პატრიარქის ხელდასმულნი

ავტორი
თინათინ რეხვიაშვილი
ჟურნალი ,,geoelite" საპატრიარქოს ანსამბლ ,,დები გოგოჭურების“ ერთ-ერთ წევრს თამარ გოგოჭურს ესტუმრა, რომელიც ანსამბლის შემოქმედებით გზაზე გვესაუბრა.
თამარ გოგოჭური: ჩვენ ბავშვობიდან, ჯერ კიდევ ხუთი წლის ასაკიდან ვმღერით. ანსამბლში ჯერ ათნი ვიყავით, ბიძაშვილები გოგოჭურები. მაგრამ ახლა, სასიმღერო კარიერას ოთხნი შემოვრჩით: მე, ქეთევანი, მარიამი და მანანა. უკვე მეოთხე წელია, რაც საპატრიარქოს ანსამბლი ოფიციალურად გავხდით. ვასრულებთ ხალხურ სიმღერებს.
სანამ საპატრიარქოს ანსამბლი გავხდებოდით, ანსამბლის დაშლის საშიშროება იყო, რადგან ჩვენი გამოსვლები ძალიან ერთფეროვანი გახდა. არ გვქონდა არანაერი პერსპექტივა. ერთხელ გვთხოვეს, უწმინდესის იუბილეზე გვემღერა, ილია II-მ  მოგვცა კურთხევა, ჩავსულიყავით სნოში და გვემღერა კონცერტზე. მაშინ გვითხრა, რომ ჩვენ საპატრიარქოს ანსამბლი უნდა ვყოფილიყავით. ძალიან ვინერვიულეთ, როდესაც უწმინდესთან ერთად პატარა ოთახში ვიჯექით და თავად გვირჩევდა რეპერტუარს, თუ რა უნდა შეგვესრულებინა კონცერტზე. მთელი ცხოვრება მემახსოვრება ეს ემოციები. როგორც მოგახსენეთ, ანსამბლში, თავიდან ათნი ვიყავით, მაგრამ ზოგი გაბედნიერდა; ერთ-ერთი ბიძაშვილი, მზექალა გოგოჭური მონასტერში წავიდა, რომელსაც ახლა მორჩილი ნინო ჰქვია. მას ყველაზე ძლიერი ხმა ჰქონდა. ჩვენს შორის იყვნენ ბიჭებიც, გიორგი, იმედა და თორღუა. მაგრამ ისინი დღეს უკვე აღარ მღერიან.
- თამარ როგორ შეიქმნა ხევსურული სახლი ,,სამედაშენისო"?
- ,,სამედაშენისო“, უკვე სამი წელია ფუნქციონირებს, სადაც ხევსურული სიმღერა ხატვა და ხევსურული ქარგვა ისწავლება. წელს ხალიჩის ქსოვაც დავამატეთ. მოსწავლეებიც მოგვიმრავლდა. ხევსურული ფოლკლორი ორხმიანია, რომელიც ჩვენი ბებოსგან მარიამ ჭინჭარაულისგან ვისწავლეთ. ჩვენ ფოლკლორს არ ვეხებით, ვქვნით ახალ სიმღერას ძველზე დაფუძნებულს, ჰარმონია იგივეა, მაგრამ ჩვენ შევძელით მისი ოთხ ხმაში გაშლა.

პატრიარქის ხელდასმულნი
- თქვენ გაქვთ სამი ალბომი, კიდევ, თუ აპირებთ ახლის გამოცემას სამომავლოდ?
- დიდი სურვილი გვაქვს, რომ ალბომი ჩავწეროთ, ახალი სიმღერებიც მოგვიგროვდა. გაზაფხულზე გვექნება სოლო კონცერტი და ასევე, ახალი ალბომის პრეზენტაციაც, მაგრამ ჯერ-ჯერობით სახელი არ მოგვიფიქრებია.
- თქვენი კლიპის შესახებ გვესაუბრეთ. 
- ფეისბუქის მეშვეობით შეგვეხმიანენ მეგობრები, ერთი წელი გვწერდნენ, რომ ჩვენთვის კლიპის გადაღება უნდოდათ. თავიდან არ ვუჯერებდით. მერე თბილისში ჩამოვიდნენ და ჩვენთან ,,სამედაშენისოში" მოვიდნენ და მხოლოდ მაშინ დავიჯერეთ, რომ ამ კლიპის გადაღება რეალობა იყო.აპარატურა თავად ჩამოიტანეს და სამ რეგიონში გადავიღეთ ეს კლიპი. კლიპისთვის სიმღერა ,,მთიელთა თამაშობა“ მათ შეარჩიეს. კარგად იცოდნენ ჩვენი შემოქმედება. ჩვენ წარმოშობით ხევსურეთის სოფელ  გუროდან ვართ, სადაც ნამყოფი არ ვიყავით. ძალიან გვაწუხებს ის ფაქტი, რომ გუროში ხალხი აღარ ცხოვრობს, სოფელი დაცლილია. სიმღერების გარდა, ჩემი და ქეთი ლექსებსაც წერს, მისი ერთ-ერთი ლექსი სოფელ გუროს უნახაობის ტკივილს შეეხებოდა. მაგრამ ქეთიმ წელს, ზაფხულში შეძლო გუროში წასვლა, სადაც მეორე ლექსი დაწერა, უკვე იმედით სავსე.

პატრიარქის ხელდასმულნი
- თამარ, მოგვიყევით ხევსურეთში შემდგარი ჯვრისწერის შესახებ, სადაც თქვენ პატარძლის ხელისმომკიდე იყავით.
- ეს ჯვრისწერა 19 სექტემბერს იყო, წყვილთაგან არცერთი არ არის ხევსური, მაგრამ ხევსურეთის სიყვარულმა ისინი ჯერ დაამეგობრა, შემდეგ კი სამუდამოდ დააკავშირა. სიძე - გიორგი ჩემი მეგობარია, რომელსაც 8 წელია ვიცნობ, ხოლო პატარძალი მაკრინე, სამი წლის წინ გავიცანი. მათი დიდი სურვილი იყო, ჯვარი ხევსურეთში დაეწერათ. პატარძალმა ხელისმომკიდედ გაყოლა მთხოვა, რასაც დიდი სიხარულით დავთანხმდი და ხელი შევუწყვეთ ამ ლამაზი სიყვარულის დაგვირცვინებას. შევეცადეთ, რომ ქორწილი ხევსურული ტრადიციების მიხედვით ჩატარებულიყო. ძნელია,რომ ხევსურულ ქორწილში, ყველაფერი ზედმიწევნით დაიცვა, თუნდაც ხინკლის მოხარშვის, ცხვრის დაკვლის და ლუდის დუღების ტრადიცია. ხევსურული ქორწილისთვის სამზადისი ერთი თვით ადრე იწყება. მაგრამ ძნელია ამ ყველაფრის დაცვა, როცა ხალხი იქ აღარ ცხოვრობს. ჩვენ, მხოლოდ ერთი დღით ჩავედით და ჯრისწერის შემდეგ, უკან დავბრუნდით.
ტრადიციის მიხედვით ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე ვისხედით. მაკრინე ჩვენთან ერთად ერთობოდა ცეკვავდა და მღეროდა. შევეცადეთ,რომ ეს ტრადიცია არ დაგვერღვია. მართლაც ხევსურული ქორწილი იყო. ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა.

 


უკან დაბრუნება