სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად მედიისთვის სემინარი გამართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ევროკავშირის ერთობლივი ორგანიზებით  მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან გუდაურში გასვლითი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში ტელეკომპანიების, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლები: რედაქტორები, მთავარი პროდიუსერები და გადაცემების წამყვანები მონაწილეობდნენ. სემინარი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა და ევროკავშირის წარმომადგენელმა ევა პასტრანამ გახსნეს. 

„გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირება სისხლის სამართლის სისტემის რეფორმისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომაა დღევანდელი სამუშაო შეხვედრა მნიშვნელოვანი, აუცილებელია მედიის აქტიური ჩართულობა და ინფორმირება სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა თუ ადამინის უფლებების დაცვის შესახებ -  განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა ევა პასტრანამ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა ევროკავშირის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და მედიას პენიტენციური სისტემის სიახლეები გააცნო.

სამინისტროს წარმომადგენლებმა მედიას რამდენიმე საკითხი გააცნეს, მათ შორის: საკანონდებლო ცვლილებების მნიშვნელოვანი ასპექტები, კერძოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებების კლასიფიკაცია, პატიმართა საცხოვრებელი პირობები, სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი და საერთაშორისო პრაქტიკა, სიახლეები პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმში და პირობით ვადამდე გათავისუფლებულთა სტატისტიკა. ახლადამოქმედებული თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების სპეციფიკა, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მექანიზმი და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის საკითხები. 

პრეზენტაციებისა და დისკუსიების გარდა მედიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სიტუაციურ თამაშებში. მათ ინკოგნიტო მსჯავრდებულების რამდენიმე საქმე განიხილეს და გადაწყვეტილება მიიღეს  მათი პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

ორდღიანი სემინარი ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ მიერ იყო ორგანიზებული, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, გასულ წელს კაჭრეთში გამართულ სემინარზე მედიის წარმომადგენლები სხვადასხვა საკითხებთან ერთად  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ რეჟიმს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გამოაშკარავებულ დარღვევებს, პრობაციონერთა რესოციალიზაციის პროექტებსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. 

  


უკან დაბრუნება