ავტორი ეკა რევაზიშვილი 1978 წელს, სამედიცინო უნივერსიტეტი წარჩინებით (წითელ დიპლომზე) დაამთავრა. შემდეგ გაიარა ინტერნატურა პირველ კლინიკურ საავადმყოფოში, 1979-1981 წლებში კი კლინიკური ორდინატურა მეანობა-გინეკოლოგიის კათედრაზე. ამ პერიოდში მოხდა მისი, როგორც ახალგაზრდა სპეციალისტის ჩამოყალიბება და ახალი მეთოდის ათვისება, რომელსაც ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, ანუ ულტრასონოგრაფია ჰქვია. შემდეგ ეს მთელს საქართველოში დაინერგა. -რა არის ულტრასონოგრაფია? -ეს არის სადიაგნოსტიკო კვლევის მეთოდი, რომელიც მაღალტექნოლოგიური, მაღალინფორმაციული და უსაფრთხოა, როგორც ორსული ქალის, ასევე მუცლადმყოფი ნაყოფის. გარდა ამ სფეროსი, რასაც სამეანო გინეკოლოგიური სფერო ჰქვია, ასეთი მეთოდით ხდება ადამიანის სრული გამოკვლევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის, შარდსასქესო სისტემის, ენდოკრინული სისტემის, გულსისხლძარღვთა სისტემის. თითქმის არ არსებობს ორგანო, რომლის გამოკვლევაც არ შეიძლება ამ მეთოდით. მხოლოდ გულის გამოკვლევას არ ვაკეთებ, იმიტომ, რომ ამას სპეციალური კარდიოლოგიური გამოკვლევა სჭირდება. 35 წლიანმა გამოცდილებამ საშუალება მომცა, კომპლექსურად გამოვიკვლიო ადამიანი, სქესისა და ასაკის მიუხედავად. დიაგნოსტიკა მედიცინაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, ანუ სწორი დიაგნოზის პირობებში, მკურნალობა გაცილებით ეფექტურია, საჭიროა დიაგნოზი დაისვას დროულად და სწორად, მაშინ უკვე გაცილებით ადვილია კეთილ გამოსავალზე ორიენტირება. ულტრაბგერა მოათავსეს რადიოლოგიაში. რადიოლოგია ეს არის სფერო, იქს გამასხივებთან დაკავშირებული კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი, რომელსაც აქვს ინვაზიური ზეგავლენა, ანუ გამასხივებს, რენდგენს ვერ გამოიყენებ ორსულ ქალზე, ეს მასზე ძალიან უარყოფითად იმოქმედებს. ასევე ძალიან მავნეა საკვერცხეების და საშვილოსნოს გამოკვლევის დროს რადიოლოგიური, რენდგენოლოგიური კვლევა. ულტრასონოგრაფიას დიდი უპირატესობა აქვს, მას არც ქიმიური, არც გენეტიკური, არც ბიოლოგიური და თერმული ზემოქმედება არ გააჩნია. იმიტომ, რომ ულტრაბგერის სიხშირე, რომელსაც მედიცინა იყენებს სრულიად უვნებელია უჯრედის, მისი შიდა მექანიზმების დონეზე პაციენტისთვის. ულტრაბგერა შეიძლება გამოიყენო, როგორც სამკურნალო მეთოდი. მაგალითად: ანთების დროს. უფრო ძლიერი ულტრაბგერა შეიძლება გამოიყენო ოპერაციის დროს, როგორც ულტრაბგერითი დანა, რომელიც ჭრის. ულტრაბგერით შეიძლება დაანგრიო სახლი, გამოიწვიო მიწისძვრა. გააჩნია მის სიხშირეს, სხივთა ნაკადების მიმართულებას და კონცენტრაციას. ამავე დროს, კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან შედარებით, ულტრაბგერითი გამოკვლევა გაცილებით იაფია.
