მამა ილია: ზოგიერთი სამღვდელო პირის საკუთრებაში ზედმეტად ძვირი მანქანები აღმოჩნდა

,,სხვა მორალური მდგომარეობაა ემბრიონის ბუნებრივი სიკვდილი, სხვა - ადამინის ხელით აღსრულებული“

არასწორი,  მოჭარბებული ინფორმაციის წყალობითა და ტოტალური გაუნათლებლობის ხანაში - მე-20 საუკუნეში, ადამიანებთან ურთიერთობა გართულდა... ყველა სფეროში უწიგნურობამ დაისადგურა და მხოლოდ კერძო ამბიციებისა და ვიწრო შეგნება-აზროვნებით წყვეტენ ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხებს - ,,ამას ეს, იმას ის... საქმეში განსწავლული ადამიანების გარეშეც შეიძლება ყველა საკითხის მოგვარება“.... ისმის სხვადასხვა ბნელი კულისებიდან...

საქვეყნოდ ატეხილ ხმაურიან ამბებზე - სხვადასხვა პრობლემებზე და მნიშვნელოვან საკითხებზე, ბოლნისის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმსახურს, მამა ილია ჭიღლაძეს  ვესაუბრეთ, თუმცა შეკითხვები მაინც ბევრი დარჩა ამოუწურავი და, მომავალშიც შევეცდებით მასთან მსგავს თემებზე ვისაუბროთ...

- რატომ ხდება ადამიანთა აღშფოთება  მოძღვრების ჯიპებზე და აქვს თუ არა მრევლს უფლება ამ საკითხის განხილვისა? შეიძლება თუ არა, რომ ასეთ გაჭირვებულ ქვეყანაში სასულიერო პირი ძვირადღირებული ავტომობილით გადაადგილდებოდეს? რა არის სიმდიდრე და როგორ უნდა ისარგებლოს ამით ადამიანმა?

- მოგესალმებით! უპირველად გისურვებთ ღვთის ულევ წყალობას თქვენ, თქვენი გაზეთის მკითხეველთ და ყოველ ადამიანს! ქრისტიანული ეთიკა ადამინისაგან მოითხოვს ზომიერებას ყოფით ცხოვრებაში, გმობს ფუფუნებას და ზედმეტ მიჯაჭვულობას ფულზე და სხვა მატერიალურ საგნებზე, ამას საეკლესიო ენაზე ვერცხლისმოყვარეობა და სახმართმოყვარეობა ჰქვია. რა თქმა უნდა, ჩვენ, სამღვდელოება ვალდებულნი ვართ ხალხს მაგალითი მივცეთ, როდესაც ადამიანები ხშირად ამ მაგალითის საწინააღმდეგოს ხედავენ, რა თქმა უნდა იწყება განკითხვა. ვფიქრობ, არცერთი საღი ჭკუის ადამიანი არ იტყვის რომ სასულიერო პირს არ ყავდეს ავტომობილი, იგი ხომ სწრაფი და პრაქტიკული გადაადგილების საშუალებაა, ე.წ. ჯიპის ტიპის მანქანა კი განსაკუთრებით პრაქტიკულია მთიან ადგილებში სასიარულოდ, სადაც ძირითადად არის მონასტრები და სხვა ძველი ტაძრები. ვფიქრობ, პრობლემა ჯიპში კი არაა, არამედ იმაში, რომ ზოგიერთი სამღვდელო პირის საკუთრებაში ზედმეტად ძვირი მანქანები აღმოჩნდა. სრული სინდისით ქრისტეში,  შემიძლია ვთქვა, რომ სასულიერო პირი არ შეიძლება ათიათასობით  დოლარის ღირებულების მანქანით დადიოდეს და მას გარედან დამშეული საზოგადოება შესცქეროდეს, ეს ამორალიზმია! ვფიქრობ წმინდა სინოდმა უნდა განსაზღვროს ზედა ზღვარი სასულიერო პირის მანქანის ღირებულებისა. სახარებაში უფალი მრავალგზის გვაფრთხილებს, რომ განვერიდოთ ფუფუნებას, ციტატების მოყვანა ზედმეტიც კია, რადგან მთელი სახარება ამაზეა დაფუძნებული, დაწყებული ძე ღვთისას შობით ბეთლემის გამოქვაბულ ბოსელში, დასრულებული მისი უკანასკნელი სერობით, რომელიც მწირობაში, სხვის სახლში აღასრულა. საერთოდ ადამიანი მიდრეკილია განკითხვისაკენ. განკითხვა ცოდვაა, მაგრამ უფრო მეტი ცოდვაა სხვისი დაბრკოლება, ამიტომ როდესაც გაიხსენებენ უფლის სიტყვებს: ”არა განიკითხო”, იქვე გაიხსენონ უფლის სხვა სიტყვებიც: ”რომელმან ერთი მცირედთაგანი დააბრკოლოს, უმჯებისია მისთვის მოიბას წისქვილის ქვა და წყალში შთაინთაქსო”.სიმდიდრე, თავისთავად, ბოროტებად არ განიხილება ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში, არამედ, როგორც ნიჭი ღვთისა, რომელიც ქველმოქმედებისათვის  უნდა მოვიხმაროთ.სამღვდელო პირი ვალდებულია იყოს  უფალ იესო ქრისტეს მიმბაძველნი, მისი ხატი და მსგავსი. ამდენად, ჩვენ არ გავქვს უფლება ისე ვიცხოვროთ, როგორც, მაგალითად, მდიდარი კომერსანტი, ან დიდი სახელმწიფო ჩინოვნიკი. უბრალოება და სიწმინდე უნდა იყოს სასულიერო პირის სახე და ქონება, და არა ძვირადღირებული მანქანები, თუ სხვა ქონებრივი აქსესუარები.სამწუხაროა, რომ ამაზე განმარტება გვიწევს.

