თინათინ ხიდაშელი: მე ვემორჩილები ქართველი ხალხის არჩევანს...!

ვაშა! საგარეჯოს ნამდვილი, გამოცდილი პოლიტიკოსი ეყოლება პარლამენტში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებიდან - არასამთავრობო სექტორიდან, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“ მოდის და კარგად იცის ხალხის გასაჭირი, პრობლემები...

 

საქართველოს სოფლის მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაშია, მათ ძირითად პრობლემას უწყლოობა და უგაზობა წარმოადგენს. ხალხი, იმედით ელოდება 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებს, სჯერათ, რომ საქართველოს ბედი კეთილღეობისკენ შემობრუნდება... 

ჟურნალი ,,ქართული ელიტა"" საგარეჯოს მაჟორიტარ კანდიდატს, ქალბატონ თინა ხიდაშელს ესტუმრა და რაიონის პრობლემებზე ესაუბრა: სჯერა, რომ სამართლიანობა იზეიმებს, თვითონ კი  მზადაა, გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლოს.

- ქალბატონო თინა, რა პრობლემების წინაშე დგას დღეს საგარეჯოს სოფლები და რამდენად მძიმეა მოსახლეობის სოციალური პირობები?

- საგარეჯოს მსგავსად პრობლემები, საქართველოს, თითქმის ყველა სოფელშია.  მე ახლა არ დამიწყია რეგიონებში სიარული, 2007 წლიდან ყველა კუთხე ფეხით მაქვს შემოვლილი.  საგარეჯოში გავიზარდე, ზაფხულს ყოველთვის აქ ვატარებ... 40 წლის განმავლობაში, რაიონში არაფერი შეცვლილა. ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ჩემი ბავშვობის დროს,  სოფელში გზა და წყალი არასოდეს ყოფილა, არც ახლაა. მხოლოდ, 2010 წლის არჩევნებამდე, გაიყვანეს მილები და წყალი მოსახლეობას, მხოლოდ ორი თვე მიეწოდებოდა. ამიტომ, ახლა უპირველესად, მოსაგვარებელი წყალი და გაზია. გარდა ამისა, სოფლებში არ დადის ტრანსპორტი და ბავშვებს სკოლამდე, ექვსი კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ, ამიტომ ხშირად, ზამთარში, სკოლაში ვერ დადიან. განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომ 6-12 წლის ასაკის ბავშვებში, წერა-კითხვის უცოდინარობის დონემ საგრძნობლად მოიმატა, სწორედ ამითაა განპირობებული. ჩვენი ქვეყნის ერთადერთი  ხსნა, განათლებული თაობაა. 

- ხელისუფლება გვპირდება, რომ არჩევნები სამართლიანი, დემოკრატიული და გამჭირვალე იქნება, ,,ქართული ოცნების" ლიდერები კი პირიქით, ამბობენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის თანაბარ პირობებში ჩატარების საშუალება არ ეძლევათ. 

- მე, არ ვეკუთვნი, იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც წუწუნებენ, პრობლემებს თვითონ ვუმკლავდები.

- ანუ გაყალბების შიში არ გაქვთ?

თინათინ ხიდაშელი: მე ვემორჩილები ქართველი ხალხის არჩევანს...!

- შიში არა, ხელისუფლების მხრიდან გაყალბების მცდელობას კი ველოდები. დარწმუნებული ვარ ამისათვის, მათ, რაღაც სქემები და გეგმები მოფიქრებული  აქვთ, თუმცა, თუ ასე მოხდა, ყველაფერი ძალიან მძიმედ დაუმთავრდებათ. 20 წელია არჩევნებს ვაკვირდები (იუგოსლავიდან და ბელორუსიდან მოყოლებული)  და  ის ფანტაზიები, რაც ხელისუფლებაში მყოფ პირებს, შეიძლება აზრად მოუვიდეთ, კარგად ვიცი.

- ,,ქართული ოცნება" საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ, არცერთ კვლევას არ ენდობა, რა შეიძლება იყოს საზოგადოების აზრის საზომი?

