თიკა ჯამბურიას და ირინა ბაირამაშვილის ერთობლივი ბიზნესი

ავტორი
მზია კევლიშვილი
მომღერლებმა თიკა ჯამბურიამ და ირინა ბაირამაშვილმა საბავშვო სტუდია გახსნეს, რომელსაც ,,დო რე მი" დაარქვეს. მასში 5-დან 15-წლამდე ბავშვები მიიღებიან. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ: მეტყველება, სასცენო მოძრაობა, ხატვა და ცეკვა.
- თიკა, როგორ გაჩნდა სტუდიის შექმნის იდეა?
- ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა ჩემმა ორი წლის შვილმა, ხობის ფესტივალზე, ჩემს მიერ ნასწავლი სიმღერა ბრწყინვალედ შეასრულა. მაშინ მივხვდი, რომ ბავშვებთან მუშაობა ძალიან მსიამოვნებს. ფიქრის პროცესში ვიყავი, როცა ირინა ბაირამაშვილმა საბავშვო სტუდიის გახსნა შემომთავაზა. ამ სფეროში დიდი გამოცდილება მაქვს, ამიტომ ადვილად ავიღე პასუხიმგებლობა და მის შემოთავაზებას დავთანხმდი.
- ვინ არიან მასწავლებლები?
- სტუდიის ხატვის მასწავლებელი გახლავთ არაჩვეულებრივი მხატვარი თეკლე ხახუბია, ხოლო ვოკალის პედაგოგი - მარი ლიკლიკაძე.
- რით არის გამორჩეული თქვენი სტუდია მსგავსი სტუდიებისგან?
- ჩვენთან ბავშვებს დახვდებათ გარემო, სადაც მათ შეიყვარებენ და წაახალისებენ. მათთვის არა მხოლოდ მასწავლებლები, არამედ დიდი მეგობრებიც ვართ. სწავლების მეთოდი ფსიქოლოგებისა და პროფესიონალების დახმარებით ჩამოვაყალიბეთ. ოთახი, რომელშიც ბავშვები ისწავლიან, ხატვის მასწავლებელმა, თეკლე ხახუბიამ მოხატა, რაც ასევე ჰარმონიულ და თბილ გარემოს ქმნის. ჩვენი მიზანი, მთელი საქართველოს მაშტაბით ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენაა. იმედი გვაქვს, რომ ბავშვებს სიმღერას შევაყვარებთ და დიდ წვლილს შევიტანთ მათ კარიერულ წინსვლაში.
- რა კრიტერიუმებით მოხდება ბაშვების შერჩევა?
- ჩატარდება ქასთინგი, ვისაც ოდნავი მონდომება და სმენა ექნება აუცილებლად მივიღებთ. რა თქმა უნდა ყველა ბავშვის შესაძლებლობები განსხვავებულია, მაგრამ მათთან ინდივიდუალური მიდგომა გვექნება, ამიტომ არც ერთი არ დაიჩაგრება. ბავშვების შერჩევა მთელი საქართველოს მაშტაბით მოხდება.

თიკა ჯამბურიას და ირინა ბაირამაშვილის ერთობლივი ბიზნესი
- რა ეღირება თქვენთან სწავლა?
- ჩვენი სტუდია სხვა მსგავსი სტუდიებისგან ფასითაც გამოირჩეულია. კვირაში ორი გაკვეთილი ჩატარდება, ყოველ თვიური გადასახადი კი 70 ლარი იქნება.
- სტუდიას სახელი ვინ დაარქვა?
- სამი დღის განმავლობაში ვფიქრობდით სახელზე, შემდეგ ჩემმა მეგობარმა სპონტანურად წამოიძახა - ,,დო რე მი", რაც საკმაოდ მარტივად და ლამაზად ჟღერს.
- რომელ მუსიკალურ მიმდინარეობებს შეისწავლიან ბავშვები სტუდიაში?
- ყველანაირ ჟანრს შევასწავლით. ქართულ სიმღერებთან ერთად, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ უცხოურიც. სტუდია არ იქნება ერთფეროვანი, მთავარია შეიგრძნონ რას ნიშნავს ნამდვილი მუსიკა. სულ რაღაც ორ თვეში ხმის ჩამწერი განყოფილებაც გვექნება, ასე რომ მუშაობა თანდათან უფრო საინტერესო და სახალისო გახდება.
- გამორჩეულ ბავშვებს ექნებათ თუ არა კონცერტებზე გამოსვლის შესაძლებლობა?
- პირობას ვდებთ, რომ წარმატებულ ბავშვებს, აუცილებლად ექნებათ სხვადასხვა კონცერტებზე გამოსვლის შესაძლებლობა. ახლო მომავალში ჩვენს მიერ დადგმული ფესტივალი ,,დო რე მი" ჩატარდება, სადაც მთელი საქართველოდან განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას. მათ ელით უამრავი საჩუქარი და საპრიზო ადგილი. ვგეგმავთ ჩვენივე სატელევიზიო პროექტის განხორციელებას, რომელშიც გამორჩეულად ნიჭიერი ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას.
- თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
- მე და ირინა ბაირამაშვილი ვგეგმავთ პროექტს - ,,ქართული სიმღერების ქავერები". სატელევიზიო პრემიერა,,ნანუკას შოუში" შედგება. ახლა მარიამ ლიკლიკაძე კი სოლო სიმღერას მიწერს, ასე რომ საკმაოდ აქტიურ მუშაობას ვაპირებ.
- ,,ახალ ხმაზე" რას გვეტყვით რა შეგძინათ ამ პროექტმა?
- ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტში მივიღე მონაწილეობა. ამ კონკურსმა შესანიშნავი მეგობრები შემძინა. ძალიან ძლიერი კონკურსანტები იყვნენ და მათგან ბევრი რამ ვისწავლე.

 

 


უკან დაბრუნება