სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ა.წ. 17 მაისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია სექსუალური უმცირესობების და მათი მხარდამჭერების შეკრება, რომელიც მიზნად ისახავს არა ამ ადამიანების რეალური პრობლემების მოგვარებას, არამედ თემით სპეკულირებას, რადგან ფაქტია, ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული ტრადიციული აზროვნების მიუხედავად, მათ შეუზღუდავად შეუძლიათ წარმართონ თავისი პირადი ცხოვრება.

ფაქტია ისიც, რომ არის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, რომელიც საერთოა ყველა დროსა და სივრცეში; მათ შორისაა ზნეობრივი კანონები.

ყველა რელიგია და მეცნიერული მიმართულებებიც (ფსიქოლოგია, მედიცინა) ჰომოსექსუალიზმს ანომალიად და დაავადებად მიიჩნევს (რა თქმა უნდა არ ვგულისხმობთ ახლად შექმნილ ფსევდო-მეცნიერულ შეხედულებებს).

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება

ეკლესია ასეთ მიდრეკილებების მქონე ადამიანებს განიხილავს მეტად მძიმე ცოდვაში მყოფ პიროვნებებად, რომელთაც დახმარება და გამოსწორებისათვის სულიერი თანადგომა სჭირდებათ და არა წახალისება და, მითუმეტეს, მათი მდგომარეობის მოსახლეობისათვის თავსმოხვევა.

ეს იგივეა, რომ მოგწონდეს ნარკომანის ქმედება და თანაც ნარკომანიის საყოველთაო აფიშირებას ახდენდე. 

ჩვენს ხალხს სულ სხვა სულისკვეთება აქვს და ამიტომაც გასაგებია მათი მძაფრი პროტესტი კონკრეტულად ამ და ზოგადად ასეთი შეკრებების მიმართ.

ჩვენი მოქალაქეები ამაში ხედავენ უმრავლესობის უფლებების დარღვევას, მათი ტრადიციების, სარწმუნოებისა და, ზოგადად, აზროვნების წესის შეურაცყოფას. 

ვფიქრობთ, თბილისის მერიამ და ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ეს და გააუქმოს ჰომოსექსუალებისათვის მიცემული ნებართვა დემონსტრაციისა;

მითუმეტეს, რომ დღეს მთელს ქვეყანაში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული მოყვასისათვის  თავგანწირული ვაჟკაცების გარდაცვალებასთან დაკავშირებით. 

შევნიშნავ იმასაც, რომ საერთაშორისო კონვენციები ცალსახად იძლევიან იმის უფლებას, რომ, „საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, უწესრიგობისა და დანაშაულის თავიდან აცილების, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის მიზნით“ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

16.05.2013

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება

რელიგიური გაერთიანებების განცხადება

გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება 17 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრესი დასაყრდენია, ხოლო მისი უზრუნველყოფა – საზოგადოებრივი დემოკრატიული პროცესების წარმატებით წარმართვის აუცილებელ პირობას. ეს თავისუფლება ერთის მხრივ ინდივიდის თვითრეალიზაციის საშუალება, ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოებისათვის საჭირბოროტო თემებზე აზრის გამოთქმის, დისკუსიების, დებატების გზით შეთანხმების მიღწევისა და საზოგადოების განვითარების წინაპირობაა. დემოკრატიული საზოგადოებისათვის ასევე ფასეულია შეკრებების თავისუფლების უზრუნველყობა, რომელიც გამოხატვის რეალიზების ერთ-ერთი საშუალებაა.

ამასთან  საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ როგორც გამოხატვის, ასევე შეკრების თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს და იგი რიგი პირობების შედეგად შეიძლება შეიზღუდოს. საქართველოს კონსტიტუცია, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია თუ სხვა საერთაშორისო დოკუმენტები ამომწურავად მიუთითებენ იმ პირობებს რომლის დროსაც შეიძლება შეზღუდული იყოს იგი. სხვასთან ერთად ესენია უწესრიგობისა და დანაშაულის აღკვეთა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დანაშაულის თავიდან აცილება, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვა, ჯანმრთელობისა და მორალის დაცვა. ზემოაღნიშნულში ორი ფასეულობის - რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლების კონფლიქტიც მოიაზრება.

