რას ამბობენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II შესახებ უცხოელი მართლმადიდებელი მამები?!
|
ათონის მთის ზოგრაფის მონასტრის წინამძღვარი მამა ბესარიონი: „უწმინდესმა ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა, ათონზე სტუმრობისას მე იგი არ მინახავს. მსმენოდა, რომ ქართველებს განსაკუთრებული პატრიარქი ყავთ, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა; ეს საოცარი სულიერების მქონე ბერია, სწორედ ისეთი, როგორებიც ძველ ათონზე მოღვაწეობდნენ; მის შესახებ ბევრი წავიკითხე წიგნში, რომელიც სქემარქიმანდრიტ ვიტალის ცხოვრებაზე მოგვითხრობს... წავიკითხეთ აგრეთვე 2004 წლის სააღდგომო ეპისტოლე და დავინახეთ, რომ ეს მართლაც წმიდა ადამიანია; ასეთ ადამიანებს პატივი უნდა მივაგოთ და თაყვანი ვცეთ, რადგან მათზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, ისინი გვიჩვენებენ სწორ მართლმადიდებლურ გზას. ათონის მთის ზოგრაფის მონასტრის წინამძღვარი მამა ამბროსი: ვფიქრობ, რომ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს სახით ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მამასთან გვაქვს საქმე; მხოლოდ ჩემი აზრი არ გახლავთ; როდესაც იგი ათონის მთაზე ჩამობრძანდა, თვით უდიდესი მამებიც კი გაოცებულნი იყვნენ მისი სიბრძნითა და სულიერებით. ბედნიერია ქვეყანა, რომელსაც ასეთი მწყემსმთავარი ჰყავს. მე მჯერა, რომ ივერია გაბრწყინდება“. ივერონის მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, მღვდელმონაზონი მამა კალინიკე: საქართველოს ეკლესიას გამორჩეული მწყემსმთავარი ჰყავს და თავმდაბალი და მოღვაწე მღვდელმთავრები. მე საქართველოს პატრიარქი გავიცანი ჯერ კიდევ მაშინ, როცა იგი ეპისკოპოსი იყო, კუნძულ როდოსზე, მართლმადიდებელთა სინოდზე. იგი გამორჩეულად თავმდაბალი ადამიანია, ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით აღსავსე. მთელი გულით უყვარს თავისი სამწყსო და ეწირება მას. ჩვენი დელეგაცის ყველა წევრმა დაინახა, რომ ქართველ ხალხს გულწრფელად უყვარს თავისი პატრიარქი. სოფელ ლეტოვოს მთავარაანგელოზ მიქაელის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დიმიტრი კუვერტალოვი (რუსეთი): „უწმინდესი ილია საოცრებაა... მის მხრებზე დგას მთელი საქართველოს ეკლესია.… მარტო რად ღირს, რომ მან ეს თუნდაც მცირე 15-20 წუთი ჩვენთვის გამოძებნა, თანაც მაშინ, როდესაც შორ გზაზე მიდიოდა და ძალიან ეჩქარებოდა... ეს ჩვენთვის ღვთის წყალობა იყო ოღონდ რით დავიმსახურეთ, არ ვიცი... მასში იგრძნობა უნიკალური გონიერება, ისიც,თუ როგორ იცავს და ცვლის ადამიანს მადლი ღვთისა, მასში საერთოდ არ არსებობს ადამიანის სისუსტეები, იმდენად ნათელი და მოქნილი გონება აქვს, ყურადღებიანი მზერა, თითოეულისთვის მოახერხა ყურადღების დათმობა, მოსიყვარულე სიტყვის თქმა... ჯგუფის თითოეულ წევრს მოეფერა უწმინდესი, ეს წარმოუდგენელია... შთაბეჭდილება ენით აუწერელია... ეს განსაკუთრებული უნარი და ნიჭია, რომ ყველასათვის შეძლო ყურადღების მიქცევა... ეს არის ბრძენი და კეთილი მწყემსი... სხვა სიტყვები არ მაქვს, სახარებისეულად კეთილი და ბრძენია... ძალიან სულიერი ადმიანია, წარმოუდგენლად!“ ნიკოლოზ კასიანოვი (რუსეთი): „მე თქვენს უწმიდესს ადრეც შევხვედრივარ ზაგორსკში, როდესაც იგი ჯერ კიდევ აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო; ჩვენ ვგალობდით, როდესაც იგი შემოვიდა, ჩუმად, უხმაუროდ მოვიდა გუნდთან, სწორედ ჩემს გვერდით დადგა და რიგითი მგალობელივით იგალობა... თავზარდაცემული ვიყავი... საოცარი მუსიკალურობის გარდა მისგან მაშინვე ისეთი საოცარი სულიერი სითბო მოდიოდა, რომ ტირილი მომინდა... გალობის დასრულების შემდეგ მე მისგან კურთხევა ვითხოვე და მთელი ამ წლების მანძილზე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მან ჩემი შინაგანი გაწყობა იგრძნო... სულ მალე იგი პატრიარქი გახდა...“ დეკანოზი ჰენრიკ პაპროცკი (პოლონეთი): უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს პირველად 1995 წელს შევხვდი, როდესაც საქართველოში წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის შესახებ ფილმის გადასაღებად ჩამოვედი; უწმიდესი ილია საოცარი ადამიანია; ხშირად მასთან ურთირთობისა თუ საუბრისას მიგრძვნია, რომ ეს არ არის უბრალოდ, ადამიანი, იგი ზეციური სტუმარია დედამიწაზე... ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი მწყემსმთავარი ჰყავს, რამეთუ მას გადაშენება არ უწერია...„ მღვდელამთავარი ნიკანორი, ათონის მთის ქილანდარის (სერბული) მონასტრის ანტიპროსოპი: „საქართველოში პირველად ვარ და მან ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ უწმიდესი ილიას სახით მე ძველი დროის ბერი ვიხილე... იგი ძალზე უყვართ საქართველოში და განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ქართველებმა კიდევ არ იციან, რა არამიწიერი ღვთიური წყალობა მოემადლებია მათთვის უფალს... ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენ რჩეული ერი ხართ...“ დეკანოზი ანდრია კოტრუცა: „ადრე მხოლოდ გაგონილი მქონდა, რომ საქართველოს ჰყავს პატრიარქი. ახლა წილად მერგო ბედნიერება, შევხვედროდი უნეტარეს პატრიარქ ილიას. მისგან ისეთი გასაოცარი სითბო ვიგრძენი, რაც აქამდე არასდროს მინახავს. ამ შეხვედრის შემდეგ უკვე აღარ მიკვირს, რომ ქართველები ასეთი განსაკუთრებული ხალხი ხართ; უწმიდესი ილია თავისი სიყვარულით, რწმენით, ლოცვით ამას აფრქვევს თავის ხალხზე. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩქარობდა, შორ გზაზე მიდიოდა, არ გვაგრძნობინა დროის სიმცირე, შეყოვნდა ჩვენს გამო, ყველას მოგვეფერა, განსაკუთრებული სითბო და სიყვარული გვიწილადა; ეს განსაკუთრებული ადამიანია, არავის არ ჰგავს; ვისურვებდი, რომ მისი ხალხი ღრმადმორწმუნე იყოს, რომ ისინი შეგროვდნენ პატრიარქის გარშემო“. ბერძენი ლიტურგისტი ქრისტოს კანავასი: „საქართველოში პირველად ჩამოვედი, ძალზე ბედნიერი და მადლობელი ვარ, რომ მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით შესაძლებლობა მომეცა, საკურთხეველში დავსწრებოდი წირვა-ლოცვას. მინდა გითხრათ, რომ ლიტურგიის ის უძველესი ტრადიციები, რაც საუკუნეების წინ არსებობდა, მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაშია შემორჩენილი; ეს მხოლოდ უწმიდესი ილიას დამსახურებაა... ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი პატრიარქი ჰყავს; თქვენ ბედნიერი თაობა ხართ, რომ მის დროს ცხოვრობთ და იცნობთ მას, კურთხევას იღებთ მისგან. ეს უდიდესი მადლია...“ უწმინდესი და უნეტარესი, ილია II - დიდი მეუფე, მამაი ჩვენი... 1977 წლის 23 დეკემბერს მეთორმეტე საეკლესიო კრებამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრება. რაღაც მოხდა... რაღაც მოხდა, მაგრამ ამის შესახებ ღრმად და სერიოზულად საზოგადოება არ დაფიქრებულა. სხვა დრო იყო. ათეისტური ზესახელმწიფო გარეგნულად თითქოს შეურყევლად იდგა, მსოფლიოში გაბატონების მანიით შეპყრობილი საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაუნდობლად ებრძოდა თავისუფალ აზრს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვარგარეთაც, თავისი გავლენის სფეროებში. ციხეები სავსე იყო პოლიტპატიმრებით. საქართველოში განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. ამ დროისათვის, ისევე როგორც მთელს საბჭოთა კავშირში, საქართველოშიც სულ უფრო ძლიერდებოდა საბჭოთა სისტემის მიმართ აპათია, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ავტორიტეტი განუხრელად ეცემოდა. ეროვნული მოძრაობის ლიდერებს ჯერ კიდევ არ მოეპოვებინათ ის გავლენა, რომლითაც მოგვიანებით სარგებლობდნენ. პრაქტიკულად საქართველოში არ იყო პიროვნება, რომელსაც ერი ნდობას გამოუცხადებდა და რომელიც ერის წინამძღოლის მისიას იკისრებდა. 1977 წელს ცოტა ვინმე თუ აცნობიერებდა იმას, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სწორედ ის ადამიანი იყო, რომელიც უფალმა უწინამძღოლოდ დარჩენილ საქართველოს სულიერ მამად მოუვლინა. ამის გაცნობიერებას დრო სჭირდებოდა. მანამდე კი მომხდარს საზოგადოებაში ორგვარი აღქმა ჰქონდა. ყველაზე ზერელე აღქმა მომხდარისა ასეთი იყო. თბილისის ქუჩებში იმხანად ყველა, ნებსით თუ უნებლიედ, ამჩნევდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის მანქანას (პირველი მდივნის ქალაქში დიდი აურზაურით გადაადგილებაც ხომ კომუნისტური პროპაგანდის ნაწილი იყო). 25 დეკემბრის შემდეგ თბილისელებისათვის მოვლენად იქცა უწმიდესი პატრიარქის გადაადგილება. უამრავი ადამიანი დიდი სიყვარულით აყოლებდა თვალს პატრიარქის მანქანას, ზოგიერთი ჩურჩულით წარმოთქვამდა ლოცვას. რწმენა და იმედი გამოჩნდა თბილისის ქუჩებში. უფრო სერიოზული აღქმა მომხდარისა ასეთი იყო. თბილისში დიდებულ რეზიდენციებში სამი დიდი ხელისუფალი მოკალათებულიყო: საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე. სამივე ხელისუფალი ემსახურებოდა მოსკოვს. თბილისის ძველ უბანში, სიონის საკათედრო ტაძრის გვერდით, ერთ ჩვეულებრივ ორსართულიან შენობაში, საქართველოს პატრიარქთა სამყოფელში, უფლის ნებით დაბრძანდა ადამიანი, რომელიც ემსახურებოდა ღმერთს, ეკლესიასა და სამშობლოს. თბილისში მორჭმით მჯდარ მოსკოვის მსახურ სამ ხელისუფალს კონკურენტი გაუჩნდა. დაიწყო დაძაბული ფარული ბრძოლა. უწმიდესი პატრიარქი ყოველ წუთს, ყოველ საათს, ყოველ დღე ტრიუმფით მიიწევდა წინ. ყოველი მისი წინსვლა მოსკოვის მსახურთა მარცხის მომასწავებელი იყო. საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პოლიტიკურ ლიდერებს არ გაუცნობიერებიათ, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მალე ერის სულიერი მამაც გახდებოდა და ერიც მას გაჰყვებოდა. ჩათვალეს, რომ ახალგაზრდა მღვდელმთავრის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევისგან გამოწვეული სიხარული მრევლში მალე განელდებოდა და ცხოვრებაც ძველებურად გაგრძელდებოდა. მწარედ მოტყუვდნენ. პირიქით, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იქცა არა მარტო მორწმუნე ქართველთა, არამედ ეკლესიიდან შორს მდგარ ქართველთა სულიერ მამადაც. ნელ-ნელა, შეუმჩნევლად სიონის საპატრიარქო ტაძარმა ახალი დატვირთვა შეიძინა. პირველ ხანებში სიონის მრევლი შესამჩნევად არ გაზრდილა, თითქმის იგივე დარჩა. თვალში საცემი სხვა ამ იყო. ზარების რეკვა და უწმიდესი პატრიარქის გამობრძანება რეზიდენციიდან, შებრძანება სიონის ტაძარში იქცა რიტუალად, რომელსაც ტაძართან საგანგებოდ მისული თუ შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები სასოებით შესცქეროდნენ. უწმიდეს პატრიარქს სახეზე ნათელი ადგა, როცა გაიღიმებდა, ყველას ეგონა, რომ პირადად მას უღიმოდა, ჯვარს რომ გამოსახავდა, ყველას ეგონა, რომ პირადად მას გადასახა ჯვარი. ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა სხვადასხვა დროს არა ერთბაშად გადალახა მორიდების, უხერხულობის და ალბათ შიშის ზღვარიც და ერთ მშვენიერ დღეს თან შეჰყვა უწმიდეს პატრიარქს ტაძარში. ტაძარში პირველად შესული ადამიანები ბევრი უხერხულობის, გაურკვევლობის წინაშე აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. დიდებულმა ქართულმა საეკლესიო საგალობლებმა და პატრიარქის შემოსვლის ასევე დიდებულმა სანახაობამ ყოველგვარი უხერხულობა მოსპო. ასე იზრდებოდა სიონის მრევლი... სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესი პატრიარქის ყოველი ქადაგება რწმენასა და იმედს აბრუნებდა ათეიზმის წყვდიადში აღზრდილი ადამიანების გულებში. იმხანად, ალბათ, ყველა ვერ აცნობიერებდა, რომ უწმიდესი პარტრიაქი მარტო ეკლესიურ აზროვნებას კი არ გვასწავლიდა, არამედ სახელმწიფოებრივსაც, მრევლში ეროვნულ ცნობიერებას აძლიერებდა და შელახული ეროვნული ღირსების აღსადგენად ამზადებდა ქართველობას. ეკლესიურ და სახელმწიფოებრივ აზროვნებას სააღდგომო და საშობაო ეპისტოლეებით ასწავლიდა ერს უწმიდესი პატრიარქი. 1978 წელს, სააღდგომო ეპისტოლეში უწმიდესი პატრიარქი ბრძანებდა: ,,ადამიანის სულს თავისი საზრდო უნდა ეპოვა ღმერთში, და ღვთით ეცხოვრა, ხოლო ადამიანის სხეული უნდა დაქვემდებარებოდა სულს". 1978 წლის საშობაო ეპისტოლეში უწმიდესი პატრიარქი ბრძანებდა: ,,როდესაც მორწმუნე ადამიანი რეალურად შეხედავს ცხოვრებას, თავის გარემომცველ სამყაროს, მიდის დასკვნამდე, რომ მიწიერი ჩვენი ცხოვრება - ეს არის მხოლოდ ნაწილი რაღაც დიდისა, განუსაზღვრელისა, ეს არის მხოლოდ მომზადება მარადიული და უკვდავი ცხოვრებისათვის". ათეისტური სახელმწიფო ნახევარ საუკუნეზე მეტი ხანის განმავლობაში სწორედ იმის ამოძირკვას ცდილობდა ადამიანთა შეგნებიდან, რასაც თავისი ეპისტოლეებით ასწავლიდა უწმიდესი პატრიარქი: - ღვთით ცხოვრება... - მზადება მარადიული და უკვდავი ცხოვრებისათვის. უწმიდესი პატრიარქის ეპისტოლეებით დაიწყო ათეისტური ზესახელმწიფოს იდეოლოგიის რღვევა. ეპისტოლეები ხელიდან ხელში გადადიოდა და ათეისტური წყვდიადიდან ქრისტეს ნათელისაკენ მიუძღოდა ერს. უწმიდესი პატრიარქი იქცა უმაღლეს მსაჯულად. ტახტშერყეული მოსკოვის მსახურთა აზრი ქართველობას ნაკლებად აინტერესებდა. საზოგადოებაში ყოველი მნიშვნელოვანი ეროვნული საქმის თაობაზე მსჯელობისას ხშირად გაიგონებდით: ნეტავ რას ფიქრობს პატრიარქი? ნეტავ რა თქვა პატრიარქმა? ნელ-ნელა სიძულვილი შეცვალა სიყვარულმა, საბჭოთა ზნეობა - ქრისტიანულმა ზნეობამ, უიმედობა - მომავლის რწმენამ. