მოამზადა
გიორგი გაბაშვილმა
ფეხბურთის ლეგენდა - ედსონ არანტეს დუ ნასიმენტო პელე - გასულ ოთხშაბათს „ცრემლებად დაიღვარა“, როცა რიო დე ჟანეიროში, მასზე დაწერილი ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის დროს პელემ თავისი უხვგოლიანი საფეხბურთო კარიერა გაიხსენა. რაც შეეხება წიგნს, ისიც პელესავით შთამბეჭდავი გამოვიდა. წიგნი 500 გვერდიანია და სახელად „1283“ დაარქვეს. თავის კარიერაში პელემ ზუსტად ამდენი გოლი გაიტანა და წიგნიც 1283 ქვეთავისგან შედგება. ამას გარდა, წიგნი იმითაც არის შთამბეჭდავი, რომ 15 კილოგრამს იწონის და ფასიც სარეკორდო აქვს: დაახლოებით 1700 ამერიკული დოლარი „სელასიოს“ ხელმოწერით. კოლექციონერებისთვის ფასი არც ისე დიდია, თუმცა სავარაუდოდ, პელეს ყველა გულშემატკივარი ამ თანხას ვერ შეწვდება. „როცა წიგნი დავათვალიერე, ეს იყო ყველაზე ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რადგან ამ დროს მახსენდებოდა ყველა ჩემი თანაგუნდელი, ყველა ფანი და ყველა ჩემი გოლი“ - აღნიშნა პელემ. „1283“ გაყიდვაში ოქტომბრის ბოლო კვირას გამოვა, მას შემდეგ რაც პრეზენტაცია ნიუ-იორკში გაიმართება, ასევე ლონდონსა და დუბაიში.
უკან დაბრუნება
|