-რამდენად არის აღჭურვილი დღეს საქართველოს კლინიკები შესაბამისი აპარატურით? -ჩვენ ეს 1979 წელს დავიწყეთ. პირველი ულტრაბგერითი აპარატი იყო მეანობა-გინეკოლოგიის კათედრაზე, რომელიც პირველად ჩემს ხელში ჩაირთო. შემდეგ უკვე ფეხდაფეხ მისდია ქართულმა მედიცინამ და დღეს ძალიან დიდ პატივს ვცემ კერძო სისტემას, ცუდი არ იქნება, თუ სახელმწიფო ამას გადმოიღებს, თუკი რამე ახალი ნოვაცია იქმნება. მსოფლიო გამოფენებზე, ყოველთვის არის წარმოჩინებული მომავალი წლის, ან შემდგომი ეტაპის ახალი დიაგნოსტიკური აპარატები. არც ერთ მსოფლიო გამოფენას არ უნდა დააკლდეს სახელმწოფო სტრუქტურის წარმომადგენელი, თორემ კერძო სექტორი ისედაც არ აკლდება. რაც ახალია, იმას წინსწრებით უკვეთავენ, ეს კაპიტალდაბანდებასთანაა დაკავშირებული, მაგრამ მერწმუნეთ, მის ღირებულებას სახელმწიფო ყოველთვის ამოიღებს. ბავშვობიდან ექიმობამდე ახლა რომ ვაკეთებ ანალიზს, ჩემი მედიცინისადმი ინტერესი სათავეს ბავშვობიდან იღებს, სუფთა ემოციურ დონეზე. მყავდა გამზრდელი ბებია, რომელიც ხშირად თავის ტკივილებს უჩიოდა. მისი სურვილი იყო ექიმი გამოვსულიყავი და მისი განკურნება შემძლებოდა. ეს ალბათ ემოციური განცხადებები იყო, შემდეგ ისე წავიდა ცხოვრება, რომ მართლა კვლევის ის მეთოდი ავითვისე, რომელიც დიაგნოზთან არის ახლოს. 13-14 წლის ვიყავი, ისეთი ტრავმა მივიღე, რომ საავადმყოფოში საკმაოდ დიდხანს მომიწია ყოფნა. არ დამავიწყდება იმ ექიმების მზრუნველობა და გულშემატკივრობა ჩემს მიმართ. ეს ძალიან ემოციურად მახსენდება, სულ მინდოდა, რაღაცით დავმსგავსებოდი იმ ექიმებს. ადამიანში ეს ყველაფერი წარუშლელ კვალს ტოვებს. სუფთა სამედიცინო პრაქტიკა რომ ავიღოთ, ეს დაახლოებით 42 წელია. ამ წლების მანძილზე ვფიქრობ, რომ ბევრი რამ კიდევ ვერ შევძელი. ალბათ სითბოს გამომჟღავნება. და თუ უფალმა მომცა საშუალება, კიდევ დიდხანს სიცოცხლის, ვფიქრობ, რომ ბევრი სითბო მაქვს გამოსამჟღავნებელი იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამას საჭიროებენ. პაციენტი რომ მოდის, მას უნდა შეხედო, როგორც საკუთარ თავს, მისი ჩივილი ისე უნდა გაისიგრძეგანო, ტკივილი გაითავისო, რომ შიგნიდან მიხვიდე ავადმყოფობასთან.
-ვინ იქონია ყველაზე დიდი გავლენა თქვენს პროფესიონალ ექიმად ჩამოყალიბებაში? -ჩემი თაობა ამ მხრივ ძალიან განებივრებულია, იმიტომ, რომ ცოცხალი კლასიკოსები გვასწავლიდნენ. შესაშური პერიოდი გავიარეთ, ამ ადამიანებმა ცხოვრების წესში შეგვიპატიჟეს. მედიცინა ისეთი სფეროა, სადაც დეოტოლოგიას, ეთიკას, ფილოსოფიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემს ჩამოყალიბებაში ვინც წვლილი შეიტანა, ესენი იყვნენ კორიფეები, შემიძლია დავასახელო: მიხეილ გიგინეიშვილი, ეგნატე ფიფია, თამარი დეკანოსიძე, მიხეილ ჩაჩავა, ზაქარ მაისურაძე, ნოდარ კალანდაძე, გივი ბაქრაძე, ირინა ზაალიშვილი, ალექსანდრე ბაკურაძე, არჩილ ასათიანი, ძალიან ბევრნი არიან ეს ბუმბერაზები. მედიცინაში