თუ ევროპული სასამართლოს პრაქტიკას გადავხედავთ თვალნათლივ დავინახავთ, რომ აქ ერთიანი ევროპული სტანდარტის დადგენილი არ არის. ამის გამო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა თუ მორალურ კრიტერიუმებთან დაკავშირებულ საქმეებში ევროპული სასამართლო ყოველთვის ეროვნულ სასამართლოებს უტოვებს შეხედულების საკმაოდ ფართო არეს, რათა მათ საკუთარი ქვეყნის თავისებურებებიდან გამომდინარე დაადგინონ, თუ სად გადის ეს ზღვარი და რას მოითხოვს საზოგადოებრივი ინტერესი. და როგორც წესი ეს დავა მორალის, საზოგადოებრივი ზნეობისა თუ რელიგიური გრძნობების სასრგებლოდ წყდება.  

ამიტომ ქვეყანაში სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმ ტრადიციული რელიგიების მიმდევარია, რომლის მოძღვრების მიხედვით ერთსქესიან ადამიანთა სქესობრივი ურთიერთობები ცოდვად მიიჩნევა, 2012 წლის 17 მაისის მსგავს პროპაგანდისტულ აქციებზე საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს, მშვიდობიანი, არაძალადობრივი ფორმით გამოხატოს პროტესტი.

სამწუხაროდ, გასულ წელს, ჩვენ მომსწრენი გავხდით არაერთი უხამსი და საზოგადოებრივი მორალისათვის შეუფერებელი ქმედებისა, რომელთაც ადგილი ჰქონდათ არასრუსწლოვანთა თვალწინ. იმედია, წელს მსგავს მოვლენებს არ ექნება ადგილი.

ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება არის ხელშეუხებელი. ამასთან, მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს საჯაროდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავიანთი სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებისა და პროპაგანდისაგან თავი შეიკავონ, რადგან ამგვარი ქმედება საზოგადოებრივი მორალისათვის არის მიუღებელი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება

1.საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

2.ამიერკავკასიის მუსულმანთა სამმართველოს წარმომადგენელი საქართველოში

3.სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო

4.სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია 

5.ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია

6.ევანგელურ–ლუთერანული ეკლესია საქართველოში

7.ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია

8.მეშვიდე დღის ქრისტიან - ადვენტისტთა ეკლესია საქართველოში

9.ხსნის არმია საქართველოში 

ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას, მაგრამ არ შეიძლება ამის პროპაგანდა. ადამიანი შეიძლება ჩავარდეს ცოდვაში, უნდა ითქვას, რომ საერთოდ ეს არის ცოდვა და ვერავითარი რელიგია ვერ დაუჭერს მხარს ამ ცოდვას. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ცოდვა ღვთის წინაშე. მაგრამ ამავე დროს ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი, მაგრამ არ ჩავერიოთ პირად ცხოვრებაში. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება და მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, ყველას - ერთ მხარესაც, მეორესაც, რომ დატოვონ ქუჩები და წავიდნენ სახლში და ილოცონ ერთმანეთისთვის

17.05. 2013 წელი

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება

შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი წესები, ჩვენები წეს-ადათი, მაგრამ ამავე დროს არ უნდა იყოს ძალადობა და არავინ არ უნდა მოახვიოს ერთმანეთს თავის იდეები. მე მინდა ვთქვა, რომ ეს მოხდა იმ დროს, როცა სამი ჯარისკაცის გლოვა იყო საქართველოში და ეს ძალიან ცუდია, რომ ამას ყურადღება არ მიაქციეს.

სრულიად საქართველოს 

კათოლიკოს პატრიარქი ილია II

20.05.2013 წელი კონსტანტინოპოლი

 

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება 

საქართველოს საპატრიარქო  გამოთქვამს გულისტკივილს იმ მოვლენების გამო, რაც მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ ა. წ. 17 მაისს თბილისში დაგეგმილი აქციის ჩატარების მცდელობას, რომელსაც, ჩვენის აზრით, პროვოკაციის ხასიათი ჰქონდა. 

ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტიანული და სხვა (მუსლიმური და იუდეური) ტრადიციული სარწმუნოების მიმდევარია, ამგვარი აქციები მოსახლეობის მიერ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად აღიქმება, რაც მათ სამართლიან პროტესტს იწვევს. მითუმეტეს, რომ აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა არაფერს გაუწიეს ანგარიში და შეარჩიეს ის დრო და ადგილი, რომელიც ჩვენს ისტორიულ მეხსიერებასთან და ტრადიციებთან ძლიერ ემოციურ კავშირშია. ეს კი დამატებით გამაღიზიანებელ, მაპროვოცირებელ ფაქტორად იქცა.

ქვეყანა ვერ შეეგუება ცოდვის ლეგალიზებას. ეკლესიას ადამიანი უყვარს, მაგრამ ისევ ადამიანის სიყვარულიდან გამომდინარე, ებრძვის ცოდვას მისი სულის გადასარჩენად.

მიუხედვად ამისა, ძალადობას გამართლება არ აქვს. ჩვენ ცალსახად ვემიჯნებით მომიტინგეთა ნაწილის აგრესიულ ქმედებებს, რომელიც არც სამართლებრივ  და არც სარწმუნოებრივი ქცევის ნორმებში არ ჯდება.

სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ, ამ ერთეულმა ადამიანებმა მთელ ეკლესიას მიაყენეს ზიანი.

საპატრიარქო შეისწავლის მათ ქმედებებს და ჩვენის მხრიდანაც მივიღებთ სათანადო ზომებს.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ თუ არა სასულიერო პირების უდიდესი ნაწილის ძალისხმევა და პოლიციის თანამშრომელთა თავდადებული ქმედება, შედეგები გაცილებით მძიმე იქნებოდა.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.

22 მაისი 2013 წელი

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება

საქართველოს საპატრიარქოს პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

2013 წლის 24 მაისს, სრულიად საქართვლოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II  მღვდელმთავრებთან ერთად შეხვდა ინტერრელიგიურ სამუშაო ჯგუფში შემავალი რელიგიური გაერთიანებების წამომადგენლებს.

ყველამ გამოთქვა წუხილი 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება ძალადობრივი მოწოდებისა და ქმედებების გამო. 

ამასთანავე, რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა ერთხმად დააფიქსირეს თავისი პოზიცია და აღნიშნეს, რომ ერთსქესიანთა  ურთიერთობა უმძიმესი ცოდვა არის და, ამდენად, მისი პროპაგანდა, ტირაჟირება და პოპულარიზაცია ყოვლად მიუღებელია.  

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და დამსწრე რელიგიური დენომინაციების ლიდერები შეთანხმდენ, დაიწყონ აქტიური მუშაობა, რათა თავის მხრივ ხელი შეუწყონ საზოგადოებაში არსებული ამ და სხვა პრობლემების მოგვარებას.

დაიგეგმა კონკრეტული ერთობლივი ღონისძიებებიც:

ა). მოხდეს ზნეობრივ თემებზე ერთობლივი წიგნის (ან წიგნების) პუბლიკაცია; ბ). ყველამ შეუწყოს ხელი ოჯახის, როგორც სახელმწიფოს უმრთავრესი საყრდენის, სიწმიდისათვის ზრუნვის გაძლიერებას;   გ). ეთხოვოს სახელმწიფოს  ოჯახის დღის დაწესება-აღნიშვნა; დ). მოხდეს ზოგადად საგანმანათლებლო საქმიანობის გააქტიურება; ე). საკანონმდებლო ორგანოსათვის განსახილველად შემუშავდეს გარკვეული წინადადებები, რომელიც მოზარდების მავნე ზემოქმედებისაგან დაცვას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ლიდერები შემდეგი რელიგიური დენომინაციებიდან:

იუდეური თემი, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია, ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წამომადგენლობა, ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, იეზიდთა თემი,  სახარების რწმენის ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისთა ეკლესია, ასევე _ ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი პაატა გაჩეჩილაძე, კონფესიათაშორისი დიალოგისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი თეა გოგოტიშვილი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება


უკან დაბრუნება