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან ოცდათხუთხმეტი წელი გავიდა. თავს არ ვთვლი იმის ღირსად, რომ შევაფასო უწმიდესი პატრიარქის ნააზრევი და ნაღვაწი. ეს მომავლის საქმეა. თუმცა დიდია ცდუნება ახლავე, დღესვე, თქვა ყველაფერი, რასაც ფიქრობ. საქართველოს ახალი და უახლესი ისტორია (XIX-XXI სს.) სრულიად გარკვევით იყოფა ორ ციკლად: წმიდა ილია მართლის ციკლად და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ციკლად. წმიდა ილია მართალმა ქართველი ერი იხსნა იმ დიდი განსაცდელისაგან, რომელიც მას თავს დაატყდა XIX საუკუნის დამდეგს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის შემდეგ. უწმიდესმა პატრიარქმა ილია II-მ ერი იხსნა იმ დიდი განსაცდელისაგან, რომელიც მას თავს დაატყდა 1921 წლიდან, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის შემდეგ, ათეისტური ზესახელმწიფოს - საბჭოთა კავშირის - შემადგენლობაში იძულებითი ყოფნის პერიოდში. წმიდა ილია მართლის ეპოქა და უწმიდესი პატრიარქის ილია II-ის ეპოქა, ისევე, როგორც ამ ეპოქების უმთავრესი შემოქმედნი - წმიდა ილია მართალი და უწმიდესი პატრიარქი ილია II ბევრი რაიმეთი ემსგავსება ერთმანეთს. ორივე მათგანმა საქართველოსა და ქართველობის გადარჩენისათვის ბრძოლა დაიწყო უიმედო მდგომარეობაში, ისეთ ვითარებაში, როდესაც ჩვეულებრივი მოკვდავი სასოწარკვეთას მიეცემოდა _ მოღვაწეობის დასაწყისში მხოლოდ მათ სწამდათ, რომ ბოროტს აუცილებლად სძლევდა კეთილი. ქართველობა მათ შესცქეროდა და ნელ-ნელა იბრუნებდა რწმენას და იმედს. მართალია, წმიდა ილია მართალსაც და უწმიდეს პატრიარქ ილია II-საც ბევრი ქართველი დაუდგა გვერდით, მაგრამ ცხადი იყო: ყველაფერი მხოლოდ ამ ღვთისგან რჩეულ ორ ადამიანზე იყო დამოკიდებული. უმთავრესი მსგავსება კი შემდეგში მდგომარეობდა: წმიდა ილია მართალმა და უწმიდესმა პატრიარქმა ილია II-მ შეუძლებელი შეძლეს - იხსნეს ერი დიდი განსაცდელისაგან. წმიდა ილია მართლის ციკლი უკვე ისტორიის კუთვნილებაა. უწმიდეს პატრიარქ ილია II-ის ციკლის მომსწრე დღევანდელი ქართველობაა. ეს ციკლი ტრიუმფით გრძელდება. ღვთისმოსავი ქართველი, ყოველ დილით რწმენითა და იმედით აღსავსე სასოებით ლოცულობს მისთვის: ...დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია... რამდენ ქართველს უნატრია: ნეტავ, ილია ჭავჭავაძის თანამედროვე, ილიას დიდ საქმეთა მხილველი ვყოფილიყავიო! გულმოწყალეა ღმერთი! ნატვრა აგვისრულა და უწმიდესი პატრიარქის ილია II-ის თანამედროვენი, მის დიდ საქმეთა მხილველნი გაგვხადა. სხვებისა არ ვიცი, მაგრამ მე კი ჩემმა შთამომავლობამ ასე მინდა მომიხსენიოს: ჩემი წინაპარი უწმიდესი პატრიარქის ილია II-ის თანამედროვე იყოო. მასალა მოგვაწოდა ვახტანგ გურულმა უწმინდესსა და უნეტარესს! სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ – აფხაზეთის მიტროპოლიტს - ილია მეორეს! ვარ პოეტი. ვმადლობ უფალს სიტყვასთან ახლოს ყოფნის უფლება რომ მომცა. იმ დროში მომიწია ცხოვრება, როცა თქვენ ხართ საჭეთმპყრობელი ქვეყნისა _ მშვენიერი, ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოსი. მინდა გამოვხატო მადლიერება ყველა სიკეთის გამო, რაც თქვენ შეძელით ასეთ რთულ დროში. გვიჩვენებთ გზას - სიმაღლეზე ყოფნის, გვასწავლით მთავარს: სამშობლოს, ღმერთისა და ადამიანის მნიშვნელობას, და გვიბრუნებთ, თქვენი სიყვარულის გაცნობიერებით, სიყვარულის ძალას... თქვენი ლოცვით მოვიდა გამარჯვება! გვლოცავთ ისე, სხვა თვალს გვიხელთ – სიყვარულით გვიცავთ ისევ უხილავ ძაფებით გიპყრივართ ხელთ... რამდენიმე წლის წინ, ოზურგეთში მთელ საქართველოს მიმართეთ: „მიყვარხართო!“ უთხარით... ამ დიდ სიყვარულს იტევთ, ატარებთ და ამოთქვამთ და იცავთ კიდეც. ბედნიერი ვარ, რომ ამ დღეს ზაურ ბოლქვაძის კონცერტზე, „ქართული ხმების“ ორმა თაობამ შეასრულა ჩემს ლექსზე დაწერილი სიმღერა, (მუსიკა დ. არჩვაძის), რომელსაც „სიყვარულის გამხელა“ ერქვა... დღემდე მყოფნის ეს ემოცია, როცა ვგრძნობ, რომ ერთი წამი საერთო გვქონდა... შემოქმედის ტაძარი მოვილოცეთ. იქ საოცარი წიგნებიდან ერთი შევიძინე. მხოლოდ სათაურიც რომ გამოხატავს ქართველთა ემოციას. ინგილოთა წერილიდან იყო ფრაზა... თქვენ ასე მოგმართავდნენ „შენ ჩვენო დიდო, გულების თავშესაფარო“. ეს წიგნი ბობოყვათამდე ჩამოვიტანე, სადაც ზღვის პირას ლოცულობდით და ისეთი სიმშვიდის გრძნობა ეუფლებოდა ადამიანს, დაწყნარდებოდა ზღვა, აბა, რას იზამდა. ეს წიგნი ასე მოხვდა თქვენთან. მე გზა ვიყავი და ამით, ბედნიერი... რაც არა ჩანს და ვერ ვხედავთ, მაგრამ გულმა იცის, ამა ქვეყნად წუთისოფელს კაცი რისთვის იცდის... ზეცის კართან სათქმელი რომ გვქონდეს შეხვედრისთვის! სულ სხვაგვარი მონატრება ცისიერი წამი ვნახეთ - სიტყვით ავსებული გზა და ქვეყნის დარი, როცა ლოცვით არის სავსე აქმყოფობის ჟამი...
ზეციური მადლი ფერში, ბგერასა და ხმაში, სიტყვის თქმიდან, გაგებამდე - ვაზის ჩუქურთმაში... გული ყოფნის ორსავ სოფელს ასეთ დალოცვაში! რამდენიმე წლის წინ ჩემი ლექსების კრებულს, დავაწერე: „მხოლოდ თქვენს გულში ეტევა საქართველო მთელი“... მიხარია რომ დაიბუნეთ ძველი ტიტული და დღეს მოგმართავთ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს და გილოცავთ აღსაყდრების 35 და დაბადებიდან 80 წლისთავს. იმედი მაქვს, მალე დალოცავთ ერთიან საქართველოს! თქვენი წინასწარმეტყველება იმედს გვისახავს, რომ დავბრუნდებით აფხაზეთში... და დიდი სუფრა გაიშლება მთელ ქუჩაზე შეხვედრის, დაბრუნების, ერთად ყოფნის, მიტევებისა და სიყვარულის! მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე! ერთხელ ხომ მაინც ჩვენც უნდა ვთქვათ სიყვარული, მივუახლოვდეთ მას: ზეცის და მიწის კავშირს აღადგენთ: ლოცვით, სიტყვით, გალობით, ფერით, ზოგჯერ დაღლილი ფრთებით...