მეორეხარისხოვანი არაფერი არ არსებობს მედიცინინაში მხოლოდ ძირითადი დიაგნოზი არსებობს, შემდეგ არის მისი თანმდევი დიაგნოზი, მისი გართულება, გართულების ხარისხი. უჯრედამდე, უჯრედის შიგნით კომპონენტებამდე უნდა ჩახვიდე. იმისათვის, რომ გახდე ექიმი, საჭიროა კარგად იცოდე ფიზიოლოგია, პათოფიზიოლოგია, ანატომია, პათოლოგიური ანატომია. დისციპლინები, რომლებიც არის ორგანული ქიმია, ფიზიკა, ულტრაბგერა სწორედ ფიზიკასთან არის დაკავშირებული. მედიცინაში მეორეხარისხოვანი არაფერი არ არსებობს, ეს ისეთი ფენომენია, რომელიც კარგად უნდა იცოდე, გესმოდეს ულტრაბგერის თვისება. შემდეგ უკვე მოდის ქირურგია, მეანობა-გინეკოლოგია, უროლოგია, ოფთალმოლოგია, უამრავი სფეროა, რომელიც ერთმანეთს ავსებს და ვიწრო სპეციალიზაციის ექიმიც კარგად უნდა ფლობდეს მომიჯნავე სისტემების შესახებ ინფორმაციას და დიფერენციალური დიაგნოზის უნარს. ყველა ადამიანი პოტენციური პაციენტები ვართ, არ ვიცით რა დაგვემართება, რადიაცია იქნება ეს, ტრავმა, თუ გენეტიკურად არსებული გაჭირვებები. ადამიანი ექიმთან მიდის არა მარტო, როგორც კომერციულ, არამედ როგორც მორალურ-ზნეობრივ სტრუქტურასთან. ეს საკითხები უნდა მოგვარდეს. ფულით არ იზომება ყველაფერი, ჯანმრთელობა არ იყიდება, მას საფასური არა აქვს. შამწუხაროდ, დღეს ცივილიზაცია მედიცინის კომერციალიზაციის გზით წავიდა, რაც სწორი არ არის. აუცილებელია ადამიანის სოციუმის მოგვარება, სადაზღვევო კომპანიების კარგად მუშაობა, ფულადი ანარიცხების სწორად მიმოქცევა. მედიცინა ერთადერთი სფეროა, სადაც ფულს გაკეთებულ საქმეში კი არ უნდა იღებდე, გასაკეთებელ სფეროში უნდა ხდებოდეს თანხის მობილიზება, იმიტომ, რომ შეიძლება კარი გაიღოს და ერთდროულად, რამოდენიმე პაციენტი შემოვიდეს, მათ ყველას დახმარება ურგენტულად სჭირდება, ,,ხვალ მოდი" მედიცინამ არ იცის. ეს რომ მოსაწესრიგებელია, სადარდებლად დღესაც მაქვს.
-ყველაზე დიდი ემოცია... -დღესაც ძალიან ბევრი სტიმული მაქვს და ვფიქრობ, რომ ახალგაზრდობის წლებს, ენერგიას არ დავუტოვებივარ, ეს იმ მონიჭებული სიხარულის ნაყოფია, რომელსაც ყოველი ახალდაბადებული ჩვილის ხელში აყვანისას განვიცდი. ხშირად მითქვამს: გასცემ ერთს, მიიღებ ათს, ასს, ათას ენერგიას. ჯერ იმ ინფორმაციის მიღება რად ღირს მარტო, როდესაც ულამაზესი ასული არის ორსულად, ახალი სიცოცხლის პირველწყარო ხდება, იქიდან უფლის საჩუქარი მოდის ადამიანის სახით. კაცმა არ იცის, შეიძლება დედამიწა გადაატრიალოს მისმა ნოვაციამ და აღმოჩენამ, გენიოსი იყოს. შემდეგ აკვირდები მუცლადმყოფი, როგორ იზრდება, ყალიბდება ადამიანად და სრულიქმნება დასაბადებლად, დაბადების მერე ტირილს, ყვირილს რომ გაიგონებ, ისეთს, რომელიც მთელს დედამიწას შეაზანზარებს, ფეხზე უნდა წამოუდგე ასეთ ადამიანს, ახლადმოვლენილ სიცოცხლეს. ერთ რამედ ღირს, ამ დროს, მშობლის თვალში სიხარულის ათინათის დანახვაც... ეს უდიდესი ემოციაა ჩემი პროფესიის ადამიანისთვის.
