიან მიყვარს, დიდ პატივს ვცემ მთას და ყოველთვის მინდოდა მთის სიმღერა შემესრულებინა. ერთ-ერთ რეპეტიციაზე რომ მივედი, ბიჭებს ვუთხარი: ერთი კარგი მუსიკა ვნახე, თუ მოგეწონებათ დავუკრათ–მეთქი. ყველას ძალიან მოეწონათ, ჩვენმა მეგობარმა   ამირან ჭიღლაძემ, რომელიც ტექსტებს გვიწერს, ამ მუსიკისთვის ისეთი ტექსტი დაწერა, როცა ვმღეროდი მთელი კავკასია თვალწინ მეშლებოდა; ის ჩეჩენი ქალი, რომელიც ,,უნდა მოვიტაცო“, ის მითხო, რომელსაც უნდა დავეცე... ამ სიმღერაში მთელი გული და სული ჩავდე. ამირან ჭიღლაძეს ჩემი გულისთქმა ესმის, ვფიქრობ ეს სიმღერა პოპულარული იმიტომ გახდა, რომ ეს ყველაერი მსმენელმა ზუსტად შეიგრძნო.

– ღიმილი, რამაც შენი თაყვანისმცემლების უმრავლესობა მოხიბლა, იმიჯია თუ ბუნებრივი?

– დაგეგმილი ღიმილი ნამდვილად არ მაქვს, მუსიკა ჩემთვის ყველაფერია, რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, რა პრობლემებიც არ უნდა შემექმნას ყოველთვის მივისწრაფი სახლისკენ, რომ დავჯდე, დავუკრა და ვიმღერო. ერთადერთი შვებაა, როდესაც ვიცი, რომ უნდა ვიმღერო კონცერტზე, ტელევიზიაში, თუ რეპეტიციაზე, ყოველთვის კარგ ხასიათზე ვარ და მეღიმება.

– ქართველი გოგოებისთვის ყველაზე სასურველი რომ ხარ, რა შეგრძნებაა?

– არ ვიცი გოგოებისთვის რამდენად სასურველი ვარ, მაგრამ ყოველთვის დიდ სიყვარულს სითბოს და პატივისცემას ვგრძნობ. მათი კომენტარების კითხვა ძალიან მახარებს, უბედნიერესი ვარ. მინდა ამ ხალხს უთვალავი მადლობა ვუთხრა, ისინი მაძლევენ სტიმულს, რომ უფრო მეტი  გავაკეთო.

– Facebook-ის გვერდი, რომელზეც უამრავი ადამიანია დამატებული და რომელზეც სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება შენს შესახებ, ნამდვილად შენია თუ არა?

ვინ ცდილობს ჯგუფ ,,ბანის” სოლისტის მათე ფირცხალავას ანტიპიარს?!

– სოციალური ქსელებიდან ცოტა შორს ვარ. ფაქტიურად დრო არ მრჩება, რომ მთელი დღე facebook-ზე გავატარო. ის გვერდი ჩემი არ არის. სამწუხაროდ, ვიღაც ამით ჩემს ანტიპიარს ცდილობს, ამიტომ იძულებული გავხდი ჩემი პირადი გვერდი გამეკეთებინა, სადაც  ჩემი სახელით და გვარით ვარ დარეგისტრირებული და დამეგობრებული მყავს ყველა ჩემი ჯგუფის წევრი.

– გარდა იმისა რომ მღერი, კიდევ რა საქმით ხარ დაკავებული?

– მაქვს სტუდია, სადაც პატარა ასაკის მოსწავლეები მყავს. გარდა იმისა, რომ ვმეცადინეობთ, მათთან ერთად ძალიან ვერთობი, ვისვენებ და დიდ სიამოვნებას ვიღებ. ასევე მცხეთაში წმინდა დავით აღმაშენებლის  ტაძარში სტიქაროსანი ვარ.

– ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე.

– ახლახანს, ხევსურული და სვანური სიმღერა ჩავწერეთ. გვაქვს კიდევ სამი ახალი სიმღერა, რომელსაც ბიჭები მღერიან. შემდეგი თვისთვის ალბომი გვექნება მზად, რომელშიც, როგორც ძველი, ასევე ახალი სიმღერები შევა. ახალი სიმღერების ავტორი ბატონი ჭაბუკა ამირანაშვილია, ტექსტი კი ამირან ჭიღლაძეს ეკუთვნის. ეს იქნება დიდი სიურპრიზი ჩვენი მსმენელისთვის და ახალი სიტყვა ქართულ ფოლკლორში. ალბომის სახელსა და პრეზენტაციაზე ინფორმაციას ექსკლუზიურად „Geoelite.ge“-ის მკითხველი გაიგებს.

თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

 


უკან დაბრუნება