თბილისში ტერორისტები დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა. კერძოდ, საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის, შს სამინისტროს სხვა ოპერატიული დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დღეს გამთენიისას, თბილისში დაკავებული იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი, რომელთა დროებითი საცხოვრისიდან, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.
გამოძიების ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს.
ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტერორისტული აქტის მომზადებაში მხილებულ პირთა დანაშაულებრივი კავშირების - ხელშემწყობებისა და მფარველების - გამოვლენისა და გაუვნებელყოფის მიზნით როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ვინაიდან მიკაილ კადიევის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე პირი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამართალდამცავების მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა დაკავებული.
ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას გამოძიების შედეგების თაობაზე და გვსურს დაგარწმუნოთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს ტერორიზმის საფრთხისგან საქართველოს მოქალაქეების დაცვის მიზნით.

 


უკან დაბრუნება