ლაშა ჟვანია: ისრაელი ჩემი მეორე სამშობლოა

ავტორი

თინათინ რეხვიაშვილი

ბატონი ლაშა ჟვანია პროფესიით დიპლომატია, ამჟამად პატრიარქის საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობს. მისი წინაპრები სამეგრელოდან, ზუგდიდის რაიონის სოფელ ძველი კახათიდან არიან. შარშან ბებია-ბაბუის სახლში იმყოფებოდა და ამბობს, რომ ისეთივეა, როგორიც ბავშვობაში. 14 წლის იყო, როცა პირველად ისრაელს ეწვია. იქ დედის მხრიდან ბაბუა გაიცნო, რის შემდეგაც ჩანახატის სახით ფილმი გადაიღო, სახელად - ,,სტუმრად ბაბუასთან". მაშინ, 1998 წელი იყო, ყველას ეგონა ფილმი რომელიმე სოფლეში იქნებოდა გადაღებული, არადა სინამდვილეში იღებდა ადამიანს, რომელიც შორტებით თელავივის ქუჩებში დასეირნობდა.

- როგორი იყო თქვენი სტუდენტობა?

- სტუდენტობა რთულ პერიოდს დაემთხვა. ეს იყო 90-იანი წლები, როდესაც ახალგაზრდებისთვის გარეთ სიარული საშიში იყო. კარგი კურსი შევიკრიბეთ, სწავლის გარდა სხვა არაფრისთვის გვეცალა. გონებრივ განვითარებასა და პროფესიონალიზმზე ვიყავით ორიენტირებულნი. რაშიც დიდი წვლილი უფროსი თაობის იურისტმა, ბატონმა დავით უსუფაშვილმა შეიტანა. ახალგაზრდა იურისტები შეგვკრიბა და ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ჩამოყალიბება შემოგვთავაზა, რომელიც დამწყები იურისტების პროფესიონალიზმზე იქნებოდა ორიენტირებული. ჩვენი სწავლის ძირითადი საფუძველი პატიოსნება და მიუკერძოებლობა იყო.

- თქვენ იყავით საქართველოს ელჩი ისრაელში, გაიხსენეთ ეს პერიოდი.

- ჩემი პოლიტიკური ბიოგრაფია საკმაოდ მდიდარია, თუმცა თავს მაინც დიპლომატად ვთვლი. პროფესიული მოღვაწეობა საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიწყე. დიპლომატისთვის მაქსიმუმი ელჩობაა, ისეთ ქვეყანაში კი როგორიც ისრაელია, სადაც რელიგიის, პოლიტიკის, კულტურის გადაკვეთა და მსოფლიოს გზაჯვარედინია, 2005 წელს ელჩად ჩავედი. არ არსებობს საერთაშორისო საკითხი, რომელიც ამ ქვეყანაზე არ იკვეთებოდეს. ამიტომაც მითხრეს, რომ თუ ისრაელში სამუშაოს თავს კარგად გავართმევდი, მაშინ ყველგან წარმატებული ვიქნებოდი.

ლაშა ჟვანია: ისრაელი ჩემი მეორე სამშობლოა

- გაიხსენეთ თქვენი პირველი შეხვედრა პატრიარქთან.

- ეს იყო ჩემი ნათლობის დღეს, 1980 წლის იანვარში, სიონში. მაშინ, უწმინდესიც ამავე ტაძრის ეზოში ცხოვრობდა. ჩემმა ნათლიამ დაინახა, რომ პატრიარქი სიონის ეზოში დადიოდა და მასთან მიმიყვანა. მან დამლოცა, გულში ჩამიკრა და მომეფერა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბავშვი ვიყავი ეს ყველაფერი კარგად მახსოვს. მეორედ მას 1987 წელს,  14 წლის ასაკსი შევხვდი. გრიგოლ ჩიგოგიძემ ახალგაზრდები მიგვიყვანა, წამოსვლისას ყველაზე ბოლოს გამოვედი. მაგრამ დასამშვიდობებლად ისევ მივბრუნდი, როცა გამოვდიოდი უკან მივიხედე და დავინახე რომ ჯვარს მსახავდა. ეს დალოცვა დღემდე მომყვება და მიცავს. მაშინ ჯვრის გარდასახვამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სულ ვფიქრობდი რას ნიშნავდა, როცა ადამიანი ზურგსუკან ჯვარს გსახავს, გრძნობ, რომ გიცავს და შენთვის ლოცულობს. მივხვდი, რომ ჩემთვისაც ღმერთს რაღაც შესთხოვა.

- როგორ გახდით პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი და რა ღონისძიებას ახორციელებთ დღემდე? როგორც ვიცი მიმართულება შეიცვალეთ.

- მაშინ ეკონომიკის მინისტრობიდან წამოვედი, სახელმწიფო სამსახურში აღარ ვიყავი და საქართველოდან წასვლას ვაპირებდი. სწორედ მაშინ, 2010 წელს, უწმინდესმა თავისი ფონდის ხელმძღვანელობა შემომთავაზა, რომელიც იმ დროს ვაკანტური იყო. ამით მივხვდი, რომ პირდაპირ არ ამიკრძალა, მაგრამ წასვლაზე კურთხევაც არ მომცა. ასე დავრჩი უწმინდესის გვერდით და სანამ თავად არ მეტყვის, არ მოვშორდები. რაც შეეხება პროექტებს, ორი პროექტი გვაქცვს; ეს არის ინტელექტუალური ლაბორატორია, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ცოდნა სხვადსხვა მიმართულებით მიიღონ და არის მედიაციის პროექტიც, რომელიც მოლაპარაკების გზით, კონფლიქტების გადაჭრას ეხება. ეს პროექტი წარმატებით მიმდინარეობს.