ერთხელ ხომ მაინც უნდა ვთქვა: გვიყვარხართ! - სიყვარულს გიმხელს საქართველო შენი. პატივისცემით: პოეტი – მაკა ბლიაძე 2012 წელი გილოცავთ შობის დღესასწაულს! ალილო დღეო შესაცნობო, ნატვრავ ჟამისაო, ბეთლემს იშვა წყარო ცხოვრების! ვარსკვლავი გვასწავლის შენს თაყვანისცემას ცად და მიწად გალობს ყოველი.
დაილოცოს ქვეყნად შენი მობრძანება, ცის კარი ჩვენთვის რომ გაიღო მზეო სიმართლისა, მზეო სინათლისა, მინდა ყველამ ერთად გადიდოთ!
შენდა შესახვედრად თოვლში ამოსულო თეთრო, საშობაო ყვავილო, სამყაროს ედება ფერი სინათლისა, ყველა ერთად მღერის ,,ალილოს~.
ანგელოზი გალობს, ცას ფრთები უხდება ჩვენი ხმაც შევუწყოთ ალილოს ცის და მიწის ზღვარი შემოსილა მადლით დიდება შენს მოსვლას, ალილო.
ერთი ვარსკვლავი რომ ცაზე აინთება, ღამეც მზიანია, ალილო, ფრთები გაუშლია ნატვრას ცისქვეშეთში, მშვიდობა შენს მოსვლას, ალილო. მაკა ბლიაძე უწმინდესი და უნეტარესი, ილია II: დაბრუნდება ძველი დრო, როცა ქართველები წმინდა მიწაზე მოღვაწეობდნენ მალე საქართველო ისტორიულ მემკვიდრეობას და რელიგიურ სიძლიერეს აღიდგენს ისრაელის დახმარებით. დრო მოვა, სულ მალე, რომ ჩვენი სამშობლოსთვის ილოცებენ სამართლმადიდებლოსთვის უმნიშვნელოვანეს წმინდა მიწაზე - იერუსალიმში. იერუსალიმის ჯვრის მონასტერთან დაკავშირებული ყველა საკითხი ეკლესიასთან, საქართველოს საპატრიარქოსთან ძალზე მჭიდრო კავშირის შედეგად გადაწყდება. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, 25 თებერვალს, გორში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იერუსალიმის ჯვრის ქართული მონასტრის დაბრუნებაზე, სპეციალურად შექმნილი ჯგუფი მუშაობს. მისივე განცხადებით, ამ საკითხში ისრაელში საქართველოს საელჩოც არის ჩართული და დავალებული აქვს, ისრაელის მთავრობასთან მჭიდრო კონტაქტები ჰქონდეს. „მადლობელი ვართ ისრაელის მთავრობისა თანამშრომლობისთვის, მათ შორის ჯვრის მონასტერში დაცული ქართული სიწმინდეების გადარჩენის საკითხში. ისრაელში ჩემი პირველი ვიზიტის დროიდან დავაყენე ეს საკითხი. ახლა უნდა დადგეს საკითხი, რომ ჯვრის მონასტერი დაუბრუნდეს საქართველოს და ქართულ ეკლესიას, ისევ აღევლინოს ქართულად ლოცვა. ის იყოს საქართველოს ეკლესიის, ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილი, როგორც იყო საუკუნეების განმავლობაში“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს მართლმადიდებლობისათვის და არა მარტო ჩვენთვის, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორის ვიზიტი ისრაელში ფრიად მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ, რომელიც 2012 წლის 16-25 თებერვალს შედგა. უწმინდესისა და უნეტარესის ეს ვიზიტი ისტორიული მნიშვნელობისაა, რომელსაც მომდევნო საუკუნეებში თავის დადებით ნაყოფს გამოიღებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამავე დროს, წმინდა მიწაზე, ქართველი პატრიარქის ჩაბრძანებას დიდი მნიშვნელობა აქვს სრულიად საქართველოსთვის - სამართლმადიდებლო-საქრისტიანოსთვის, წმინდა მიწიდან აღვლენილ ლოცვას განსაკუთრებული მადლი და ძალა აქვს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე ისრაელიდან სამშობლოში 25 თებერვალს დაბრუნდა სადაც ის იერუსალიმის საპატრიარქოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით 16 თებერვლიდან იმყოფებოდა. უწმინდესი და უნეტარესი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანდა. ვიზიტის პროგრამის მიხედვით, უწმინდესმა მოილოცა ჯვრის მონასტერი, ღვთისმშობლის საფლავი, წმინდა თეოდოსი დიდის მონასტერი, წმინდა საბა განწმენდილის ლავრა, მოინახულა იოანე მოსხის, წმინდა საბა განწმენდილის დედის, წმინდა კოზმასა და დამიანეს დედის, თეოდოსი დიდის დედის საფლავები. პატრიარქმა ასევე მოილოცა მაცხოვრის შობის ტაძარი, ილია წინასწარმეტყველის ეკლესია, წმინდა გიორგის საფლავი და ეკლესია, წინასწარმეტყველი დავითის საფლავი, წმინდა გერასიმეს მონასტერი, მაცხოვრის ნათლობის ადგილი და წმინდა ილია წინასწარმეტყველის ცად ამაღლების ადგილი. უწმინდესი შეხვდა ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესს, ქნესეთის თავმჯდომარე რეუვენ (რუბი) რივლენს, იერუსალიმის მერს, მთავარ რაბინებს და ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს. ამავე ვიზიტის ფარგლებში უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოგვთა მღვიმესაც ეწვია, ადგილს, საიდანაც მოგვებს ქრისტეს შობის ვარსკვლავი ეჩვენათ. თაყვანი სცა სპარსთაგან მოწყვეტილი მოწამეების წმინდა ნაწილებს. პატრიარქმა მაცხოვრის საფლავზე ღამისთევის ლოცვა აღავლინა. ვიზიტის დროს საქართველოს სულიერი წინამძღვარი იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე მესამესა და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდა. "ასეთი ისტორიული ვიზიტი ჯერ არ ყოფილა", - ასე შეაფასა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ისრაელში ვიზიტი. "ბედნიერი ვარ, რომ მშვიდობით დავბრუნდით ისრაელიდან. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის და სულიერებისათვის. ასეთი ისტორიული ვიზიტი ჯერ არ ყოფილა", - ჩამობრძანებისთანავე ილია მეორემ სამების ტაძარში იქადაგა. ვიზიტის პირველ დღეს ქართული დელეგაციის წევრებმა მოილოცეს წმინდა თეოდოსი დიდის მონასტერი, წმინდა საბა განწმენდილის ლავრა და ჯვრის მონასტერი. ასევე, ილია მეორე პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს შეხვდა. მეორე დღეს ილია მეორემ ქართველ სასულიერო პირებთან ერთად მაცხოვრის საფლავზე ღამისთევის ლოცვა აღავლენა. 20 თებერვალს კი პატრიარქმა ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში აღასრულა წირვა და იმავე დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ წმინდა ილია წინასწარმეტყველის მონასტერ მოილოცა. საინტერესოდ და წარმატებულად განვითარდა პატრიარქის ვიზიტი - 21 თებერვალს კათოლიკოს-პატრიარქი მთავარ რაბინებს შეხვდა და გოდების კედელი მოინახულა. მეორე დღეს, 22 თებერვალს კი საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდა ქალაქ ხოლონში და ასევე შეხვდა იორდანიის მეფეს. 23 თებერვალს უწმინდესი და უნეტარესი ილია II ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს, რეუვენ რივლინს შეხვდა. ვიზიტის შემდეგ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია სიონის წმინდა მთაზე გაემგზავრა და წმინდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითის საფლავი მოილოცა. ამავე დღეს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ჰერცელის მთაზე გაემგზავრა, სადაც იად ვაშემის მუზეუმი დაათვალიერეს. შემდეგ საქართველოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი, ილია II ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესს და იერუსალიმის მერს შეხვდა. 24 თებერვალს საქართველოს ეკლესიის დელეგაციამ მოილოცა წმინდა გერასიმეს მონასტერი, გაემგზავრენენ იორდანიის საზღვარზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე და მდინარე იორდანესთან ილოცეს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, იერუსალიმიდან დაბრუნების შემდეგ, საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ იმედი გაუჩნდა – დაბრუნდება ძველი დრო, როცა ქართველები წმინდა მიწაზე მოღვაწეობდნენ. მადლობა უფალს, რომ საქართველოს სულიერმა მამამ, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორემ წმინდა მიწაზე ილოცა სრულიად საქართველოსთვის და სამართლმადიდებლოსთვის. უწმინდესი და ნუნეტარესი, ილია II: საუბარი გვქონდა მეფეების, ვახტანგ მეექვსის და თეიმურაზ მეორის გადმოსვენების შესახებ მოამზადა გიორგი კობახიძემ 18 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში გაემგზავრა, რათა მონაწილეობა მიეღო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის უწმინდესი კირილეს 65 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში. კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს თან ახლდა საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავჯდომარე, ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია) და სხვა თანმხლები პირები. