გრიგოლ ქსოვრელის აღდგენილი ჩანაწერების დისკის პრეზენტაცია გაიმართა
|
ავტორი მეგი მაჭარაშვილი გრიგოლ ქსოვრელი, 1921 წელს, თბილისში დაიბადა. პატარა გრიგოლს მუსიკა თავიდანვე იტაცებდა. განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულმა მოზარდმა, 12 წლის ასაკიდან, უკვე არაერთი საბავშვო მუსიკალური კოლექტივი ჩამოაყალიბა. 1962 წელს, გრიგოლ ქსოვრელი, მედუდუკეთა ანსამბლ ,,სოინარს“ სათავეში ჩაუდგა. ანსამბლს დიდი წარმატება ხვდა წილად. მინიჭებული ჰქონდა ფესტივალის ლაურიატის წოდება, მედლები და პირველი ხარისხის დიპლომები. გრიგოლ ქსოვრელი საკომპოზიტორო მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი მრავალი სიმღერისა და მუსიკალური ნაწარმოების ავტორია. ხშირად აფორმებდა კონცერტებსა და სხვადასხვა მუსიკალურ დადგმებს, საქართველოს რადიოსა და ტელევიზიაში. შესრულებული აქვს, არაერთი ეპიზოდური კინო-როლი, გახმოვანებული აქვს ფილმები: ,,მაია წყნეთელი“, ,,ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“, ,,ქალაქი ანარა“, ,,წყალდიდობა“, ,,დაბრუნებული ღიმილი“, ,,ფიროსმანი“, ,,ბებერი მეზურნეები“, ,,მთვარის მოტაცება“ და ,,მზე შემოდგომისა“. მან, ასევე გაახმოვანა სპექტაკლები ,,იეთიმ გურჯი“ და ,,ბებერი მეზურნეები“. ის იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი. ბევრ დამსახურებულ მსახიობსა, თუ მომღერალთან თანამშრომლობდა და გამოდიოდა ქართულ სცენაზე: ზურაბ ანჯაფარიძესთან, თენგიზ ზაალიშვილთან, რამაზ ჩხიკვაძესთან, გურამ საღარაძესთან, ირაკლი უჩანეიშვილთან, ელენე ყიფშიძესთან, ზინა კვერენჩხილაძესთან, მედეა ჯაფარიძესთან, ეთერ ჭელიძესთან, მედეა ძიძიგურთან და მრავალ სხვასთან ერთად. მან შექმნა ქართული დუდუკის მთელი ეპოქა. მოწაფეები დიდ მასწავლებელს ,,გრიშა პაპას“ ეძახდნენ. გრიგოლ ქსოვრელის სახელი არსებობას, მისი გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებს. დიდი მასწავლებლის საქმე, შემდეგ მოწაფეებმა გააგრძელეს. ანსამბლი ,,სოინარი“, დღეს, უკვე მისი დამაარსებლის სახელს ატარებს. ,,ქსოვრელები“ - ჩვენ, სწორედ ამ სახელით ვიცნობთ იმ მუსიკოსებს, რომლებიც გრიგოლ, იგივე გრიშა ქსოვრელის დანატოვარ ჰანგს ახლაც აჟღერებენ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, საქართველოს დამსახურებულ არტისტ გრიგოლ ქსოვრელის დისკის პრეზენტაცია გაიმართა. ამ ალბომში ანსამბლ „სოინარის“ თვრამეტი სიმღერაა წარმოდგენილი. კომპოზიციები, განახლებული სახით, აუდიო ვერსიაზე გადაიტანეს. ალბომი ,,სანოს“ სტუდიაში ჩაიწერა. საღამოს წამყვანი გახლდათ : გრიგოლ ქსოვრელის შვილიშვილი, მსახიობი - ნინო მუმლაძე. პრეზენტაციას უამრავი მსახიობი, საზოგადო მოღვაწე დაესწრო და მონაწილეობა მიიღეს: მურმან ჯინორიამ, მარინა საღარაძემ, ნიკუშა შენგელაიამ და სხვებმა. ,,ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ვფიქრობდი, რა მეთქვა, რა მომემზადებინა... ამ წუთს სცენაზე ორი ბუმბერაზი ადამიანი: გურამ საღარაძე და გრიგოლ ქსოვრელი ვიხილეთ და მოვისმინეთ მათი კომპოზიცია, ამაზე მეტი რა ვთქვა ...“ - მარინა საღარაძე. ,,ეს დისკი, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ უნიკალურია იმით, რომ აქ არის აჟღერებული ძველი ჩანაწერები, სადაც თავად გრიგოლ ქსოვრელი მღერის და უკრავს დუდუკზე. ჩემთვის, როგორც შვილიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გრიგოლ ქსოვრელის სახელი, ისევ ცოცხლობს ხალხში და ამ დისკის მეშვეობით ყველას, ვისაც უყვარდა ძველი, ქსოვრელის დუდუკის ჟღერადობა, ექნება საშუალება კვლავ მოისმინოს.“ - განაცხადა ნინო მუმლაძემ.
უკან დაბრუნება |