საკეისრო კვეთის დადებითი და უარყოფითი მხარეები საკეისრო კვეთა სასწაული ოპერაციაა თავისი შინაარსით და ჩვენებით. ეს არის დედისა და მუცლადმყოფი ნაყოფის სიცოცხლის ხსნა, მაგრამ ,,მე მინდა საკეისრო კვეთა"- ეს სიტყვა არ შეიძლება. უნდა დაასაბუთო, რომ ეს ოპერაცია საჭიროა და ისე გააკეთო. ამ ოპერაციას აქვს სასიცოცხლო ჩვენება. საკეისრო კვეთის აუცილებლობის ერთ მაგალითს მოგიყვანთ: დედაც და ნაყოფიც ჯანმრთელი, ცოცხალია და პლანცეტა, რომელიც არის დედისა და ნაყოფს შორის გარდამავალი შუარგოლი, რომლითაც მყარდება დედასა და ნაყოფს შორის კავშირი ყველა სასიცოცხლო ფუნქციებით არის წინამდებარე მდგომარეობაში. ასეთი ქალის ბუნებრივ მშობიარობაში გაშვება 100% იანი სიკვდილია, როგორც ნაყოფის, ასევე დედის. ამ შემთხვევაში აუცილებელია გეგმიურად, ორი კვირით ადრე, ყოველგვარი გართულებების თავიდან აცილების მიზნით ჩატარდეს საკეისრო კვეთა. მეორე შემთხვევა: როდესაც ყველაფერი მწყობრშია, ნაყოფიც, საშვილოსნოც და დედაც, მაგრამ დედის მენჯია პრობლემა, ამის გამო, ნაყოფი ბუნებრივ გზას ვერ გაივლის და საშვილოსნო გასკდება. ასეთი ჩვენებების მთელი რიგი არსებობს, როდესაც დედას აქვს გულის მანკი, მხედედველობის ანომალია, მიოპია. ორსული ქალი უნდა იქნეს ყოველმხრივ გამოკვლეული, რომ უსაფრთხოდ, ბუნებრივი გზით შობოს ცოცხალი და ჯანმრთელი ახალშობილი. ორსულობის მანძილზეც ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო, მუცლადმყოფი ნაყოფის მოსავლელად, კვება, რადიაცია, ინფექციები, გენეტიკა, ემოცია, ფსიქიკა, საზოგადოება, გარემომცველი წრე. ეს ყველაფერი განაპირობებს ცოცხალი და ჯანმრთელი ნაყოფის მიღებას.
-ხშირად ორსულს მოსალოდნელი ტკივილის ეშინია და ითხოვს საკეისრო კვეთას... -ეს უკვე ჩვენი დანაშაული და სისუსტეა, საზოგადოების, მშობლების, ექიმების, იმიტომ, რომ ნებისმიერი ტკივილი, რომელიც მშობიარობასთან და ჭინთვასთან არის დაკავშირებული, ის არის მასტიმულირებელი. ისეთი ჯარისკაცები ცოცხლდებიან იმუნურ სისტემაში ამ დროს, რომლებიც შემდგომ მუდმივად მზრუნველობენ მისი ჯანმრთელობის და ცხოვრების ლაღად გატარებისთვის. შენ საკეისრო კვეთაზე მიდიხარ, იმიტომ, რომ არ გინდა ტკივილი განიცადო, ეს სწორედ არ მიმაჩნია. -მომხრე ხართ, რომ აიკრძალოს საკეისრო კვეთა არასაჭიროების შემთხვევაში?
-როგორც ადამიანი და ექიმი კატეგორიული წინააღმდეგი ვარ აკრძალვების, დასჯების, დაჭერების, იმიტომ რომ ყოველ აკრძალვას აქვს ჩრდილოვანი მხარე. აქ აკრძალვა, სხვაგან გაკეთდება და ეს იქნება ძალიან ცუდი. მოგონილი ისტორიების დაწერა დაიწყება, რაღაცეების ხელოვნური დამძიმება და გართულება, რითაც მორალს და ზნეობას გადავაბიჯებთ. მედიცინა მარტო მკურნალობა არ არის და პრევენცია, პრევენციის საუკეთესო გზა განათლებაა. ჩვენ უნდა ვეცადოთ, შევიტანოთ მეტი განათლება, თანადგომა გამოვუცხადოთ ახლადშექმნილ ოჯახებს, ყველა პოტენციურ დასაორსულებელ ქალს. გახდე დედა არ არის მხოლოდ ღვთის საჩუქარი, ეს არის დიდი ვალდებულებები, ამიტომ მან უნდა გაიაროს ეს გზა, ცხრა თვე უნდა ემზადებოდეს იმ ტკივილებისათვის. არსებობს უამრავი ფსიქოტესტი და ავტორეიტინგი, რომელსაც შეუძლია გაეცნოს მომავალი დედა.