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტში დახვდა კრუტიცისა და კოლომნის მიტროპოლიტი იუვენალი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი. ქართული ეკლესიის დელეგაციას აეროპორტში მიეგება მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ვახტანგი (ლიპარტელიანი). 19 ნოემბერს მოსკოვის საპატრიარქო რეზიდენციაში უწმინდესი კირილე შეხვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. „ჩვენ, პატრიარქებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა აღდგეს“. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ, კირილთან შეხვედრისას განაცხადა. „ის კონფლიქტი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის იყო და ახლაც არის ღია ჭრილობები, რომელიც აუცილებლად უნდა მოვაშუშოთ. დარწმუნებული ვარ ამას მოვახერხებთ“, - ბრძანა ილია მეორემ. პატრიარქმა კირილემ მადლობა გადაუხადა უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მის იუბილეზე მოსკოვში ჩაბრძანებისთვის და შენიშნა, რომ ამ ორი ეკლესიის წინამძღოლებს ბევრი სასაუბრო აქვთ და მათი ურთიერთობის ნებისმიერ შესაძლებლობას სასიკეთო შედეგი მოაქვს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სრულიად მართლმადიდებლურ კავშირებსა და თანამშრომლობაზე. საუბარში აღინიშნა, რომ აუცილებელია სოლიდარობა ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანთა შევიწროების პრობლემებთან დაკავშირებით. 20 ნოემბერს ქრისტე მაცხოვრის სახელობის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა საღმრთო ლიტურგია, ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლთა და მღვდელმთავართა თანამწირველობით. საღმრთო ლიტურგიაზე ადგილობრივ მგალობელთა გუნდთან ერთად ასევე გალობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ვაჟთა გუნდი. წირვის დასასრულს, ამბიონიდან საიუბილეო თარიღი მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და საჩუქრად კვერთხი უსახსოვრა. ამავე დღეს უწმინდესს და უნეტარესს, ილია მეორეს, მოსკოვის საპატრიარქო რეზიდენციაში რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი შეხვდა. „მოსკოვში ვიზიტი იყო მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ლტოლვილების ბედს და გვქონდა საუბარი მათ შესახებ“, - განაცხადა პატრიარქმა, „იმედი არის, რომ ისინი დაბრუნდებიან თავის სახლებში. ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი მეფეების - ვახტანგ მეექვსის და თეიმურაზ მეორის – საქართველოში გადმოსვენების შესახებ. ისინი არიან დაკრძალული ასტრახანში და მათ აქვთ დატოვებული ანდერძი, რომ იყვნენ დასაფლავებული საქართველოში. ჩვენ ვთხოვეთ რუსეთის პრეზიდენტსა და პატრიარქ კირილეს, რომ დაგვრთონ მათი გადმოსვენების ნება“, - თქვა ილია მეორემ. 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულზე კი, ილია მეორემ წირვა მოსკოვში, წმ. გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში აღავლინა და პეტრე ბაგრატიონის ძეგლი აკურთხა. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა საქართველოს პატრიარქს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და რუსეთში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. „აღსანიშნავია, რომ წმინდა გიორგი, რომელსაც საქართველოში უდიდეს პატივს მიაგებენ, მოსკოვის მფარველად ითვლება და დედაქალაქში მისი სახელობის მრავალი ტაძარია“, - ნათქვამია მოსკოვის მერის მიმართვაში უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორისადმი. 1812 წლის სამამულო ომის გენერლის, საქართველოს მეფეთა საგვარეულოს წარმომადგენლის-პეტრე ბაგრატიონის ძეგლი მოსკოვში, ჯერ კიდევ 1999 წელს დაიდგა და სახელმწიფოს დაცვის ქვეშ იმყოფება. ძეგლის ავტორი, სკულპტორი მერაბ მერაბიშვილია. 24 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია თბილისში დაბრუნდა. ბ.ს. წელს, 2011 წლის 25 დეკემბერს კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 34 წელი შეუსრულდა... ეს ძალიან დიდი, მძიმე, მაგრამ ის წლებია, რომლებმაც საქართველო ჭეშმარიტ გზაზე შემოაბრუნა... გილოცავთ თქვენო უწმინდესობავ! დიდხანს იცოცხლეთ საქართველოს შემწედ და მისი გაბრწყინებული მომავლისთვის მლოცველად! ილია II-ის 33 წლიანი უსაზღვრო მოწყალების აღსრულება ძნელია სიტყვებით წარმოაჩინო ღვაწლი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა და აფხაზეთის და ბიჭვინთის მიტროპოლიტ ილია II-სა. უწმინდესი პატრიარქის სახარების იდეალებზე დაფუძნებული ცხოვრების გზა, სუდარაგადაფარებული ეკლესიიდან _ წმინდა სამების მოოქროვილ გუმბათზე აღმართულ უწმინდეს ჯვრამდე, ბოროტების - სიკეთით, სიძულვილის - სიყვარულით დათრგუნვის, ღვთისაგან ჯვარპანაღიით, მიტრით და სიყვარულის უშრეტი წიაღით დაჯილდოვების ხილული მაგალითია. სარწმუნოების დაცვის და კეთილზნეობრივი ცხოვრების დიდი მასწავლებლის მზიანი ღამისეული, უფლისადმი დაუცხრომელი ლოცვის მიზანი და სამწყსოსადმი მზრუნველობით წარმოთქმული ყოველი სიტყვა, ჭეშმარიტი მოწოდებაა აღვასრულოთ, მათე მახარებლის სულიწმინდისეული ანდერძი, „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა; შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი“. (მთ. 22,37,39). უფლისადმი მთრთოლვარე ხელებით და წრფელი გულით შეწირულმა უსისხლო მსხვერპლის და დაუცხრომელი ლოცვის ძალამ ერს შეაძლებინა აღენიშნა სულიერი მოძღვრის აღსაყდრების 33-ე წლისთავი, რაც მრავალთა შორის კიდევ ერთი მოწმობაა, რომ მას სასყიდლით დადგინებული მწყემსი კი არ ჰყავს, რომელიც მგლის დანახვაზე სამწყსოს ტოვებს და გარბის, რადგან მისი ბედი არ ენაღვლება, არამედ მწყემსი კეთილი, რომელიც თითოეული სიცოცხლის. გადარჩენაზე ზრუნვას თავის მოვალეობად თვლის და თუ საჭირო იქნება, სულსაც დასდებს მათთვის (ინ. 10, 13-15). მისმა უწმინდესობამ მძიმე ჯვარი ერისა, რომელიც უფალმა უბოძა, უდრტვინველად იტვირთა და თავისი თავის უარყოფითა და ტკივილთმოყვარებით მიუძღვის სამწყსოს ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ ვიწრო და რთულ გზაზე... ამიტომაც მიიჩნევს მას ქართველი ერი სულიერ მფარველად და შუამდგომელად წინაშე შემომქმედისა და ღრმად სჯერა, რომ მძიმე განსაცდელის დაძლევაში უწმინდესისა და უნეტარესის ღმრთისა და მამულის სიყვარულით გამთბარი ლოცვა შეეწევა და გადაარჩენს სრულიად საქართველოს. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილის მთავარეპისკოპოსი, აფხაზეთის და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია-II, 1933 წლის 4 იანვარს, ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა. ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი. ღუდუშაურთა გვარი ძველი დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს. მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია, ბავშვის სახელზე კი ციხე აუშენებია. ღუდუშაურები ხევში ცხოვრობდნენ და სახელოვანი ვაჟკაცნი იყვნენ. სიმამაცით გამორჩეული ყოფილა შიოლა ღუდუშაური. სწორედ მისი შთამომავალია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II. შიოლა ღუდუშაური VII საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. იგი ყოფილა მფლობელი ღუდუშაურთა ხეობისა, რომელშიც შედიოდა აჩხოტი და რამდენიმე სოფელი: სნო, ახალციხე, კარკუჩა და მთელი ხეობა. შიოლა ღუდუშაურის სახელი რომ დარჩენილიყო, მისი პირდაპირი შთამომავლობიდან ზოგიერთმა შიოლაშვილების გვარი მიიღო. არსებობს გადმოცემა, რომ შიოლა ღუდუშაურის დედა ბაგრატიონი იყო - სამეფო სახლიდან და მას "მეფიანთ ქალს" ეძახდნენ. არსებობს აგრეთვე ცნობები ღუდუშაურებისა და ვაჟა-ფშაველას ნათესაობის შესახებ. უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მამა, გიორგი ღუდუშაური, დაიბადა და ცხოვრობდა სნოში. დედა - ნატალია კობაიძე კი სოფელ სიონიდან იყო. მათ 1927 წელს ქალაქ ვლადიკავკაზში შეიძინეს სახლი დროებით საცხოვრებლად იქ გადავიდნენ. გიორგი ღუდუშაურის ოჯახთან ბევრ სასულიერო პირს ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს. პატრიარქი სწორედ მათი ოჯახის საშუალებით ამყარებდა ურთიერთობას ვლადიკავკაზში მცხოვრებ ქართველებთან. ძაუგის (ვლადიკავკაზის) ქართული ეკლესია მაშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქციაში შედიოდა. ქრისტეშობის დღეს სწორედ ამ ქართულ ეკლესიაში მონათლეს სამი დღის ახალშობილი და ყრმას, მეფე ერეკლეს პატივსაცემად, ირაკლი დაარქვეს. საქართველოს მომავალი პატრიარქი კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის ყოფილმა მდივანმა, არქიმანდრიტმა ტარასიმ (კანდელაკი) მონათლა. ბავშვის ნათლია იყო მონაზონი ზოილე (დვალიშვილი). არქიმანდრიტი ტარასი შემდეგში ხელდასხმულ იქნა წილკნის ეპისკოპოსად; იგი დაკრძალულია სვეტიცხოვლის ეზოში. მონაზონი ზოილე კი ჯერ ბედიის, ხოლო შემდეგ მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი გახლდათ, შესანიშნავი საეკლესიო მოღვაწე, დიდად მორწმუნე და საღვთო მსახურების საუკეთესო მცოდნე. ნათლიას ხშირად დაჰყავდა თავისი ნათლული სამთავროს მონასტერში. სწორედ აქ, სამთავროს მონასტერში, შეხვდა ღვთის განგებით ერთმანეთს საქართველოს ორი პატრიარქი - ქართველი ერის სათაყვანებელი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და ჯერ კიდევ სამი წლის ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაური. პატრიარქისგან პატარას ლოცვა-კურთხევა მიუღია. გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. ოჯახი წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. გიორგის შინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე მეორე ეკლესია მოუწყვია. ერთ ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქი ასე იხსენებს ამ დროს: "მინდა ჩემი ბავშვობა გავიხსენო. ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა". 1952 წელს ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაურმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, რომელიც სერგიევ პოსადში (მაშინდელ ზაგორსკში) მდებარეობს. სასულიერო სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და, როგორც საუკეთესო სტუდენტი, სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა. იმ დროს წმიდა სამების მონასტრის წინამძღვარი იყო მომავალში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი. "მე სიყვარულით ვიხსენებ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში სწავლის წლებს, როცა სტუდენტებიცა და მასწავლებლებიც სიხარულით დავდიოდით მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ძალღონით აღსავსე წინამძღვრის მჭევრმეტყველური და ღრმა შინაარსის მქონე ქადაგებების მოსასმენად... ...განსაკუთრებით ჩვენ ბერად აღკვეცის წესზე დასწრება გვიყვარდა", - იხსენებს საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი. ყოველივე ამან გადააწყვეტინა აკადემიის ახალგაზრდა, წარჩინებულ სტუდენტს "ძნელად გადასაწყვეტი საქმე" - ბერად შედგომა. 24 წლის ასაკში 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა. თავად პატრიარქი ასე იხსენებს ალექსანდრე ნეველის ეკლესიას: "ეს ტაძარი განსაკუთრებულია პირადად ჩემთვის იმიტომ, რომ აქ, 1957 წელს, ღვთის განგებითა და უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის ლოცვა-კურთხევით, მეუფე ზინობიმ ბერად აღმკვეცა. ამ პერიოდის ახალგაზრდებს შორის მე ვიყავი პირველი ბერი. ასე რომ, ამ ტაძრისა და წმიდა ალექსანდრე ნეველის, მღვდელმოწამე გრიგოლის ლოცვა-კურთხევა მუდამ მიფარავს". იმავე 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდეს ალექსი I მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად. უწმიდესი და უნეტარესი ილია II ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებს სემინარიისა და აკადემიის პედაგოგებს. ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლის დროს, მეოთხე კურსზე, მღვდელმონაზონმა ილიამ დაწერა საკანდიდატო შრომა: "ათონის ივერიის მონასტრის ისტორია", - რისთვისაც მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. იმავე 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით, რის შემდეგაც აკადემიის საბჭომ, როგორც საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა შესთავაზა. მას საშუალება ეძლეოდა, ლექციები წაეკითხა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, მაგრამ უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ II კურთხევა სხვაგვარი იყო: მღვდელმონაზონ ილიას სამშობლოში უნდა დაეწყო მოღვაწეობა. მან უარი თქვა საპატიო კარიერაზე, სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად გამწესდა. ამავე 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს - არქიმანდრიტის ხარისხში. 1963 წელს, ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, როცა რუსეთში ხუთი სემინარია, მრავალი ტაძარი და მონასტერი დაიხურა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II საქართველოში სასულიერო სასწავლებლის გახსნა მოახერხა, რომელსაც, მეტი სიფრთხილისათვის, "საღვთისმეტყველო კურსები" დაარქვეს. სწორედ ამ "საღვთისმეტყველო კურსების" პირველ დირექტორად დაინიშნა არქმიანდრიტი ილია. 1963 წლის 26 აგვისტოს, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II მიერ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმანდრიტი ილია ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად. აჭარაში შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 1967 წელს იგი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო. ამავდროულად იგი მოღვაწეობდა ქართული ეკლესიის მღვდელმსახურთა ახალი კადრების მომზადების სფეროში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი - 1963 წლიდან 1972 წლამდე. 1972 წელს ჯილდოდ მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს - უფლება სკუფიაზე ჯვრის ტარებისა. 1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია. 1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II. ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 390-400 წლებში. 