თამთა ცხვიტავა: ბუნებრივია, ყველას ვერ მოეწონები

დიდი ხანი არ არის, რაც მომღერალი თამთა ცხვიტავა ფართო საზოგადოებაში გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ორი წლიდან მღერის და ყოველთვის მუსიკით იყო დაკავებული. წლების განმავლობაში, ძირითადად ბარში მღეროდა. იცოდა, ბარის გარდა უფრო მეტი არეალი იყო საჭირო, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ ამას თავისით ვერ შეძლებდა. თამთას ამ მხრივ ძალიან გაუმართლა, იგი ახლადგახსნილმა ხმის ჩამწერმა სტუდია _ ,,ბრავო რეკორდსმა" აღმოაჩინა და ამ სტუდიის პირველი სახეც გახდა. მომღერალი, ამჟამად ძალიან დაკავებულია, მუშაობს ახალი სიმღერების ჩაწერაზე და პერიოდულად კონცერტებსაც მართავს. აღსანიშნავია, რომ თამთა ცხვიტავა საკმაოდ განსხვავებულ სტილში მღერის, იგი სპეციფიური ხმისა და ტემბრის პატრონია, როგორც თავად აღნიშნავს, ეს ზოგს მოსწონს და ზოგს - არა, თუმცა იმედი აქვს, რომ სამომავლოდ მისი მსმენელთა რიცხვი გაიზრდება. 

- თამთა, რა ასაკიდან მღერით?

- ორი წლიდან ვმღერი, ანუ მთელი ცხოვრება; საბავშვო ბაღში, სკოლაში, სოხუმის ბავშვთა ინტერნაციონალურ კაპელაში, რომელიც საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ძლიერი ბავშვთა გუნდი იყო, სკოლის ანსამბლში.  ძალიან მუსიკალური ოჯახი მაქვს, დედას კონსერვატორია აქვს დამთავრებული. ჩვენს სახლში ყველა მღეროდა და არავის გაჰკვირვებია, რომ სიმღერის ნიჭი მეც აღმომაჩნდა. სხვა ბავშვებისგან განსხვავებული ტემბრი მქონდა, უბრალოდ კი არ ვმღეროდი, არამედ ხმაც მქონდა გამორჩეული. 

- სერიოზული ნაბიჯები სცენაზე როდის გადადგით?

- თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის დროს. მე მუსიკალური თეატრის სამსახიობო, ანუ მუსკომედიის ფაკულტეტი დავამთავრე. შწორედ, ინსტიტუტში მიწევდა სხვადასხვა კონცერტებზე გამოსვლა. მესამე კურსზე, რომ ვიყავი, სამი-ოთხი თვის განმავლობაში მე და ჩემი მეგობარი ბარში ვუკრავდით. ის უკრავდა, მე ვმღეროდი და ასე, ერთობლივად ვმუშაობდით. 

- დრამისა და მუსიკის თეატრში ინსტიტუტის დამთავრებისთანავე აღმოჩნდით?

- მესამე კურსზე რომ ვიყავით, ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელმა გიგა ლორთქიფანიძემ, ყველა მუსკომედიის თეატრში წაგვიყვანა და სხვადასხვა სპექტაკლებში ვმონაწილეობდით. თეატრში 2007 წლამდე ვიმუშავე.

- რატომ აღარ ხართ დღეს ამ თეატრში?

- დათო დოიაშვილის ხელმძღვანელობიდან ორი წელი ვიმუშავე, შემდეგ კი ასე მოხდა, რომ შემცირებაში მოვყევი. კარგია, რომ გამომიშვეს, რადგან პარალელურად ბარში ვმღეროდი და ეს ორი საქმე ერთდროულად არ გამოდიოდა. საკუთარი სურვილით კი თეატრს ვერ ვტოვებდი. ბარში, სადაც 2001 წლიდან ვმღეროდი, ხელფასის გამო წავედი, რადგან  თეატრში ორმოცდაათი ლარი მქონდა. ჯერ გიტარისტთან ერთად ვმუშაობდი, მერე კი ჩემს მეუღლესთან _ პაატასთან, რომელიც პიანისტია.

თამთა ცხვიტავა: ბუნებრივია, ყველას ვერ მოეწონები

- ბარში სიმღერა რამდენად საინტერესოა?

