260 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა
|
მთავრობამ დღეს განიხილა და მხარი დაუჭირა 260 დევნილი ოჯახისათვის (800-მდე დევნილი) საკუთრებაში საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაცემის საკითხს. დევნილებს საცხოვრებელი ფართები თბილისში, ფოთში, ბათუმში, ქარელსა და წყალტუბოში დაუკანონდათ. მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, ბინების დაკანონების პროცესი კვლავ გრძელდება და საცხოვრებელი ფართები, სადაც დევნილები კანონიერად ცხოვრობენ მათი საკუთრება გახდება. "დღეს, მთავრობის დადგენილებით 800-მდე დევნილმა მიიღო საკუთრებაში ის საცხოვრებელი ფართები, სადაც ისინი ცხოვრობენ. ეს პროცესი გაგრძელდება დაახლოებით მომავალი ერთი წლის განმავლობაში. გეგმა გვაქვს, რომ ყველა დევნილმა უნდა დაიკანონოს ის საცხოვრებელი ფართი, რომელშიც ამჟამად ცხოვრობს კანონიერად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, პრაქტიკულად ამით ხდება საკუთრების გრძნობის გაჩენა ამ მოქალაქეებში და ისინი ხდებიან ჩვეულებრივი მესაკუთრეები, ის ფართები, რომლებიც მათ დაკანონებული აქვთ ექცევა ჩვეულებრივ სამოქალაქო ბრუნვაში. როდესაც ჩნდება საკუთრების განცდა ადამიანებს უჩნდებათ მოტივაცია, რომ ვთქვათ რემონტი გააკეთონ და ეს საცხოვრებელი მოაწყონ ისე, როგორც მათთვის იქნება მოსახერხებელი. მაშინ როცა სახელწიფოს ან კერძო საკუთრებაში არის ფართები, არ იციან რა ნაბიჯი უნდა გადადგან და მუდმივად არიან გაურკვევლობის განცდაში. ეს გაურკვევლობის განცდა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს", - განაცხადა სოზარ სუბარმა. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი ფართი სულ 3 227 დევნილ ოჯახს დაუკანონდა. უკან დაბრუნება |