სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე გადაწყვეტილება 2014 წელს გამოცხადდება

სტრასბურგის სასამართლოში, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე, გადაწყვეტილება, 2014 წლის განმავლობაში გამოცხადდება. ეს პასუხი იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წარმოადგენს სტრასბურგის სასამართლოში, მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრი საჩივრის ბედით დაინტერესდა და სტრასბურგის სასამართლოს შეახსენა, რომ საქმეზე ზეპირი განხილვა, ჯერ კიდევ 2012 წლის ივნისში იყო დასრულებული. სტრასბურგის სასამართლოს წერილში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რატომ დაგვიანდა გადაწყვეტილების გამოქვეყნების პროცესი.

რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციასთან დაკავშირებით, საქართველომ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ, სტრასბურგში 2007 წლის მარტში შეიტანა. 2009 წლის 16 აპრილს, გაიმართა ზეპირი განხილვა საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, რომელშიც ქართული და რუსული მხარეები მონაწილეობდნენ. 2009 წლის 30 ივნისს, სასამართლომ, საქართველოს საჩივარი დასაშვებად ცნო და საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ის განსახილველად  სასამართლოს დიდ პალატას გადასცა.
2011 წლის 1 თებერვლიდან, 5 დღის განმავლობაში, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ, ზეპირი მოსმენის წესით დაკითხა მოწმეები. პირველი ორი დღე, ქართული მხარის მიერ წარდგენილი ათამდე მოწმის მოსმენას დაეთმო,  ხოლო დანარჩენ დღეებში, სასამართლო, რუსეთის მხარის მოწმეებს უსმენდა.
2012 წლის 13 ივნისს, ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ, კიდევ ერთხელ მოუსმინა მხარეებს, რის შემდეგაც სასამართლომ, საქმის არსებითი განხილვა დაასრულა.

მიმდინარე წელს, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საჩივრის ბედით ოფიციალურად დაინტერესდა და სასამართლოსგან პასუხი წერილობით გამოითხოვა იმის შესახებ, თუ როდის გამოქვეყნდება გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულ საქმეზე.
 

 


უკან დაბრუნება