მამა თავმასი: გაუფრთხილდით სიყვარულს და ნუ გააუბრალოებთ გრძნობას

ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
,,თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამიანის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს. ნეკნისგან უფალმა, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა და მიუყვანა. თქვა ადამმა: ,,ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისაგან არის გამოღებული. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ" (დაბად. 2,18,22-24).
ჟურნალი ,,ნათლია" ქორწინების საიდუმლოზე სასაუბროდ, ჯვრის მამის ეკლესიის მოძღვარს, დეკანოზ მამა თავმასს ესტუმრა. 
- დაგვლოცეთ მამაო
- ღმერთმა დაგლოცოთ.
- მამაო, რაში მდგომარეობს ჯვრისწერის საიდუმლო?
- ახალი ოჯახის კურთხევისთვის, ეკლესიამ ქორწინების საუდუმლო - ჯვრისწერა დაადგინა.  ყოველი ქრისტიანი ადამიანი, რომელიც ოჯახის შექმნას გადაწყვეტს, ყველაფერი მოძღვრის კურთხევით უნდა გააკეთოს. საცოლეც და საქმროც, უნდა მართმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებელი იყოს: მაზიარებელი, მლოცველი, ინახავდეს მარხვას და შემდეგ, შვილებიც ღვთისნიერად უნდა აღზარდონ. რაც მთავარია, მათი ურთიერთკავშირი ჯვრისწერით უნდა იყოს განმტკიცებული. 
- ჯვრისწერის დროს მეუღლეებს თავზე გვირგვინს რატომ ადგამენ?
- გვირგვინის დადგმა, ქორწინების საიდუმლოს მთავარი მომენტია: მღვდელი ადგამს გვიგვინს, სამეფო ჯვარის სახით გარდასახავს მათ, ამთხვევინებს საცოლე-საქმროს, მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებს, რომელიც გვირგვინზეა მიმაგრებული, თან წარმოსთქვამს სიტყვებს: ,,გვირგვინოსანი იქნება მამა ღვთისა და მხევალი ღვთისა". გვირგვინი მეუფებას ნიშნავს.
- რატომ ეძლევა უფლება ქალს, ცხოვრებაში ერთხელს, საკურთხეველზე ასვლის?
- ერთადერთი დღეა, როდესაც ქალს უფლება აქვს საკურთხეველზე ასვლის, ეს დიდი პატივია. ქალი - დედა ეკლესიას განასახიერებს.
- რამდენად დიდი დანაშაულია უკანონო ქორწინება?
- უკანონო ქორწინება მრუშობაა, რაც მოგეხსენებათ ცოდვად ითვლება. ადამიანი, რომელიც ღვთის სათნო ცხოვრებით ცხოვრობს – ეკლესიაში წირვა-ლოცვას ესწრება, აღსარებას აბარებს, და მარხვასაც ინახავს, ასეთ ცოდვას არ ჩაიდენს. 
- რამ შეიძლება დაიცვას ღალატისაგან ოჯახი?
- უფალთან ახლოს ყოფნამ. მან ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა, რაც ადამიანს ამ სახის ფრთხილად მოპყრობას აკისრებს და არ უნდა წაბილწოს სიძვის ცოდვით. ის ადამიანი კი, რომელიც უფლისგან შორსაა, ოჯახის სიწმინდეზეც არ ფიქრობს და საფრთხის წინაშე აყენებს თავის მომავალს. 
- რამდენად რთულია ოჯახური სიწმინდის დაცვა და ქრისტიანული ცხოვრება, რას ავალდებულებს ცოლ-ქმარს?