 მამა ილია: ზოგიერთი სამღვდელო პირის საკუთრებაში ზედმეტად ძვირი მანქანები აღმოჩნდა

- რატომ არაა სუროგაციის მომხრე ეკლესია და რატომ ვერ იგებს და ვერ ითავისებს მრევლი, ანუ უშვილო, მორწმუნე წყვილი უფლის განაჩენს, რომ მათ შვილი არ ჰყავთ...

- სუროგაცია, როგორც არაბუნებრივი მეთოდი მიუღებელია ქრისტიანული მოძღვრებისათვის. სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვი, ორი დედის მქონეა.  სუროგატი დედა სხეულს აქირავებს, რაც პრაქტიკულად  არის  მრუშობა  სექსუალური კავშირის გარეშე. სუროგატ დედას არ შეუძლია და არც აქვს უფლება უყვარდეს მუცლად მყოფი შვილი, რადგან იგი უნდა გაასხვისოს. სწრედ ამიტომ სუროგაციით გაჩენილი ბავშვი უსიყვარულობით ნაშობია, მაშინ როდესაც მუცლად მყოფი ბავშვი მთელი სისავსით გრძნობს დედის ყოველ იმპულსს.  ვფიქრობ, საკამათო არ უნდა იყოს,  რომ  საკუთარი სხეულის  გაქირავება ფინანსური მოგების მიზნით არაა მორალური  და ასევე ამის დაკანონება სახელმწიფოს მიერ, ნიშანია  ადამიანის სოციალური დაუცველობის. სწორედ ამიტომ,  მრავალ განვითარებულ ქვეყანაში სუროგაცია ფინანსური მოგების მიზნით, მკაცრად აკრძალულია. შეიძლება ვთქვათ,  რომ სუროგატი დედობა არის ფინანსურად გაჭირვებული ადამიანის  დიდი პირადი ტრაგედია და ტრამვა. ეკლესია ლოცულობს, რომ ყოველ ოჯახს ჰყავდეს შვილები, მიესალმება სამედიცინო დახმარებას, მაგრამ ასეთი სახის არაბუნებრივი ჩარევა ბაბილონის გოდლის მაშენებელთა სულისკვეთებას ჰგავს: გაეტოლონ  ღმერთს! ეს კი,  რა თქმა უნდა,  მკრეხელობაა. მრავალი მორწუნე ადამიანი სასოებით ელოდება უფლის წყალობას და ლოცვით, ან ლოცვითა და ქრისტიანული ეთიკისათვის მისაღები სამედიცინო დახმარებით ელოდება შვილს,  მრავალს ეძლევა, მრავალს არ ეძელვა. შეიძლება გაჩნდეს კითხვა- რატომ? ღმერთი ხომ მრავალმოწყალეა და ყველასათვის ჰნებავს სიკეთე? მაგრამ ასევე გვახსოვდეს: ღმერთს ნებავს სიკეთე უპატრონოდ დარჩენილ ბავშვთათვისაც- მათი შვილად აყვანის სახით. ვიცნობ სასულიერო პირის ოჯახს, რომელმაც უშვილობის გამო იშვილა ორი ბავშვი, და მრავალი წლის შემდეგ, ისე რომ აღარც კი ფიქრობდნენ საკუთარ ბიოლოგიურ შვილზე, მოხდა სასწაული: ღმერთმა ისინი დაასაჩუქრა ბიოლოგიური შვილითაც. ადამიანთა ნაწილს ეზარება მადლის აღსრულება, ურჩევნიათ არ გაზარდონ სხვისი შვილი და საკუთარი ქონება ახლო ნათესავებს დაუტოვონ, ამას ვერ მოიწონებს უფალი. ზოგიერთნი შიშით უყურებენ უპატრონოდ დატოვებული ბავშვების გენეტიკას და თვისებებს, მაგრამ ჯერ ერთი, არჩევანი ყოველთვის არსებობს და მეორეც- უმთავრესია სწორი აღზრდა, ღვთისმოშიშებით აღზრდილი შვილი, თუ შვილებული ყოველთვის გამოიღებს კეთილ ნაყოფს.” ჰოი, ნათესავი ურწმუნო!”- 2000 წლის სწინ ბრძანა უფალმა და დღესაც კვლავ ისმის ეს სიტყვები, როგორც მსჯავრი და დიაგნოზი ცოდვით დაცემული კაცობრიობისა.