- ძალიან ბევრჯერ ახსენეთ ისრაელი, რას ნიშნავს ეს ქვეყანა თქვენთვის?

- დედით ებრაელი ვარ. ყველა კენჭი და კუთხე-კუნჭული ვიცი. როდესაც ისრაელში ჩავდივარ გული ზუსტად ისე მიცემს, როგორც საქართველოში ჩასვლისას, ის ჩემი მეორე სამშობლოა.

- ფონდის სამომავლო გეგმების შესახებ გვითხარით.

- ახლა ფონდს საინტერესო პროექტი აქვს, ბატონი დავით იაკობაშვილის დახმარებით, ის მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენი, ქართველი-ებრაელი გახლავთ, რომელმაც კათალიკოს პატრიარქის ფონდს 350000 ლარი შესწირა. ეს თანხა უკვე განაწილებულია, სხვადასხვა პროექტების და კონკურსების დაფინანსებაზე. 

საბუთები 15 აპრილამდე მიიღება. ეს ყველაფერი ახალგაზრდებში წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას ემსახურება. სახელოვნებო სასწავლებლებშიც გაიცემა გრანტები. დაფინანსება პროექტები საღვთისმეტყველო თარგმანებთან დაკავშირებით, ასევე სოფლის მეურნეობისა და აგრომეცნიერების დარგში. 

ლაშა ჟვანია: ისრაელი ჩემი მეორე სამშობლოა

- მოგვიყევით ისრაელში მოღვაწე ადამიანებზე, რომლებიც მედიცინას ემსახურებიან. 

- დიახ, ესენი არიან ბატონი მერაბ იზრაელაშვილი, რომელიც იზრაელის ერთ-ერთ უდიდეს საავადმყოფოში განყოფილების გამგეა, ზაზა იაკობაშვილი - უმაღლესი დონის კარდიოლოგი, რომლის ბადალი მსოფლიოში ძალიან ცოტაა. ასევე ბატონი გურამ ბარნანი, რომელიც საუკეთესო გინეკოლოგია და საუკეთესო ექიმი ბატონი იოსებ დანიელაშვილი. გეამაყება, როცა ამბობენ, რომ საქართველოდან არიან. ისინი საქართველოს კარგი სავიზიტო ბარათები, ჩუმი და ხანდახან ხმამაღალი ,,ელჩებიც" არიან, არა მხოლოდ ისრაელში, არამედ მთელ მსოფლიოში.

- ისრაელში არის ქართული ტელევიზია, რომელიც ბატონმა ბორის ჯანაშვილმა გახსნა, ამაზეც მოგვიყევით.

- ეს ტელევიზია წელს 10 წლის გახდა. ბატონმა ბორისმა აღნიშნული კომპანია საკუთარი მხრებით ატარა და დღემდე მოიტანა. ეს იდეა ძალიან ახალგაზრდას გაუჩნდა და განახორცილა. ქართულ ენაზეა რადიო და სხვადსხვა საგაზეთო გამოცემები.  

- მოგვიყევით ისრაელში მოღვაწე ქართველ და ებრაელ ხელოვანებზე.

- პირადად ვიცნობ ბატონ კაკული გურიელაშვილს და ბორის ჯანაშვილს, რომლებიც არაჩვეულებრივად მღერიან. ორივე ძალიან მიყვარს. მათ გარდა სხვებიც არიან. ახლახანს, ქუთაისში ორ ებრაელ მომღერალს; ალექსანდრა პელეგის და ლუიზა მანაშეროვას კონცერტი ჰქონდათ. ალექსანდრა პელეგის რომანის მიხედვით ქუთაისში სპექტაკლიც დაიდგა, რომელიც ანშლაგით ჩატარდა. მათ შემოქმედებაში განსაკუთრებული ის არის, რომ ქალბატონი ლუიზა და ალექსანდრა ქართველი ებრაელების მიერ დაწერილ ლექსებზე სიმღერებს წერენ და პოპულარიზაციას უკეთებენ. ისინი ქართველი ებრაელები არიან.

- ებრაულ სამზარეულოშიც შევიხედოთ, თუ გავს რამით ჩვენი სამზარეულო ებრაულს და რომელია თქვენი საყვარელი ებრაული კერძი?

- ებრაული სამზარეულო ძალიან მდიდარია, რადგან მსოფლიო კულინარიის ნაზავია. ჩვენს სამზარეულოს ნაკლებად გავს. ებრაელები კარგი გურმანები არიან და ქართული საჭმელები ძალიან მოსწონთ. ყველა ებრაელი თემი თავის კერძს აკეთებს, თუმცა ტრადიციული და დამახასიათებელი სამი სახეობის არის: პიტა, ხუმუსი და ფალაფელი, რომელიც ისრაელში ყველაზე გავრცელებულია.

- რით არის გამორჩეული ებრაული ქორწილი?

- ებრაული ქორწილის გამორჩეული ნაწილია - ,,ქთუვა" - ანუ რელიგიური საქორწინო რიტუალი, რომელიც ბოლოს სიძის ხელმოწერით მთავრდება. სასიამოვნო და საინტერესო რიტუალია, რადგან ორი საყვარელი ადამიანი ახალ ოჯახს ქმნის.

 


უკან დაბრუნება