ქართველმა კარატისტებმა პრემიერ ლიგაზე თავი ისახელეს
|
6-8 სექტემბერს, სტამბულში, კარატეს პრემიერ ლიგის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც მონაწილეობას 45 ქვეყნის, 700 ზე მეტი სპორტსმენი იღებდა. წლევანდელი პრემიერ ლიგა, უფრო ხმაურიანი აღმოჩნდა, რადგან მსოფლიოს წამყვანი კარატისტები ასპარეზობდნენ და საკუთარი ქვეყნიდან გულშემატკივრებიც არ აკლდათ. ,,კარატეს პრემიერ ლიგა, ერთ-ერთი რთული მოსაგები ტურნირია და ამავე დროს, მეტად პრესტიჟული, რომელში მონაწილეობისთვისაც დიდი შესარჩევი ეტაპი უნდა გაიარო. აქვე, აღვინიშნავ, რომ ეს არის ევროპული დონის ღონისძიება კარატეში და ამით ჩვენ ოლიმპიადისთვის სამზადისსაც ვპასუხობთ, რაც ასევე კარგად მიმდინარეობს კარატეს მსოფლიო ფედერაციაში. შედეგები ნამდვილად კარგი ვაჩვენეთ - ორმა ქართველმა სპორტსმენმა გოგიტა არქანიამ (-84) და დავით ტყებუჩავამ (-60) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ამ ეტაპზე კმაყოფილების უფლება გვაქვს, მაგრამ ეს არაა ჩვენი მაქსიმუმი," - განაცხადა სტამბულიდან დაბრუნებულმა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ. ქართველი კარატისტების ეროვნულ ნაკრებს, 21-22 სექტემბერს, ასპარეზობა ლონდონში მოუწევთ, მსოფლიო ჩემპიონატზე. ამის შემდეგ ჩვენი ნაკრები ბურსას ეწვევა (თურქეთი), სადაც ევროპის ჩემპიონობისთვის ჩვენი ნაკრები ყველა ასაკობრივ ჯგუფში გამოვა და იმედია, ბევრი მედალი გვექნება. 13 ოქტომბერს კი ,,მშვიდობის თასი" გათამაშდება ზუგდიდში, რომელშიც გალიდან აფხაზეთის კარატისტებიც იასპარეზებენ.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი, საქართველოს კარატე ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი
უკან დაბრუნება |