-  ოჯახი ხომ იმის გამო იქმნება, რომ წყვილს შვილი ჰყავდეს...რა უფრო ცოდვაა: ოჯახი დაინგრეს უშვილობის გამო, თუ სუროგაციით მიიღოს ოჯახმა შვილი და შენაჩუნდეს ოჯახი? 

ოჯახის ერთერთი ფუნქცია ნაყოფიერებაა, მაგრამ ეს არაა უმთავრესი. უმთავრესია ერთმანეთის შეწევნა, ანუ ცოლ-ქმარი ერთმანეთს უნდა ეხმარებოდეს მორალურად, ფიზიკურად და სულიერად ღვთის სასუფევლისაკენ მიმავალი ცხოვრების რთული და მძიმე გზის გავლაში. ყველასთვის ცნობილია რომ, პირველად ღმერთმა შექმნა მამაკაცი-ადამი, ხოლო გარკვეული ხნის შემდეგ, როდესაც მარტოდმყოფმა ადამმა  მოიწყინა, შემწედ და დამმხმარედ შეუქმნა  ცოლი- ევა. ამ ბიბლიური ამბით ჩვენ ვასკვნით, რომ მეუღლენი არიან გაჩენილნი ერთმანეთის შემწედ და დამხმარედ. გამრავლება არის გვირგვინი მათი თანაცხოვრებისა, მაგრამ არ შეიძლება თქმა, რომ უშვილო ცოლ-ქმრის თანაცხოვრება ქრისტიანული საზრისით რაიმენაირად გაუმართელებელი იყოს. ადამიანის, ამ შემთხვევაში, მეუღლეთა უმთავრესი დანიშნულება განღმრთობა და ღვთის სასუფევლის დამკვიდრებაა, ასევე  ურთიერთის დახმარება, ხოლო შვილიერება ზედნაშენია, რომელიც სასარგებლოა, მაგრამ არა აუციელებელი ცხონებისათვის. როდესაც საუბარია  ოჯახის დანგრევაზე უშვილობის მიზეზით, ვიტყოდი, რომ შეუძლებელია მეუღლეთა შორის ჭეშმარიტი სიყვარულის შემთხვევაში, უშვილობა გახდეს მიზეზი მათი ოჯახის დანგრევისა. 

- მოხსენიებულია, რომ სუროგაციის გზით განაყოფიერების დროს რამდენიმე ათეული ასე ვთქვათ ბავშვი იღუპება... ეს ბუნებრივი განაყოფიერების დროსაც ხომ ხდება?

სუროგაციის, ან ხელოვნური განაყოფიერების დროს მედიცინას ძალუძს მხოლოდ ერთი, ან ორი კვერცხუჯრედეის განაყოფირებაც, მაგრამ თავის დაზრვევის და ზედმეტი ხარჯების თავიდან ასაცილებლად,  ხშირად, მრავალ კვერცუჯრედს ანაყოფირებენ, ამოირჩევენ უკეთესს და ახორციელებენ მის ზრდა-განვითარებას, დანარჩენთ კი ინახავენ და თუ აღარ დასჭირდათ მისი გამოყენება, ანადგურებენ. სხვა მორალური მდგომარეობაა ემბრიონის ბუნებრივი სიკვდილი, სხვა - ადამიანის ხელით აღსრულებული.