- საინტერესოა, იმიტომ, რომ ბარს სულ სხვა დატვირთვა აქვს. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ვიმღერებდი მხოლოდ ბარში და არა _ რესტორანში. ღადგან ბარში იმას ვმღერი, რაც მომწონს და რაც მიხდება, რესტორანში კი ამის საშუალება არ მომეცემოდა. ჩემი მუსიკა ფონურია, რომელიც დამღლელი არ არის და ჩვეულებრივი მუსიკისგან განსხვავდება. ბარში, ხალხი სპეციალურად ჩვენს მოსასმენად მოდიოდა. ეს ძალიან სასიამოვნოა, როცა იცი, რომ ადამიანი დასალევად და დროის სატარებლად კი არა, არამედ შენს მოსასმენად მოდის. 

- საკმაოდ განსხვავებული ჟანრის მუსიკას მღერით და თქვენი ხმაც სპეციფიურია, როდის აღმოაჩინეთ, რომ ამ სტილში უნდა გემღერათ?

- მე ყოველთვის ჩემებური რეპერტუარი მქონდა, რაც სხვა სიმღერებს არ ჰგავს. თავიდან კლასიკას ვმღეროდი და კონსერვატორიაშიც მინდოდა ჩაბარება. თუმცა აღმოჩნდა, რომ  ჩემი ხმა საოპერო არ არის. ოპერას უფრო მაშტაბური ხმა სჭირდება. რადგანაც კონსერვატორიაში აღარ ჩავაბარე, მერე უკვე თეატრალურ ინსტიტუტში მოვხვდი. ღია კარის დღე გაიმართა, რადგანაც ინსტიტუტში მუსკომედიის ჯგუფი დიდი ხანი არ იყო. ამ დღეზე შემთხვევით მოვხვდი, სადაც ბატონი გიგა ლორთქიფანიძე ჯგუფს ქმნიდა. ვიმღერე და მას ძალიან მოვეწონე. ჩემმა მუსიკის პედაგოგმაც თეატრალურში ჩაბარება მირჩია. კონსერვატორიაში რომ ჩამებარებინა, უნდა მოვმზადებულიყავი, რეპერტუარი შემედგინა და შესაბამისად, კიდევ ერთი წელი მემეცადინა. აქ კი რაც მქონდა, ის სიმღერები შევასრულე, მეტყველებაშიც მოვემზადე და ეს სტილი, რომელშიც ახლა ვმღერი, თეატრალურში სწავლის დროს მოვიდა. იქ კლასიკას, ოპერეტას, მიუზიკლს, ჯაზსაც ვმღეროდი. კონსერვატორიაში ამდენი ჟანრის შერულების შესაძლებლობა არ მომეცემოდა. იქ ან მხოლოდ კლასიკური მომღერალი ვიქნებოდი, ანდა კამერული. ძალიან კარგია, რომ თეატრალურში მოვხვდი. ქართული სიმღერაც უფრო გვიან მოვიდა.

- ანუ მანამდე მხოლოდ უცხოურ სიმღერებს ასრულებდით?

- დიახ, ჩემი რეპერტუარი უცხოური მუსიკისგან შედგებოდა. ერთხელ, ინოლა გურგულიას სიმღერა შევასრულე. ამის მერე აღმოჩნდა, რომ ქართული სიმღერაც მიხდება.

თამთა ცხვიტავა: ბუნებრივია, ყველას ვერ მოეწონები

- ახლა უკვე საზოგადოებამ ფართოდ გაგიცნოთ, აქამდე არ გიცდიათ, რომ ცნობილი მომღერალი გამხდარიყავით?

- ვეცადე, რომ ცნობილი სახე გამვხდარიყავი-თქო, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი. 2008 წელს მე და ჩემი მეუღლე რადიო ,,ნაცნობმა" ჩაგვწერა. მათ კარგი ფორმატი ჰქონდათ, ცოცხლად წერდნენ ცნობილ და ნაკლებად ცნობილ სახეებს. ჩემი შესრულების სტილი კი ამ ფორმატში ძალიან კარგად ჩაჯდა. იქ რამდენიმე სიმღერა ჩავწერეთ, როგორც ქართული, ასევე რუსული, ფრანგული და ინგლისური. ეს სიმღერები რადიოში ტრიალებდა, შემდეგ კი ,,იუ თუბი"-ზე ავტვირტთე და მოწონებაც დაიმსახურა. 

- რაც შეეხება ,,ბრავო რეკორდსს", მათ როგორ აღმოგაჩინეს?

