ავტორი მეგი მაჭარაშვილი 36 წლის ხატმწერი ლაშა დარბუაშვილი სამი წლის ასაკიდან ხატავს. მანქანების ხატვით დაწყებულმა გატაცებამ ფერწერის შესწავლამდე მიიყვანა. ეკლესიურმა ცხოვრებამ კი ხატწერით დააინტერესა. ამბობს: რომ ყველა ნახატს თავისი ეპოქა აქვს. როდესაც ეკლესიური ხდები, ხატს სიღრმისეულად აღიქვამ და ხვდები, რომ ხატწერასთან შედარებით ხატვა არაფერია, ხატწერა სულთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩვეულებრივი მხატვრობა. - რა არის თქვენთვის ხატწერა? - ხატწერა ჩემთვის საეკლესიო ხელოვნება და ღმერთთან ურთიერთობაა. განვიცდი და უფრო მოკრძალებული ვხდები, როდესაც ხატს ვწერ, ვაცნობიერებ, რომ წმინდანის პორტრეტს ვქმნი. განწყობა უნდა შეიქმნა, რომ უფალმა ხატი დაგაწერინოს. მიქელანჯელოს ნახატებში სიშიშვლე, ვნებები, ადამიანების ანატომია ჩანს, რადგან ერის მხატვრობაა და თავისუფლება მიღებულია. ხატწერა კი სამოთხეა, სულ სივრცე და მარადისობაა. ხატწერაში უმეტესწილად სიმბოლოებია. პირველ საუკუნეში, რომის იმპერიაში, ძალიან ბევრ ადამიანს აკრავდნენ ჯვარზე. ამიტომ ხატწერაში მაცხოვრის შარავანდედში აუცილებლად ჯვარი უნდა იყოს გამოსახული, ქრისტეს ნიშანი. თუ შარავანდედში ჯვარი გამოსახული არ არის, ესე იგი ხატი დარღვეულია. ხატი ისე უნდა დაიწეროს, რომ მეტყველი იყოს. საერო მხატვრობისგან განსხვავებით, ხატწერაში რეალიზმი არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია არსი იყოს სწორად გადმოცემული.
- როგორ ქმნით ხატს და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული წმინდანის სახის გადმოცემა? - ზოგადად, აუცილებელია სულიერი ცხოვრება და სიმშვიდე შევინარჩუნო. მუდმივად სწავლაა საჭირო, რათა საქმეს ოსტატურად დავეუფლო. ძველად, ხატმწერები მხოლოდ ბერ-მონაზვნები იყვნენ, მოგეხსენებათ საეკლესიო მხატვრობა ერშიც გადმოვიდა. ეს ძალიან კარგია, ოღონდ ხარისხი უნდა შევინარჩუნოთ, როგორც სულიერი განათლების, ასევე მხატვრობის თვალსაზრისით. მთავარია მუშაობის პროცესის დაწყებამდე, განწყობა იყოს შექმნილი. ხან ადამიანებს შრომა გვეზარება და გარკვეულ წინააღმდეგობებს ვაბრალებთ. არის მეორე მხარეც, როცა ბევრს შრომობ იღლები და დასვენება აუცილებელია. ეს ორი მხარე უნდა გაიაზროს მხატვარმა და საკუთარ თავს ჩაუღრმავდეს. ამ დროს ადამიანმა სიზარმაცე არ უნდა იკადროს, თავხედობაა, რადგან ღვთის საქმეს ემსახურები. - რა ფერებს იყენებთ? - ცისარტყელის ფერებს, ამ ფერებიდან ნებისმიერი ფერი მიზანშეწონილია. მოწამეს აუცილებლად წითელი ფერის სამოსი უნდა ეცვას. წითელი - მოწამის ფერია, მწვანე - სიცოცხლის, ცისფერი - ზეციური ფერია, ხატწერაში შავი ფერი არ გამოიყენება.
- რამდენი წელია ხატმწერი ხართ და დაახლოებით რამდენი ნამუშევარი გაქვთ? - 8-9 წელი იქნება, რაც ხატმწერი ვარ, აქედან სამი წელი სწავლის პერიოდია. ხატწერა მუდმივი შესწავლაა, ვფიქრობ, სულიერი ცხოვრება აუცილებელია, რომ არ ხატო უბრალოდ სურათი.
- სად შეისწავლეთ ხატწერის კანონიკა? - ხატწერის კანონიკა ჯერ თეორიულად შევისწავლე, ლიტერატურას ვკითხულობდი, შემდეგ რჩევებს ხელოვანი ადამიანებისგან ვიღებდი. თავდაპირველად ხატვა ნიკოლაძეში ვისწავლე და შემდეგ სამხატვრო აკადემიაში დავეუფლე. - რა მასალით მუშაობთ? - პიგმენტებით ვმუშაობ, ეს დაფხვნილი ბუნებრივი ქვებია. არის სხვადასხვა ტექნოლოგიები, თუმცა უპირატესობას ბუნებრივი მასალით მუშაობას ვანიჭებ. - ახლა რომელ ხატს ქმნით? - ახლახანს „შენ ხარ ვენახის ხატი“ დავასრულე და ამჟამად, წმინდა ნიკოლოზის ხატს ვწერ. - თქვენი საყვარელი ხატმწერი? - ანდრეი რუბლიოვი ძალიან მომწონს. ქართველი თანამედროვე ხატმწერებიდან: დათო ხიდაშელი, გიორგი ეგნატაშვილი, დათო აფაქიძე, ზურაბ მოდებაძე და ბევრი სხვა. - პატრიარქის კურთხევით თუ გაქვთ შექმნილი ხატი და ტაძრებში შეწირული? - პატრიარქის კურთხევაა, ვისაც აქვს ნიჭი განავითაროს, ეს ყველა ხატმწერზე ვრცელდება და ჩემი მეუფის კურთხევაც მაქვს. ჩემი დაწერილი ხატები არის: ლიკანში - „მწვანე მონასტერში“, ყაზბეგში - გერგეთის სამებაში და სიონში.
უკან დაბრუნება
|