- ცოლ-ქმარი ერთობლივად უნდა ლოცულობდეს, ქრისტიანულად უნდა აღზარდონ შვილები. უფალი ამბობს: ,,ექვს დღეს იქმნოდე  და ჰქმენ მას შინა საქმენი კეთილი, ხოლო  დღე იგი მეშვიდე არს უფლისა შენისა". მეშვიდე დღე უნდა მიუძღვნან უფალს, ღვთის სათნო საქმეებს აკეთებდნენ. ყოველ ადამიანს უნდა ჰყავდეს ერთი ადამიანი ან ერთი ოჯახი, ვისაც სისტემატიურად დაეხმარება. 
- ადრეულ ასაკში დაქორწინებული წყვილი ხშირად შორდება, თუ ჯვარი აქვთ დაწერილი, განქორწინების შემდეგ, ჯვრის აყრის უფლება რა შემთხვევაში ეძლევათ?
- თუ წყვილმა ერთმანეთის მიმართ სიყვარული დაკარგა, რის საფუძველზეც მოხდა მათი განშორება, ასეთ შემთხვევაში ეკლესია ჯვრის აყრაზე უარს არ ამბობს. 
- მეორედ ქორწინება ქრისტიანულ სარწმუნოებას თუ ეწინააღმდეგება?
- თავად მაცხოვარმა დაგვიდო ცნება - ქორწინების ერთგულების უსათუოდ დაცვა. იგი გვმოძღვრავს: ,,რომელი იგინი ღმერთმა შეაუღლა კაცნი ნუ განაშორებენ." ეკლესია, მხოლოდ განსაკუთერებული დარღვევების შემთხვევაში იძლევა თანხმობას განქორწინებაზე. ეს არის შემთხვევა, როცა ქორწინება სიძვა-მრუშობით შეიბილწა, ან და უკვე დანგრეულია ცხოვრებისეული მიზეზებით. მაგალითად: ერთ-ერთი მეუღლის მრავალწლიანი არყოფნით, წასვლით, როცა მისი ბედ-იღბალი უცნობია. მეორედ დაქორწინება დაიშვება დაქვრივევის შემთხვევაში, როცა გარდაიცვლება ან ქმარი, ან ცოლი. მეორედ ქორწინება არ არის იმ ზომით სიხარული, როგორც პირველი, რადგან განმსჭვალულია სინანულით. ხოლო რაც შეეხება მესამე ქორწინებას - შეიწყნარება, როგორც უმცირესი ბოროტება უდიდესისა, სიძვის თავიდან ასაცილებლად. ეს ნიშნავს იმას, რომ მრუშობას და სიძვას სჯობს, ისევ მესამედ ქორწინება.
- რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც უკანონოდ ქორწინდებიან?
- ჩვენ ტრადიციების მატარებელი ერი ვართ და ეს ტრადიციები არასოდეს მოიშლება, რადგან ბევრმა ქართველმა იცის ჩვენი გმირული ისტორია, ჩვენი წარსულის ფასი, ამ ფასეულობებზე უნდა აღმოცენდეს მომავალი თაობა. მხოლოდ მაშინ უნდა იქმნას ადამიანი ერთ ხორც და ერთ სულ, როდესაც ქრისტიანული ჯვრისწერა მოხდება. ჩვენ იმიტომ ვიყავით თორმეტი მილიონი თამარ მეფის დროს, რომ ქართველს ღვთის შიში ჰქონდა: აბორტს არ იკეთებდა, უკანონოდ არ ქორწინდებოდა და ღმერთიც იცავდა დედა-ღვთისმშობლის რჩეულებს. იმდენად დიდი უნდა იყოს ადამიანებს შორის სიყვარული, რომ ამ სიყვარულმა გააქროს სიძულვილი პირისაგან მიწისა.
ახალგაზრდებს კეთილი განზრახვით ვურჩევდი: შექმენით ოჯახი, გიყვარდეთ და გაუფრთხილდით! გულს ნუ ატკენთ ერთმანეთს. ყოველი მღვდელმსახური არის სიყვარულის მოძღვარი და მე, როგორც სიყვარულის ერთ-ერთი მოძღვარი გთხოვთ, გაუფრთხილდეთ სიყვარულს და ნუ გააუბრალოვებთ გრძნობას.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ სულიერად, ხორციელად სიყვარულში!

 

 

 


უკან დაბრუნება