ავტორი გიორგი გაბაშვილი ამერიკულმა გამოცემა ,,Times“-მა ვრცელი წერილი მიუძღვნა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაციას. სტატია, სათაურით „მარგველაშვილი - ახალი პრეზიდენტი“ ინაუგურაციის პროცედურებს, კონსტიტუციაში შესულ ცვლილებებსა და მარგველაშვილის პიროვნებას ეხება. ავტორი წერს, რომ ფილოსოფოსი მარგველაშვილი საინტერესო სიტყვით გამოვიდა და საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ, პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან მივიდა. პირველი მილოცვა სწორედ მისგან მიიღო. „შენ უკვე პრეზიდენტი ხარ“ - ასე მიულოცა პრემიერმა პრეზიდენტს პოსტის დაკავება“ - წერს სტატიის ავტორი. პოლიტიკურ სიტუაციას ეხმიანება ასევე ,,The Washington post“. ინაუგურაციის გარდა, სტატიაში, ახალი პრემიერ მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის ფიგურაზეა საუბარი. ღარიბაშვილი ნახსენებია, როგორც ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი. „ის არაა პოლიტიკოსი, მას ივანიშვილი ენდობა“ - წერს ავტორი. 31 წლის ირაკლი ღარიბაშვილზე ინფორმაციის მოპოვება, როგორც ავტორი წერს, ძალიან რთულია. იმ ფონზე, როცა ამერიკული პრესის ეს ნაწილი პოლიტიკურ ვითარებაზე ანალიზს გვთავაზობს, საინტერესოა რუსული პრესის დამოკიდებულება, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და ვითარებაზე. მარგველაშვილის ინაუგურაციას, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რუსული ინტერნეტ გამოცემა ,,gazeta.ru“ ვრცელ სტატიას უძღვნის. სტატიის სათაურიდანვე ადვილი მისახვედრია, რა პათოსით არის იგი დაწერილი - „ ეკონომ კლასის ინაუგურაცია“. ბუნებრივია სათაური ინაუგურაციის მცირე მასშტაბებს გულისხმობს, დაზოგილ თანხებს და ასე შემდეგ, თუმცა სათაური საკმაოდ „თავხედურია“. სხვა რუსული გამოცემები, ,,Interfax და ng.ru“ კი ამ კვირაში, მხოლოდ ინაუგურაციის ფაქტით დაინტერესდნენ და არ იყო, თითქმის არცერთ გამოცემაში პოლიტიკური მოვლენების მიმოხილვა. ამის მიზეზი შეიძლება უკრაინაში ვეძებოთ. უკრაინამ უარი თქვა ევროკავშირთან ხელშეკრულების პარაფირებაზე. ამ ამბავმა აღმოსავლეთ ევროპის სხვა მოვლენები მნიშვნელოვნად დაჩრდილა.
უკან დაბრუნება
|