სოსო ჯაჭვლიანი: ჩემი საქმე მინდა ვაკეთო, კინო გადავიღო, სპორტით დავკავდე...

რეჟისორი, ცნობილი მსახიობი და და საინტერესო მოსაუბრე - სოსო ჟაჭვლიანი, კენჭს გლდანის მაჯორიტარად იყრის. მისი ოცნებაა, გლდანში, სააკაშვილმა საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს. ამბობს, რომ ცხოვრებაში ადვილად არაფერი მოუპოვებია. მას წინასაარჩევნოდ ვესტუმრეთ და დაწვრილებით გამოვკითხეთ, რა ბერკეტებს გამოიყენებს პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში და რას ჰპირდება გლდანელებს...

- ბატონო სოსო რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა?

- ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება კანონზომიერია, ლოგიკას მიჰყვება. ვინც ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარად არიან წარდგენილნი, საკუთარ საქმეში ყველა წარმატებულია. მოსვლის დღიდან ხელისუფლება, ათი წელი, მხოლოდ დაპირებებს იძლევა, მაგრამ რა გააკეთა?! პირიქით ყველაფერი გააფუჭდა. ლაპარაკობენ პოლიციის რეფორმაზე... დავსვათ ნებისმიერი ეკონომისტი და დანახარჯი გავათვლევინოთ; როგორ, ან რა ფორმით გააკეთეს ეს ყველაფერი, აბსოლუტურად სხვა სურათს მივიღებთ. პოლიცია და ყველა ძალოვანი სტრუქტურა, მთლიანად პოლიტიზირებულია. სატელიტურ თეფშებს ხსნიან, ხმას ახშობენ, (როგორც კომუნისტები ახშობდნენ ამერიკის ხმას) რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხის აზრს, ნებას და თავისუფლებას ახშობენ. რეიგანმა საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია იმიტომ უწოდა, რომ ადამიანის უფლებები დაუცველი იყო. ძველ დროს არ მივტირი, მაგრამ დღეს საქართველოში განსხვავებული აზრი ეზიზღებათ. რუსეთმა, როგორ უნდა გვაჯობოს, იქ პოზიციას და ოპოზიციას, ყველას, თავისი ადგილი აქვს და თავიანთ ბიზნესშიც წარმატებულნი არიან. თქვენ კი მეკითხებით, აქ რა გინდათ, რატომ ერევით პოლიტიკაშიო(?). მე თქვენ გეკითხებით, ადამიანებს, გინდათ მონები იყოთ?!

სოსო ჯაჭვლიანი: ჩემი საქმე მინდა ვაკეთო, კინო გადავიღო, სპორტით დავკავდე...

მიხეილ სააკაშვილს შეეძლო ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული პრეზიდენტი ყოფილიყო, მაგრამ არა - ესენი სხვა დავალებით მოვიდნენ, პროფესიონალი აფერისტები არიან. ბიძინაზე ამბობენ, იმიტომ აკეთებდა ამდენ ქველმოქმედებას, რომ პოლიტიკაში უნდოდა მოსვლაო. თუ ოცი წლის წინ ეს ჩანაფიქრი ჰქონდა და მილიონებს ხარჯავდა, რა მაგარი კაცი ყოფილა, რომ ხმას არ იღებდა.

წინა წლებში ხალხს დაზღვევის ბარათები დაურიგეს, მაგრამ მე უმიზეზოდ მომიხსნეს. საქართველოში ყველა, ნორმალური ადამიანი, პოლიტიკაში უნდა ჩაერიოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ მორჩეს ეს მარაზმი. ჩემი საქმე მინდა ვაკეთო; მინდა კინო გადავიღო, სპორტით დავკავდე... ამასწინათ, ,,მეცხრე არხზე" მკითხეს, რა არის შენი ოცნებაო? ვუპასუხე, ჩემი ოცნებაა, გლდანში, სააკაშვილმა თავისი კანდიდატურა რომ დაააყენოს-მეთქი. ცხოვრებაში ადვლად არაფერი მომიპოვებია. ჩვენს ხელისუფლებას არაფერი დაეჯერება, თუნდაც იმიტომ, რომ 140 სოფელი დაკარგეს...

- პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში რა ბერკეტებს გამოიყენებთ?

- მთავარი ბერკეტი ნამუსი და სამშობლოს სიყვარულია. რით მოვიდნენ ესენი?! მოვიდნენ ძარცვა-გლეჯვით. მარტო სამების მადლი ეყოფათ მთელს ივანიშვილებს, მაგრამ ახლა წავიკითხე, თურმე 557 ეკლესია აღუდგენია. 

