ავტორი
თინათინ რეხვიაშვილი
პოეტი, დიპლომატი და საქველმოქმედო ფონდ ,,კეთილსოფლის“ პრეზიდენტი მიხეილ ტყებუჩავა, ლექსებს 22 წლის ასაკიდან წერს. ახლა ცხრა კრებულის ავტორია, მათგან ერთ-ერთი ათას სტროფიანი პოემაა, რომელსაც ,,წამის ათასწლეული“ ჰქვია. პირველი ლექსი მთა-თუშეთიდან ჩამოსვლის შემდეგ დაწერა, მაშინ, როცა ,,ივერის ღვთისმშობლის“ ხატის ასლი მთელ საქართველოში მოგზაურობდა. მის პირველ ლექსს სახელად ,,სამოთხე დედამიწაზე" ჰქვია.
- რატომ გადაწყვიტეთ, საკუთარი სახლის სადარბაზოში, სამლოცველოს და ბიბლიოთეკის გაკეთება? - ეს ისტორია 7 წლის წინ დაიწყო. ყველაფერი ლიფტში ჩამსხვრეული სარკით დაიწყო, რომელიც ჩემს სადარბაზოში მოხდა. ამას მავნებელი ცელქი ბავშვები ჩადიოდნენ. ერთ დღეს, ექსპერიმენტისთვის, ჩამსხვრეული სარკის ადგილას, ათი მცნება ჩამოვკიდე, რის შემდეგაც მას ხელი აღარავინ მოკიდა. ათი მცნების გვერზე პატარა ამონარიდები დავკიდე და ბაგრატიონთა გენეოლოგია, სადარბაზო მუზეუმად გადაიქცა. შემდეგ პატარა სამლოცველო გავაკეთე, რომელიც 24 საათი ღიაა. კვირაში ერთხელ პარაკლისი ტარდება და სამლოცველო ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის) სახელს ატარებს. ასევე, გავაკეთე ბიბლიოთეკა, სადაც უკვე 2000-მდე წიგნია დაცული, ბიბლიოთეკა ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) სახელობისაა. რაც ყველაზე სასიხარულოა, წიგნები არ იკარგება, კითხულობენ და ისევ უკან აბრუნებენ. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ ხალხს, იმიტომ, რომ კეთილ ადამიანებს, არაერთი საინტერესო წიგნი უჩუქებიათ ბიბლიოთეკისათვის.
- როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა განსაკუთრებული უნარის მქონე ბავშვებსა და მოხუცებს შორის? - ლექსების წერა რომ დავიწყე, ამ ხალხს ჩემი პოეზიით ვეფერებოდი. ცნობილ მომღერლებთან ერთად, არაერთი კონცერტისათვის გამიწევია ორგანიზება. მინდა, რომ მათთვის ყოველი დღე დღესასწაული იყოს. ჩვენი მეგობრობა დღემდე გრძელდება.
- რატომ აირჩიეთ პოეტურ ფსევდონიმად ,,მებაღე“? - ეს ფსევდონიმი ეძღვნება ჩემს მეუღლეს ანი ეჯიბიას და ზოგადად ქალებს. სამყარო ერთი დიდი ბაღი მგონია, მეკი ერთი პატარა მებაღე ვარ, ამ ლამაზ სამყაროში. - როგორ გაიცანი თქვენი მეუღლე? - ანი ერთ-ერთ პოეზიის საღამოზე გავიცანი. სცენიდან დავინახე ლამაზი გოგონა. მომეწონა და დავიწყეთ ურთიერთობა. დღეს პატარა მარიამიც გვყავს.
- როგორ გაჩნდა ,,კეთილსოფლის“ აშენების იდეა? - მომღერალ გია ნიკოლაძესთან ერთად საქველოქმედო ფონდის დაფუძნების ინიციატივა გვქონდა. რომელსაც დიდი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ ,,კეთილსოფელი" დავარქვით. ,,კეთილსოფელი“ შენდება ყველა გაჭირვებული ადამიანისათვის. მშენებლობა ჩაქვიდან დაიწყო. ერთი მრავალშვილიანი ოჯახი თბილიშიც დავასახლეთ. საშობაოთაც გვინდა დავასახლოთ რამდენიმე ადამიანი.
არსებობს ,,კეთილსოფლის“ საქველომქმედო ფონდი, რომელიც შემოწირულობებსა და საქველმოქმედო კონცერტებზეა დამოკიდებული. თავიდან უფასო კონცერტების გამართვა დავიწყეთ, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, მაგრამ ამან სერიოზულად გვაზარალა. შემდეგ ბილეთების გაყიდვა დავიწყეთ და შემოსული თანხა გაჭირვებულ ადამიანებსა და ,,კეთილსოფლის“ მშენებლობას ხმარდება. მცირე წარმატებები გვაქვს, მაგრამ ბუნებრივია დახმარება მაინც გვჭირდება; ეს იქნება საშენი მასალა, თუ ფულადი თანხა, ვისაც რა შეუძლია. საპატრიარქოს ტერიტორიაზეც ვაშენებთ ,,კეთილსოფელს“. მეუფე დიმიტრიმ გამოგვიყო ადგილი, რისთვისაც დიდი მადლობა მას და მთლიანად საპატრიარქოს მხარდაჭერისათვის. შემდეგი საქველმოქმედო კონცერტი 13 დეკემბერს ქალაქ ბათუმში იგეგმება. ,,ბენზეს“ თეატრში, 6 საათზე. საზოგადოებას ჩვენი საქველმოქმედო ფონდის ნომერზეც შეუძლია დარეკვა და სიმბოლური თანხის გადმორიცხვა. ეს ნომერი შეუძლია ნახოს ყველამ, სოციალურ ქსელში ,,კეთისოფლის“ ოფიციალურ გვერდზე. დღეს-დღეობით, უამრავი ადამიანია ,,კეთილსოფელში“ ცხოვრების მსურველი. ეს იქნება ინტეგრირებული ადგილი, განსაკუთრებული უნარების მქონე ადამიანებისათვის. ,,კეთილსოფელი“ აშენდება ყველა ეპარქიაში საქართველოს მაშტაბით. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც გასცდება საქართველოს ფარგლებს და ,,კეთილსოფელს“ ქართველი ემიგრანტებისთვისაც ავაშენებთ. ქართული ელიტის ყველა ცნობილ სახესთან ერთად, ნებისმიერს შეუძლია შემოგვიერთდეს ამ კეთილ საქმეში.
უკან დაბრუნება
|