- რატომ გახდა საზოგადოება ასეთი, რომ სამღვდელოებაში და ეკლესიაში ეძებს რატომღაც ცუდს და იგივე საზოგადოების დიდი ნაწილი ისევ ეკლესიას და ღმერთს ევედრება, შველას, მიტევებას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და სხვას სთხოვს? რატომ ხდება მორწმუნე საზოგადოება აგრესიული მსგავსი პრობლემების მოგვარების ან მასზე მსჯელობის დროს? 

- ცოდვით დაცემის შემდეგ, ადამიანი მოიცვა გაორებამ, ის დგას კეთილი და ბოროტი მაგალითების  არჩევანის წინაშე. ადამიანის მასწავლებელი სიკეთის გზაზე ქრისტეს ეკლესიაა, შესაბამისად იგი იქ ეძებს მაგალითს, ეს ბუნებრივია. მაგრამ ცოდვა და უკეთურება ეკლესიის წევრ ადამიანთა შორისაც თავს იჩენს ხშირად, რადგან ადამინი სუსტი არსებაა, ცოდვისკენ მიდრეკილი, და როდესაც ხედავენ ცუდ მაგალითს, რა თქმა უნდა, ეს ხდება დაბრკოლების მიზეზი. ის კი არაა გასაკვირი რომ ადამინი დაბრკოლდეს, ის იქნებოდა გასაკვრი, რომ არ დაბრკოლდნენ. ამიტომ, ეკლესია ისტორიის ყოველ პერიოდში, წმინდა კრებათა საშუალებით, ყოველთვის ახდენდა თვითფილტრაციას და მობილიზაციას, მის წინ მდგარი პრობლემების გადასაჭრელად. 

- ამასთან მიმართებაში საქართველოს ეკლესიის ასაღორძინებლად დღეს საერო პირთა ფუნქციასა და მოვალეობას რაში ხედავთ? 

უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ ქრისტიანული სწავლებით  სამღვდელოებასთან ერთად ერისკაცნიც ეკლესიის წევრები არიან, რომელთაც ასევე მოეთხოვებათ სიფხიზლე და გარკვეულობა ყოველი საკითხში, ამისათვის კი საჭიროა ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლების ცოდნა. წმ. მოციქული პავლე თავის პირველ ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ (თ. 12; მ. 12-31)  მსჯელობს წმინდა ეკლესიის შესახებ, სადაც აღნიშნავს, რომ ეკლესია, ესაა ქრისტეს მისტიური სხეული, რომლის ნაწილებიც ვართ  ჩვენ ყველანი, ვისაც  გვაქვს  რწმენა ქრისტე მაცხოვრისა და მოვინათლეთ სულიწმინდით. როდესაც ამ სხეულის ერთ ნაწილი დასნეულებულია, მაშინ მთელს სხეულს, ანუ მთელს ეკლესიას სტკივა და ზიანდება. ამიტომ ”არ იყოს განხეთქილება სხეულში, არამედ ყველა ასო ერთნაირად ზრუნავდეს სხვაზე” (1 კორ.12; 25). საერო პირებმა თავისი დიდი წვლილი  შეიტანეს წმინდა ეკლესიის ძლევამოსოლებაში, შორს წაგვიყვანდა ერისკაც წმინდანთა ჩამოთვლა, მხოლოდ ერთს გავიხსენებ, საქართველოს ეკლესიის  უცნობილესი ისტორიული ამბიდან: როდესაც ვარსქენ პიტიახშმა უარყო ქრისტიანობა, მას დაუპირისპირდა არა სამღვდელოება, არამედ საერო ადამიანი, თანაც მანდილოსანი მეუღლე. შუშანიკი აღმოჩნდა ქრისტეს სინდისი კონკრეტული ეპოქის კონკრეტულ საეკლესიო სხეულში, სწორედ ამის გამო, ეკლესიამ  იგი შერაცხა წმინდანად და არა ის სასულიერო პირნი, რომელნიც მრავლად იხსენიებიან მის ”მარტვილობაში”. ამით იმის თქმა მსურს, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერო პირთა აქტიურობას რწმენის საქმეებში და მათ განსწავლულობას საეკლესიო საკითხებში, რადგან  ეკლესიის სინდისი მათაც აბარიათ და არა მხოლოდ სამღვდელოებას, ისინიც პასუხს აგებენ ყოველთა განმკითხავი უფლის წინაშე იმაზე, თუ როგორი მონაწილეობა მიიღეს ღვთის ეკლესიის სულიერი აღშენების საქმეში, მაგრამ, რა თქმა უნდა უმთავრესი პასუხისმგებლობა სამღვდელოე პირებზეა.

ავტორი 

ნუგზარ ჭიაბერაშვილი

 


უკან დაბრუნება