1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: ღვთის განგებით, მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება. მაშინდელ ეკლესიას, შეიძლება ითქვას, მრევლიც ჰყავდა. თვით პატრიარქის წირვა-ლოცვას ათიოდე კაცი ესწრებოდა. და, აი, მოხდა საოცრება: სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარიც და მისი ეზოც ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებითა და ახალგაზრდებით გაივსო. ეკლესიისადმი ასეთი თანაგრძნობა კომუნისტური რეჟიმის დროს პირველი იყო. როგორც ჩანს, ხალხმა იგრძნო, რომ საქართველოს ცხოვრებაში რაღაც ახალი, ძალზე მნიშვნელოვანი იწყებოდა. "ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა", _ ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. 1990 წელს უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ხანგრძლივი და დაუღალავი შრომით მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა მტკიცების სიგელი, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს უწმიდესი ეკლესიის ავტოკეფალია. კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს ეკლესიის წმიდათა დასს მრავალი წმიდანი შეემატა - წმიდა ილია მართალი (XIX-XX ს.), წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე (XX ს.), ღირსი მამა ამბროსი (აღმსარებელი) ხელაია (XX ს.), ალექსი ბერი (შუშანია) (XX ს.), წმიდა მიტროპოლიტი ნაზარი სამღვდელო დასთან ერთად (XX ს.), წმიდა ნინოს მშობლები - ზაბულონი და სოსანა (IV ს.), წმიდა თეოდორე კველთელი (XVII ს.), წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე ოქროპირიძე (XIX ს.), წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) (XIX ს.), წმიდა ცოტნე აღმსარებელი (XIII ს.), აჭარაში თურქთაგან წამებულნი მამანი და დედანი (XVIII ს.), პეტრე I (V ს.) - წმიდა მეფის, ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწე კათოლიკოსი, სამუელ I (V-VI ს.) - პეტრე I შემდგომი კათოლიკოსი, მელქისედეკ I (XI ს.) - სვეტიცხოვლის განმაახლებელი, საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი, ზოსიმე II - ეპისკოპოსი კუმურდოელი (XV ს.) დიდი მოღვაწე, ჰიმნოგრაფი და მქადაგებელი, კლარჯეთის უდაბნოს ღირსნი მამანი და დედანი (IX ს.), მღვდელმონაზონი თევდორე აჭარელი (XVIII-XIX ს.) - ათონის მთაზე ოსმალთაგან ქრისტეს სარწმუნოებისათვის წამებული. მღვდელმონაზონი ილარიონ ქართველი (ყანჩაველი) (XVIII-XIX ს.) - იმერეთის მეფის, სოლომონ II მოძღვარი, აბუსერიძე ტბელი (XIII ს.), ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი და ჰაგიოგრაფი, საქართველოს მთლიანობისთვის თავდადებული, ექვთიმე თაყაიშვილი (XIX-XX ს.) დიდი მეცნიერი და მოღვაწე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მებრძოლი, ეროვნული საგანძურისა და სიწმიდეების გადამრჩენელი, უღმრთოთაგან დევნილი. კირიონ II (საძაგლიშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (XIX-XX ს) - გამოჩენილი საეკლესიო და ეროვნული მოღვაწე, მკვლევარი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის დევნილი, მოწამეობრივად აღსრულებული. 1988 წელს მისი უწმიდესობის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო და მეცნიერებათა აკადემიები. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა მრავალი სასულიერო სასწავლებელი, გიმნაზიები, სხვადასხვა საერო უნივერსიტეტებში დაარსდა საღვთისმეტყველო კათედრები, სადაც ლექციებს კითხულობენ თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულნი. უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებული, გამოდის საეკლესიო ჟურნალ-გაზეთები, საეკლესიო კალენდრები, საღვთისმეტყველო წიგნები. საპატრიარქოსთან შეიქმნა მისიისა და ევანგელიზაციის, ხალხური რეწვის, საგარეო-ეკონომიკური, საფინანსო-სამეურნეო, სიმწმიდეთა მოძიების, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებები, პრესცენტრი, ხუროთმოძღვრების, საეკლესიო გალობის აღდგენისა და შემსწავლელი ცენტრი, სასწავლო კომიტეტი. 2001 წლიდან ეთერშია საპატრიარქოს რადიო "ივერია", რომლის მაუწყებლობა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთში. საპატრიარქო რეზიდენციაში პერიოდულად იმართება სამეცნიერო კონფერენციები აქტუალურ თემებზე. სადაც სასულიერო პირები და მეცნიერები ერთობლივად განიხილავენ ჩვენი ქვეყნსათვის საჭირბოროტო, პრობლემატურ საკითხებს. საპატრიარქოში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ორგანიზაცია "ძლევაი", ჩამოყალიბდა საქველმოქმედო ფონდი "ლაზარე", რომელიც სოციალურად დაუცველ ფენებს უწევს დახმარებას, დაარსდა მოხუცებულთა თავშესაფარი, მოწყალების სახლი. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, გაიხსნა ობოლ ბავშვთა სახლები ძეგვში, ბედიანში და ზესტაფონში, სადაც მონასტრები მფარველობენ მზუნველობას მოკლებულ ყმაწვილებს. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II მოინახულა საუკუნეთა მანძილზე სამშობლოს მოწყვეტილი ფერეიდნელი ქართველები. აღსანიშნავია, რომ ისტორიული ძნელბედობის გამო საქართველოს სხვა პირველ იერარქებს მანამდე ამგვარი შესაძლებლობა არ ჰქონიათ. პატრიარქ ილია II ასევე აქტიური ურთიერთობა აქვს თურქეთში, საინგილოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებთან. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში გაიხსნა ეკლესიები და მონასტრები, აშენდა ახალი ტაძრები. ცნობისათვის: 25 წლის წინ საქართველოში მხოლოდ 48 მოქმედი ეკლესია იყო, დღეს მათი რიცხვი 800-მდეა. 25 წლის წინ 40-მდე სასულიერო პირი გვყავდა, დღეს 1000-მდეა. საქართველოს ეპარქიათა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. აღსდგა ტაო-კლარჯეთის ისტორიული ეპარქია და დაარსდა ახალი - დასავლეთ ევროპის მიტროპოლია. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთის და თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭა. ასეთივე ხარისხი მიანიჭა 1997 წელს მას კრეტის მეცნიერებათა აკადემიამ. იგი არჩეულია მოსკოვის ინფორმატიზაციის აკადემიის წევრად, 2002 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭეს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მოღვაწეობას უკავშირდება. 2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაიდო საკონსტიტუციო შეთანხმება, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და განისაზღვრა ეკლესიის ადგილი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევითა და ღვაწლით თბილისში აშენდა წმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი, როგორც ქართველი ერის ღვთისაგან სინანულით მოქცევის სიმბოლო. და ეს, მხოლოდ არასრული, მოკრძალებული ჩამონათვალია იმ წმინდა ღვაწლისა, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა პარტიარქმა საქართველოსმა, ილია II გაიღო ღვთისმშობლის წილ-კურთხეული საქართველოსთვის - სამშობლოსთვის უცხოელი მამები ჩვენს პატრიარქზე მამა ბესარიონი, ათონის მთის ზოგრაფის მონასტრის წინამძღვარი: უწმინდესმა ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ათონზე სტუმრობისას მე იგი არ მინახავს. მსმენოდა, რომ ქართველებს განსაკუთრებული პატრიარქი ჰყავთ, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა; ეს საოცარი სულიერების მქონე ბერია, სწორედ ისეთი, როგორებიც ძველ ათონზე მოღვაწეობდნენ; მის შესახებ ბევრი წავიკითხე წიგნში, რომელიც სქემარქიმანდრიტ ვიტალის ცხოვრებაზე მოგვითხრობს... წავიკითხეთ აგრეთვე 2004 წლის სააღდგომო ეპისტოლე და დავინახეთ, რომ ეს მართლაც წმიდა ადამიანია; ასეთ ადამიანებს პატივი უნდა მივაგოთ და თაყვანი ვცეთ, რადგან მათზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, ისინი