იუსტიციის სასწავლო ცენტრში ხუთდღიანი ტრენინგი „მოწმის გამოკითხვა“ დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ხუთდღიანი ტრენინგი „მოწმის გამოკითხვა“  დაიწყო.  ღონისძიება  იუსტიციის
მინისტრის მოადგილე -ალექსანდრე ბარამიძემ  გახსნა. 

პროგრამის მიზანი პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის − „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ − განსაზღვრული მოწმის დაკითხვის ახალი პროცედურების ამოქმედებამდე საჭირო ტრენინგების განხორციელებაა. სასწავლო პროგრამა სახელმწიფო წარმომადგენელთა ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებას   შეუწყობს ხელს და,  კანონით დადგენილი წესის შესაბამისად,  პოტენციურ მოწმეებთან  პროფესიულ კომუნიკაციას უზრუნველყოფს.

ტრენინგს ამერიკელი ექსპერტები უძღვებიან. პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში 140-მდე სახელმწიფო წარმომადგენელი გადამზადდება. მათ შორის,  პროკურატურის,   შსს-სა და ფინანსთა სამინისტროს გამომძიებლები. პროგრამის მეორე ეტაპზე გადამზადების დროს შერჩეული 40 ტრენერი მოწმეთა გამოკითხვის ახალ პროცესთან დაკავშირებით შესაბამის სტრუქტურებში დასაქმებული   გამომძიებლების  გადამზადებას უზრუნველყოფს.

მოწმეთა გამოკითხვის პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში ტრენინგები აპრილის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო მეორე ეტაპი − 2014 წლის ბოლომდე.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი მოწმეთა გამოკითხვის პროგრამის ადმინისტრირებასა და კოორდინაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროსა და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით უზრუნველყოფს.
 


უკან დაბრუნება