- ერთ-ერთი ლეიბორისტის განცხადება მოვისმინე, თითქოს სააკაშვილ-ივანიშვილის ტკბილი ურთიერთობა გრძელდება და ისინი ერთგვარ თამაშს თამაშობენ...

- ამის პასუხს გეტყვით და მკითხველი თვითონ განსაზღვრავს; როცა ლეიბორისტებმა განაცხადეს, ჩვენ პოლიტიკიდან მივდივართო, სამთავრობო არხებზე ორ საათიანი გადაცემები გავიდა. კვირიკობას ბიძინა ივანიშვილი სვანეთში იყო, სამ კილომეტრიანი გზა გაიარა, რომ სალოცავთან მისულიყო. რატომ არ აჩვენეს ეს და რატომ აკეთებინებენ იმათ ორ საათიან განცხადებებს? ამ არხებზე, ასეთ ხანგრძლივ დროს ჩვენ არასდროს დაგვითმობენ, აი ეს არის ჩემი პასუხი.

- საქართველოში, ყველაზე დიდ პრობლემას რომელ სფეროში ხედავთ, უპირველესი მოსაგვარებელი რა არის?

- დავით აღმაშენებელი, ტახტზე 16 წლის ავიდა და როდესაც თავის გამზრდელს, გიორგი ჭყონდიდელს ჰკითხა: დავიბენი, რა გავაკეთოვო, მან უპასუხა _ პირველი, რაც უნდა გააკეთო, ის არის, რომ ერს ღირსება დაუბრუნოვო. ანუ პირველ რიგში სწორედ ღირსებაა დასაბრუნებელი. მეორე ის, რომ სასამართლო გამჭვირვალე და თავისუფალი უნდა იყოს. მესამე _ აუცილებელია მიტევება, რაზეც ყოველთვის, ცოტნე დადიანის მაგალითი მომყავს; გვასწავლიდნენ ცოტნეს გმირობას, მაგრამ არავინ გვიყვებოდა მონღოლებზე, არადა ის მონღოლი იყო ლომი, რომელმაც ცოტნეში ღირსება დაინახა და იფიქრა, ეს მაგარი კაცია, არ მომეპარება და ზურგიდან არ მესვრისო. ამაზე ავაგებდი პიარს, თუ როგორი მაგარი ძმები გახდნენ მოსისხლე მტრები.

- უმეტესად, საზოგადოება აღგიქვავთ, რომ პოლიტიკაში  სპორტიდან მოდიხართ...

- რატომ სპორტიდან? 16 წლის ვიყავი, პირველად, ფილმში რომ გადამიღეს... ოლიმპიურ ჩემპიონატზე (მთავრობაზე მაქვს ლაპარაკი) აბრას რომ მოხსნი, შენ ხარ ვერაგი, რაც არ უნდა ყურადღებას აქცევდე სპორტს, ამ შემთხვევაში, ჩემთვის ყველაფერი ნულის ტოლფასია. საქართველო იმდენად პატარა ქვეყანაა, რომ ჩვენ პოლიტიკურ ამინდს ვერ შევქმნით. პოლიტიკური ამინდის შექმნა შეგვიძლია დიდი სპორტით, მეცნიერებით, ხელოვნებით და პროფესიონალიზმით.

- ბატონო სოსო, ალბათ ყველას აინტერესებს, როგორი ადამიანია ბიძინა, მასთან ახლო ურთიერთობა თუ გაქვთ?

- ეს არის ადამიანი, რომელიც ურთიერთობაში პრივილეგიით არასდროს სარგებლობს. სვანეთში ვიყავით ასულები და სვანებმა მითხრეს: ბიჭო ორი საქართველოს ხელა ბიუჯეტი აქვს და როგორი უამბიციაო. აი, ეს არის, ყველაზე დიდი თვისება. ქართველი, სიკეთეს თუ გააკეთებს, საღამომდე, რომ არ წამოგაძახოს, შეიძლება გული გაუსკდეს. უმადურმა ადამიანმა მისი გაკეთებული სიკეთის სიას, რომ გადახედოს, შეიძლება ერთ წამში გული გაუსკდეს.

- რას გაუკეთებთ გლდანელებს?

- გლდანელებს ვეუბნები, რომ ტყუილი დაპირებებით აღარავინ მოგატყუოთ და ჩაგითროთ. გლდანი დიდი რაიონია, ჩემი და ბატონი ბიძინას დიდი სურვილია, რომ აუცილებლად შეიქმნას წრეები; ეს იქნება დრამატული, სამეცნიერო, თუ სპორტული. რაც აუცილებლად უფასო იქნება და სახელმწიფო დააფინანსებს.


უკან დაბრუნება