გვიჩვენებენ სწორ მართლმადიდებლურ გზას. მამა ამბროსი, ათონის მთის ზოგრაფის მონასტრის წინამძღვარი: ვფიქრობ, რომ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II სახით ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მამასთან გვაქვს საქმე; ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ გახლავთ; როდესაც იგი ათონის მთაზე ჩამობრძანდა, თვით უდიდესი მამებიც კი გაოცებულნი იყვნენ მისი სიბრძნითა და სულიერებით. ბედნიერია ქვეყანა, რომელსაც ასეთი მწყემსმთავარი ჰყავს. მე მჯერა, რომ ივერია გაბრწყინდება. მამა კალინიკე, ივერონის მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, მღვდელმონაზონი: საქართველოს ეკლესიას გამორჩეული მწყემსმთავარი ჰყავს და თავმდაბალი და მოღვაწე მღვდელმთავრები. მე საქართველოს პატრიარქი გავიცანი ჯერ კიდევ მაშინ, როცა იგი ეპისკოპოსი იყო, კუნძულ როდოსზე, მართლმადიდებელთა სინოდზე. იგი გამორჩეულად თავმდაბალი ადამიანია, ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით აღსავსე. მთელი გულით უყვარს თავისი სამწყსო და ეწირება მას. ჩვენი დელეგაციის ყველა წევრმა დაინახა, რომ ქართველ ხალხს გულწრფელად უყვარს თავისი პატრიარქი. დიმიტრი კუვერტალოვი (რუსეთი), სოფელ ლეტოვოს მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი: უწმიდესი ილია საოცრებაა... მის მხრებზე დგას მთელი საქართველოს ეკლესია... მარტო ის რად ღირს, რომ მან ეს თუნდაც მცირე - 15-20 წუთი ჩვენთვის გამოძებნა, თანაც მაშინ, როდესაც შორ გზაზე მიდიოდა და ძალიან ეჩქარებოდა... ეს ჩვენთვის ღვთის წყალობა იყო, ოღონდ რით დავიმსახურეთ, არ ვიცი... მასში იგრძნობა უნიკალური გონიერება, ისიც, თუ როგორ იცავს და ცვლის ადამიანს მადლი ღვთისა, მასში საერთოდ არ არსებობს ადამიანური სისუსტეები, იმდენად ნათელი და მოქნილი გონება აქვს, ყურადღებიანი მზერა, თითოეულისთვის მოახერხა ყურადღების დათმობა, მოსიყვარულე სიტყვის თქმა... ჯგუფის თითოეულ წევრს მოეფერა უწმიდესი, ეს წარმოუდგენელია... შთაბეჭდილება ენით აუწერელია... ეს განსაკუთრებული უნარი და ნიჭია, რომ ყველასთვის შეძლო ყურადღების მიქცევა... ეს არის ბრძენი და კეთილი მწყემსი... სხვა სიტყვები არა მაქვს, სახარებისეულად კეთილი და ბრძენია... ძალიან სულიერი ადამიანია, წარმოუდგენლად!" ნიკოლოზ კასიანოვი (რუსეთი): მე თქვენს უწმიდესს ადრეც შევხვედრივარ ზაგორსკში, როდესაც იგი ჯერ კიდევ აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო; ჩვენ ვგალობდით, როდესაც იგი შემოვიდა, ჩუმად, უხმაუროდ მოვიდა გუნდთან, სწორედ ჩემს გვერდით დადგა და რიგითი მგალობელივით იგალობა... თავზარდაცემული ვიყავი... საოცარი მუსიკალურობის გარდა მისგან მაშინვე ისეთი საოცარი სულიერი სითბო მოდიოდა, რომ ტირილი მომინდა... გალობის დასრულების შემდეგ მე მისგან კურთხევა ვითხოვე და მთელი ამ წლების მანძილზე ისეთი შეგძნება მქონდა, რომ მან ჩემი შინაგანი განწყობა იგრძნო... სულ მალე იგი პატრიარქი გახდა... დეკანოზი ჰენრიკ პაპროცკი (პოლონეთი): უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს პირველად 1995 წელს შევხვდი, როდესაც საქართველოში წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის შესახებ ფილმის გადასაღებად ჩამოვედი; უწმიდესი ილია საოცარი ადამიანია; ხშირად მასთან ურთიერთობისა თუ საუბრისას მიგრძვნია, რომ ეს არ არის უბრალოდ, ადამინი, იგი ზეციური სტუმარია დედამიწაზე... ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი მწყემსმთავარი ჰყავს, რამეთუ მას გადაშენება არ უწერია... მღვდელმონაზონი ნიკანორი, ათონის მთის ქილანდარის (სერბული) მონასტრის ანტიპროსოპი: საქართველოში პირველად ვარ და მან ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ უწმიდესი ილიას სახით მე ძველი დროის ბერი ვიხილე... იგი ძალზე უყვართ საქართველოში და განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ქართველებმა კიდევ არ იციან, რა არამიწიერი ღვთიური წყალობა მიუმადლებია მათთვის უფალს... ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენ რჩეული ერი ხართ... დეკანოზი ანდრია კოტრუცა: ადრე მხოლოდ გაგონილი მქონდა, რომ საქართველოს ჰყავს პატრიარქი. ახლა წილად მერგო ბედნიერება, შევხვედროდი უნეტარეს პატრიარქ ილიას. მისგან ისეთი გასაოცარი სითბო ვიგრძენი, რაც აქამდე არასოდეს მინახავს. ამ შეხვედრის შემდეგ უკვე აღარ მიკვირს, რომ ქართველები ასეთი განსაკუთრებული ხალხი ხართ; უწმიდესი ილია თავისი სიყვარულით, რწმენით, ლოცვით ამას აფრქვევს თავის ხალხზე. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩქარობდა, შორ გზაზე მიდიოდა, არ გვაგრძნობინა დროის სიმცირე, შეყოვნდა ჩვენს გამო, ყველას მოგვეფერა, განსაკუთრებული სითბო და სიყვარული გვიწილადა; ეს განსაკუთრებული ადამიანია, არავის არ ჰგავს; ვისურვებდი, რომ მისი ხალხი ღრმადმორწმუნე იყოს, რომ ისინი შეგროვდნენ პატრიარქის გარშემო. ქრისტოს კანავასი, ბერძენი ლიტურგისტი: საქართველოში პირველად ჩამოვედი; ძალზე ბედნიერი და მადლობელ ვარ, რომ მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით შესაძლებლობა მომეცა, საკურთხეველში დავსწრებოდი წირვა-ლოცვას. მინდა გითხრათ, რომ ლიტურგიის ის უძველესი ტრაციდიები, რაც საუკუნეების წინ არსებობდა, მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაშია შემორჩენილი; ეს მხოლოდ და მხოლოდ უწმიდესი ილიას დამსახურებაა... ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი პატრიარქი ჰყავს; თქვენ ბედნიერი თაობა ხართ, რომ მის დროს ცხოვრობთ და იცნობთ მას, კურთხევას იღებთ მისგან. ეს უდიდესი მადლია... ჭაბუა ამირეჯიბი: თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ ილია II, გთხოვთ მერწმუნეთ, დაბნეული ვარ თქვენი ზრუნვითა და ყურადღებით ჩემ გამო. დაბნეული ვარ იმითაც რომ ბოლომდე ვერ გამიგია, თუ როგორ დავიმსახურე დიდი წმინდა გიორგის ორდენი, ისიც მეორემ ჩვენს ქვეყანაში. თქვენს ამ ჯილდოს ვერავითარი მადლობა ვერ გასწვდება. თქვენი მოღვაწეობა და მუხლჩაუხრელი გარჯა ჩემთვის და ყველა ქართველისათვის მისაბაძი მაგალითია. თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, ვინც ცოცხლობს და მოღვაწეობს, იმისათვის, რომ ქართველ ერს, ყოველ ადამიანს გვასწავლის როგორი ცხოვრებისა და ძალისხმევით უნდა შევძლოთ, შევეცადოთ მომავალს საკუთარი ღირსეული ცხოვრების მომავალი დაუტოვოთ. ზეცა _ უფალს მუხლმოდრეკით ვევედრები მივანიჭოთ მხნეობა და ჟამი კვლავაც ჩვეული მხნეობით ვემსახუროთ მართლმადიდებლობის განმტკიცებას, ქართველი ერის ყველა გასაჭირიდან ხსნით და მარილის არსებობისათვის. ვესალმები თქვენს საიუბილეო თარიღს მთლიანად ჩემი მოდგმის, მათ შორის სამოცდასამი ამირეჯიბის სახელითაც, ექვსასი წლის წინ მონღოლებმა ერთ დღეს რომ დააყრევინეს თავები ქრისტიანობისათვის და დაუმორჩილებელი ქართველობისათვის, გესალმებით ყველას სახელით ვისაც წარსულში უტარებია და ამჟამადაც ატარებს ამირეჯიბთა გვარს. გილოცავთ ჩემი საკმაოდ მრავალრიცხოვანი ნაგრამისა და ჩემი სიცოცხლისა და წიგნების მოამაგის, ჩემი თავგანწირული მეუღლის, ქალბატონ თამარ ჯავახიშვილის სახელითაც. დღეგრძელობასა და დასახული მიზნების განხორციელებას ვუსურვებ უწმინდესსა და უნეტარეს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, წრფელი გულითა და სასოებით, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი შეისმენს ჩემს ვედრებას. ქედმოხრით, უღრმესი პატივისცემით ჭაბუა ამირეჯიბი. თბილისი. 16.06.2009. უკან დაბრუნება |