- საბჭოთა კავშირში, სოციალურ კვლევებს არ ატარებდნენ. საქართველო, დღეს ზუსტად ისეთივე ტიპის ქვეყანაა, ოღონდ ნაკლებად ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ლიდერით, როგორც საბჭოთა კავშირი. მიშა სააკაშვილის თქმით; ეს არის ქვეყანა, სადაც პოლიცია, ქვეყნის ხერხემალია. მაშინ, როდესაც დემოკრატიულ და ცივილიზებულ ქვეყნებში, ეს ეკონომიკა და თავისუფალი სიტყვაა. ნაციონალური მაუწყებელი კი პროპაგანდის იარაღად არის ქცეული. საბჭოთა კავშირიც სწორედ ორ ბერკეტს - პოლიციურ ძალადობას და პროპაგანდას ეყრდნობოდა. 

- არჩევნების შედეგებს, იმ შემთხვევაშიც თუ აღიარებთ, თქვენთვის არასასურველი შედეგი რომ მოჰყვეს?

- მე, ვემორჩილები ქართველი ხალხის არჩევანს.  ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ხალხის არჩევანს  პატივი ვცეთ და დავემორჩილოთ. თუმცა,  მიშა მაჭავარიანის მოგონილ სქემას, ნამდვილად არ დავემორჩილები.

- რა პოლიტიკური გეგმები გაქვთ, თუ უმრავლესობას ვერ მოიპოვებთ?

- არჩევნების წინ ამაზე არ საუბრობენ...

- მმართველი გუნდი ხშირად აღნიშნავს, რომ ,,ქართული ოცნება" წარსულში დაბრუნებაა. არგუმენტად კი კოალიციაში, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ყოფნას ასახელებენ...

- როდესაც ოთარ ხუფენიაზე საუბრობენ, ავიწყდებათ, რომ ის მიშა მაჭავარიანის მინისტრობის დროს  მუშაობდა. გარდა ამისა, რასაც თამაზ თამაზაშვილს აბრალებენ,  ტყუილია, ეს ყველაფერი, ზუსტად კომუნიზმის ეპოქის პროპაგანდაა. 

- საზოგადოებაში გავრცელდა ეჭვი, თითქოს ,,ქართული ოცნება" მხარდამჭერებს ყიდულობს, ამიტომ ზოგი კოალიციაში გაწევრიანებისგან თავს იკავებს, რათა ,,ნაყიდის" იარლიყი არ მიეწებოს...

- 2007 წელსაც, მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთ მხარეს იდგა... ყველა კრიტიკულ მომენტში, ასე ხდება. 

- ახლა, ბიძინა ივანიშვილს, ბევრი პოლიტიკოსი სთავაზობს კოალიციაში გაწევრიანებას, ისიც საბჭოს წევრებად მიღებას თანმხდება. ეს, ერთგვარი ტაქტიკა ხომ არ არის, მისი მხრიდან?

- ზოგადად ყველაფერი ტაქტიკაა... ტაქტიკაც და სტრატეგიაც.

- ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი პრიორიტეტი, დამოუკიდებელი სასამართლოა, თავის დროზე კი სწორედ, სააკაშვილი იყო სასამართლო რეფორმების ავტორი... 

- ამ რეფორმის ავტორი არა სააკაშვილი, არამედ ამერიკის სახელმწიფო იყო. ეს კიდევ ერთი მითია, რომელიც საქართველოშია შექმნილი. ამერიკამ,  საქართველოს, სასამართლოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის გაუწოდა ხელი,  ჩვენმა პრეზიდენტმა კი, როგორც კარგმა პიარშიკმა, ეს იდეა აიტაცა.

- ამ შემთხვევაში რას გვთავაზობს ბატონი ბიძინა? ახდება ქართული ოცნება? ანუ რა მექანიზმი არსებობს სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტად?

- ბიძინა ივანიშვილი და ,,ქართული ოცნება" საზოგადოებას სამართლიანობას ჰპირდება. კანონი ყველაზე მაღლა უნდა იდგეს. თანაბრად უნდა სჯიდეს და ათავისუფლებდეს.


უკან დაბრუნება