-აბორტის ბნელი მხარეები. -ერთ-ერთ ტელეგადაცემაში იურიდიული კუთხით იყო განხილული ეს საკითხი. ასეთი მაგალითი მოიყვანეს: ციხის საკნის კარებს აქვს პატარა შესაღები, საიდანაც პატიმრებს საჭმელს აწვდიან, მას ,,კარმუშკას" ეძახიან. დიდი გისოსების და პატარა საჰაეროების ანაბარა, აბსოლიტურად იზოლირებულ სამყაროში ცხოვრობენ პატიმრები. ვიღაცამ ამ ,,კარმუშკაში" შეყო იარაღი და ესროლა პატიმარს, მან გასასვლელი ვერსად იპოვა და დაიღუპა, მოკლეს ადამიანი. ზუსტად იგივეა აბორტი, ნაყოფი საშვილოსნოდან ვერ გამოვა, ვერ შეგეწინააღმდეგება, შენ ხდები მკვლელი ამ შემთხვევაში. ძალიან დიდ ცოდვას სჩადიხარ, როცა აბორტს აკეთებ. აქაც არის განათლება და კულტურა. ჩემთან მოსულ პატარა გოგო-ბიჭებთან ხშირად მაქვს საუბარი, უამრავი გზა არსებობს არასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, მექანიკური საშუალებები, როგორც ქალის ასევე მამაკაცის, პრეზერვატივები, ყელის ქოლგები, სპირალები, ქიმიური საშუალებები და ჰორმონალური პრეპარატები. მაგრამ როდესაც ქალი მოვა, რომელსაც ნაყოფი ბუნებრივად მოეშალა და აქვს სისხლდენა, ასეთი საშვილოსნო აუცილებლად უნდა გამოფხიკო. აბორტი, როგორც მანიპულაცია ყველა ექიმმა უნდა იცოდეს, ეს გადარჩენაა... როდესაც ქალი ორსულდება, მის ორგანიზმში ჩნდებიან დიდი რაოდენობით იმუნური სისტემის დამცველი ჯარისკაცები, შეიარაღდებიან საბრძოლო იარაღით და დგებიან დედის და უკვე ჩასახული სიცოცხლის ჯანმრთელობის დასაცავად. ელოდებიან 9 თვე, მუდმივად ფიქრობენ იმაზე, რომ უსაფრთხოდ მიიყვანონ მშობიარობამდე, როგორც კი დაიბადება სიცოცხლე, ისინიც დააწყობენ იარაღს და დეაქტივაცია მოხდება მათი. აბორტის შემთხვევაში ეს ჯარისკაცები რჩებიან ორგანიზმში შეიარაღებულები, რომლებიც ესვრიან დედას და იწყება ორგანიზმის დაზიანება. ეს ყველაფერი შემდგომ გამოვლინდება უამრავი რამით: ფსიქოზები, ენდოკრინული, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმლისზედა ჯირკვლის დარღვევები. ამას მოსდევს არასწორი ნივთიერებათა ცვლა, სიმსუქნე და უამრავი სხვა დაავადება. ეს არის განათლება, ყველაფერი უნდა იყოს პოპულარულ ენაზე ადვილად გასაგები, სკოლაშიც არ უნდა მოვერიდოთ ამაზე საუბარს. 14-15 წლის ბავშვებთან თავისუფლად შეიძლება გახსნილად ლაპარაკი, ოღონდ იმ კუთხით, რომ ისინი პოტენციური დედები და მამები არიან. ეს პასუხისმგებლობა მათ უნდა გაჰყვეთ, როგორც ოჯახიდან ასევე სკოლიდან და საზოგადოებიდან. -რას ურჩევდით მომავალ დედებს? -ხაზგასმით ვამბობ ,,უყვარდეთ". სიყვარული არ არის მარტო ლიბიდო და სექსუალური ლტოლვა. თავისი სიცოცხლე უყვარდეს, მის წიაღში ჩასახული სიცოცხლე, საყვარელი ადამიანის თვალები, სამყარო უყვარდეთ. სიყვარული თავგანწირვას მოითხოვს, კარგი გაგებით. ყველა დედას, ყველა წყვილს ვურჩევ უყვარდეთ სიტყვა ,,უყვარდეთ" ყოველგვარი ანგარების გარეშე. სიყვარული შუაში არაფერს არ ჩაიყენებს, როდესაც გიყვარს სამშობლო, ოჯახი, მეუღლე, მომავალი სიცოცხლე, შვილები, შვილიშვილები შენგან ცუდი ადამიანი არ დადგება, ტყვიას ვერ ისვრი, მაგრამ აუცილებლად შეეგებები მათ გადასარჩენად.
უკან დაბრუნება
|