ბექა ურჯუკაშვილი: რაგბი ჩემი ცხოვრების ნაწილია
|
გადმოცემის თანახმად, რაგბი 1823 წლის 7 აპრილიდან არსებობს, სწორედ ამ დღეს, ინგლისის ქალაქ რაგბიში (სახელწოდებაც აქედან მოდის), 16 წლის მოსწავლემ უილიამ უებ ელისმა, ფეხბურთის თამაშის დროს, ბურთს ხელი დასტაცა და მეტოქის კარისკენ გაიქცა. მართალია, ეს ვერსია დღესათვის, ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ რაგბიში მთავარ ჯილდოს, მსოფლიოს თასს, მაინც ელისის სახელი ქვია... ჩვენი რუბრიკის მთავარი გმირი, საფრანგეთში მოღვაწე, ახალგაზრდა რაგბისტი ბექა ურჯუკაშვილია. ამბობს, რომ რამდენიმე წელში საქართველოს სერიოზული დონის ჩემპიონატი ეყოლება, დაგვპირდა, რომ სამომავლოდ, აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში და სპორტულ კარიერას აქ გააგრძელებს. - ბექა რაგბით რამდენი წლიდან დაინტერესდი? - ექვსი წლიდან აქტიურად ვვარჯიშობ. ჯანმრთელობის გამო, ერთი-ორი წელი პაუზა მქონდა, თუმცა სერიოზულად არ შევფერხებულვარ. - თქვენს სპორტულ კარიერაში, რა როლი შეასრულა ბიძათქვენმა, მალხაზ უჯუკაშვილმა, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრია? - თავიდან რაგბით არ დავინტერესებულვარ, კარატეზე დავდიოდი. შემთხვევით ერთ-ერთ ვარჯიშზე მივედი და იმ დღიდან რაგბი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. - რომ არა რაგბი? - ამაზე არასოდეს დავფიქრებულვარ. აზარტული ვარ. ბავშვობიდან ენერგიული ვიყავი და ყველანაირი სპორტი მიყვარდა. დღეს კი რაგბის გარდა ჩემთვი სხვა სპორტი არ არსებობს. - ამბობენ, რაგბი ქართული ხასიათის თამაშიაო. ეს რას ნიშნავს? სად ჩანს ქართული ხასიათი ინგლისურ რაგბში? - ალბათ იმაში, რომ, ქართველებს ფიზიკური ორთაბრძოლა გვიყვარს, რაგბში კი გუნდურობაა მთავარი. გუნდური თამაში სტიმულს მმატებს. - ფრანგულ გუნდში როგორ მოხვდი? - ჩვიდმეტ წლამდე საქართველოში ვიყავი. ბიძაჩემი ამ დროს საფრანგეთში თამაშობდა, როცა იქ ტურისტული ვიზით წავედი, მან მწვრთნელს სთხოვა გავესინჯე, მოეწონათ ჩემი თამაში და დამტოვეს... 2010 წელს ფიჯაკში თამაში მომიწია, სწორედ, მაშინ დამიძახეს ნაკრებში. პირველი თამაში უკრაინასთან, ხოლო მეორე ესპანეთთან გვქონდა. ორივე დასამახსოვრებელი იყო, რადგან ორივე შეხვედრაზე ლელო გავიტანე. ეროვნულ ნაკრებში სულ შვიდი თამაში გამომივიდა. ქალაქ ფიჯაკში, ერთი წელი ვითამაშე. ნაკრებში სამი ქართველი მოთამაშე იყო, მერაბ კვირიკაშვილი, ლევან დათუნაშვილი და რევაზ გიგაური. შემდეგ ომენაში წავედი და ორი წელია, უკვე იქ ვცხოვრობ. ცოტა ხნის უკან საფრანგეთში ტური გვქონდა. შედეგი ფრედ დასრულდა, რამაც დიდი ემოცია გამოიწვია.. - როგორია შენი ყოველდღიური რეჟიმი? - დღეში საშუალოდ ორი-სამი ვარჯიში მიწევს. დილით ადრე ვდგები, ზომიერი წახემსება ვარჯიშამდე აუცილებელია. სპორტცმენისთვის იქაური კვება ბევრად უკეთესია. ქართველებს ცომეული და ხორცი გვიყვარს. იქ კი, უფრო ზომიერად და რეჟიმის მიხედვით ვიკვებებით. - უცხო ქვეყანაში, 5000 კილომეტრით შორს, არ გესმის ქართული შეძახილები და გამხნევება. როგორია უცხო ზეგანზე იბრძოლო და ითამაშო? - თავდაპირველად, უცხო გარემოში ყოფნა რთული იყო. რადიკალურად განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ. სხვანაერად ესმით ყველაფერი. ბოლოს მივხვდი, რომ მე ვიყავი მათ ქვეყანაში და ადგილობრივ წესებს უნდა შევგუებოდი. ახლა აღარ მიჭირს. ვისწავლე ენა, გავიცანი ხალხი და მათი ფსიქოლოგია. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა დამოკიდებულებაში ხარ სტადიონს მიღმა. აუცილებელია გუნთან შეგუებული იყო, რადგან სტადიონზე ყველაფერი აისახება. - გუნდს ვინ აფინანსებს? ამ მხრივ პრობლემები ხომ არ გაქვთ? - პრობლემები არის. გუნდს რაგბის ფედერაცია აფინანსებს. სხვა კერძო სპონსორი არ ჰყავს, რაც ძალიან ცუდია. საფრანგეთში გუნდების დაფინასებაში მუნიციპალიტეტები დიდ როლს თამაშობენ. სასურველია, საქართველოშიც იგივე სისტემა დაინერგოს. - როგორია შენი სამომავლო გეგმები, დაბრუნებას არ გეგმავ? - ცხოვრებას ბოლომდე იქ ნამდვილად არ ვაპირებ. საქართველოში ვითარდება შიდა ჩემპიონატი. თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა ვფიქრობ, რომ ხუთ-ექვს წელიწადში სერიოზული დონის ჩემპიონატი გვექნება. სამომავლოდ, აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში. - საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისკენ წასვლას ხომ არ აპირებ? ან იქაური ღირსების დაცვას? - არა! არც მაქვს ამის საშუალება, რადგან საქართველოს ნაკრებში მითამაშია. ასეც, რომ არ იყოს ამ ნაბიჯს, მაინც არ გადავდგამდი. - რატომ? - საქართველო მსოფლიოში მეთხუთმეტე ადგილზეა., ისეთი ნაკრები გვყავს, რომლის ღირსების დაცვაც უფრო მნიშვნელოვანია. უკან დაბრუნება |