- ბარ ,,პურპურში", სადაც ვმღეროდი, ბატონი ზაზა შენგელია ხშირად დადიოდა. აქედანაც მიცნობდა, მერე ჩემი ვიდეობიც ნახა ,,იუ-თუბიზე" და გადაწყვიტა, მათი პირველი სახე გავმხდარიყავი. ერთ დღეს ბატონმა ზაზამ ,,ფეისბუქზე" მომწერა და მობილურის ნომერი გამომართვა. ეს დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა. მეც არ დავფიქრებულვარ და ნომერი ეგრევე მივწერე. არ მეგონა თუკი ამას რამე მოყვებოდა. შემდეგ ბატონმა ზაზამ დამირეკა და მითხრა, სტუდია გავხსენით და გვინდა ხელი მოგკიდოთო. ისე დავიბენი, რომ ვერც მივხვდი რას მეუბნებოდა. მაგ მომენტში სტუდია უფრო მაინტერესებდა და შევეკითხე, როიალი გაქვთ-მეთქი? ბოლოს მითხრა, რომ შენ და შენი მეუღლე მოდით და უკეთ აგიხსნითYყველაფერსო. მეორე დღეს მე და პაატა მართლაც მივედით, ყველა ძალიან თბილად დამხვდა. თითქოს უკვე მიცნობდნენ. მერე ხუთწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ, ალბომიც ჩავწერეთ და პრეზენტაციაც გვქონდა. 

- თამთა, ასეთ წარმატებაზე ადრე გიფიქრიათ? 

- ყოველთვის ვფიქრობდი იმაზე, რომ უკეთესი იქნებოდა გამოვჩენილიყავი და სულ ბარში არ მემღერა. მაგრამ საკმაოდ ინერტული ადამიანი ვარ და მე იმის გამკეთებლი ნამდვილად არ ვიყავი, რომ საზოგადოებაში თავად გამოვჩენილიყავი. ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, რომ ,,ბრავო რეკორდსმა" შემამჩნია და დამეხმარა წარმატების მიღწევაში.

- ამისათვის იმიჯის შეცვლაც დაგჭირდათ, ხომ?

- დიახ, იმიჯი მთლიანად შევიცვალე, წონაშიც მოვიკელი. ვარჯიში დავიწყე და დიეტა დავიცავი. ჩემს გარეგნობასა და ჩაცმულობაზე ჯიჯი რეჯინმა იზრუნა. მთლიანობაში კი იმიჯსა და რეპერტუარზე ,,ბრავო რეკორდსმა" იმუშავა. მე, მხოლოდ სიმღერა მევალება.

- როდესაც ასეთი შემოთავაზება მიიღეთ, როგორი შემართებით იყავით, გჯეროდათ, რომ ეს პროექტი გაამართლებდა?

- შეიძლებოდა, რომ რაღაც ისე არ გამოსულიყო, ბევრს არ მოვწონებოდი, მაგრამ ეს ისეთი შანსი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა გამომეყენებინა. სხვანაირად მე ვერ გამოვჩნდებოდი. მომავალში რა მოჰყვება ამას და როგორი შეფასებები ექნება ჩემს სიმღერას, ამას უკვე დრო გვიჩვენებს. ჩემი მსმენელი ადრეც მყავდა, დღეს კი მათი რიცხვი უფრო გაიზარდა. სხვათაშორის, რადიკალურად განსხავავებულ შეფასებებს ვიღებ, ვიღაცას ძალიან მოსწონს ჩემი სიმღერები, ვიღაცას კი პირიქით. ამაში გასაკვირი არაფერია და ამისთვის წინასწარ მზად ვიყავი. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი მსმენელი მეყოლება. საკმაოდ სპეციფიური ხმა, ტემბრი და რეპერტუარი მაქვს, რაც ბუნებრივია ყველას ვერ მოეწონება.

თამთა ცხვიტავა: ბუნებრივია, ყველას ვერ მოეწონები

- სამომავლოდ რა გეგმები გავქთ?

- ჯერჯერობით ამას დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, რადგანაც ჩვენ ალბომის გაყიდვა დავიწყეთ და არ ვიცით, როგორი გამოხმაურება ექნება. ხუთწლიანი კონტრაქტი იმას გულისხმობს, რომ კიდევ ჩავწერთ ალბომებს, კონცერტებიც მექნება და გასტროლებიც. შარშან, დეკემბერში გამართულ კონცერტზე, ორკესტრის თანხლებით ვმღეროდი, კონცერტი გაზაფხულზე, 4 მარტსაც მქონდა, რომელიც უფრო კლუბური ვარიანტი იყო და ბენდის თანხლებით ვიმღერე. იქ ალბომის გარდა, სიმღერები ჩემი ძველი რეპერტუარიდანაც შევასრულე. ახლა ისეთი დაკავებული ვარ, რომ სხვა რაღაცეებზე ვერ ვფიქრობ.


უკან დაბრუნება