რეზო გაგუა: პანიკური შიში კიბოს მიმართ უნდა დავძლიოთ და უნდა შევიგნოთ, რომ კიბო დიაგნოზია და არა სასიკვდილო განაჩენი
|
რეზო გაგუა: პანიკური შიში კიბოს მიმართ უნდა დავძლიოთ და უნდა შევიგნოთ, რომ კიბო დიაგნოზია და არა სასიკვდილო განაჩენი
ავტორი მაია ბრეგვაძე სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო წლებში ონკოლოგიურმა დაავადებებმა საგრძნობლად იმატა. ამას არა ერთი მიზეზი გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ეფექტური მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები შემუშავდა, მთელს მსოფლიოში დაავადება საშიშ ტენდენციას ავლენს. ჩვენ გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გენერალურ დირექტორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ორგზის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, პროფესორ რეზო გაგუას, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების დროულ გამოვლენას და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების მნიშვნელობაზე გვესაუბრება. - საოცარი ბედნიერება მხვდა წილად, როდესაც ჩვენი ქვეყნის უწმინდესსა და უნეტარესს კათალიკოს პატრიარქს ილია II შევხვდი. ჩვენ ერის სულიერებაზე ბევრი ვისაუბრეთ. პატრიარქი თავად დაინტერესდა, თუ რა არის კიბო, როგორ ხდება დაავადების პროგრესირება და როგორ უნდა ვებრძოლოდ მას. გაამახვილა ყურადღება იმაზე, თუ რატომ იზრდება საქართველოში ონკოლოგიური პაციენტების რაოდენობა. პატრიარქის მოწოდებაა ერმა ცხოვრების ჯანსაღი წესით იცხოვროს, რადგან ეს შეუწყობს ხელს არა მხოლოდ ონკოლოგიურ, არამედ მრავალი სხვა გავრცელებული დაავადებების დამარცხებას. ჩვენი საუბრის დასასრულს მან აღნიშნა, რომ ქართველი ონკოლოგებიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი ამ სენის დამარცხებაში და თავისი ლოცვა-კურთხევა მოგვცა. - ბატონო რეზო, რამდენად გახშირდა ონკოლოგიური დაავადებები და რა არის მათი გამომწვევი მიზეზები? - ონკოლოგია, როგორც მედიცინის ერთ-ერთი დარგი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში აქტუალურ პრობლემად რჩება. ამას განაპირობებს ის გარემოება, რომ დაავადების შემცირების ნაცვლად, მისი ზრდის ტენდენცია შეინიშნება. საყურადღებოა ის, რომ დღეს მთელ მსოფლიოში კიბოს 12 მილიონი ახალი შემთხვევა ვლინდება. ეს კი, საგანგაშო ციფრია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, 2020 წლისათვის ონკოლოგიური დაავადებები 20 მილიონამდე გაიზრდება, გაუსწრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს და პირველ ადგილს დაიკავებს. ონკოლოგიური ავადობის მატების მთელი ტვირთი გადავა განვითარებად ქვეყნებზე, რომლებსაც საქართველო განეკუთვნება. დღეისათვის ჩვენთან აღრიცხვაზეა 33 000-ზე მეტი ონკოლოგიური ავადმყოფი, ყოველწლიურად ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადების 7000-მდე ახალი შემთხვევა ვლინდება. პლანეტის მოსახლეობა ავადაა და, აშკარაა, რომ ტენდენცია ასეთი გლობალიზაციისა ჩვენც გვერდს არ აგვივლის. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა ყოველწლიურად 7 ათასი ახალი შემთხვევის გამოვლინება სერიოზული პრობლემაა. გასათვალისწინებელია, რომ ამ 7 ათასიდან 4 ათასზე მეტი ადამიანი პირველსავე წელს იღუპება. მოგეხსენებათ, რომ ავთვისებიანი სიმსივნეები დაავადების მე-3, მე-4 სტადიაში ვლინდება. ამდენად მკურნალობის ეფექტურობა ძალიან დაბალია. - რამდენად მნიშვნელოვამია კობოს ადრეული დიაგნოსტიკა? - სამწუხაროდ ეს ის დაავადებაა, როდესაც დრო ადამიანის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. აუცილებელია 40 წელს გადაცილებულმა ადამინმა პროფილაკტიკის მიზნით წელიწადში 2-ჯერ გამოკვლევები ჩაიტაროს. უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს და აუხსნას თუUრა ჩივილები აქვს. უნდა გაიზარდოს მოსახლეობის სოციალური და სანიტარული კულტურა. მოსახლეობას უფრო ხშირად უნდა მოვუწოდოთ ჯანსაღი ცხოვრების წესისაკენ. განვითარებულ ქვეყნებში დაავადებათა 75-80% პირველ და მეორე სტადიაში, ხოლო საქართველოში 75-80% მესამე, მეოთხე სტადიში ვლინდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ავთვისებიანმა სიმსივნეებმა ახალგაზრდებში იმატა. ეს გამოწვეულია იმ ბუნებრივი თუ ქიმიური აგანტების ხანგრძლივი ზემოქმედებით, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ავთვისებიანი პაათოლოგიის განვითარებას იწვევს. მაგალითად გამონაბოლქვში 3-4 ბენზპირენი არის – ქიმიური ნივთიერება, რომელიც კობოს გამომწვევია. აქედან გამომდინარე, უნდა გატარდეს ისეთი პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც გამონაბოლქვში კარცეროგენული ნივთიერებების შემცველობას შეამცირებს. მაგალითად სიგარეტის გამონაბოლქვში დაახლოებით 60% სხვადასხვა კარცეროგენული ნივთიერებაა. ამიტომ თამბაქოს წინააღმდეგ სერიოზული ღონისძიებები უნდა გატარდეს. სხვათა შორის, მივესალმები ახალი მთავრობის ინიციატივას, აიკრძალოს თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. საქართველოში გამოვლენილი 7 ათასი შემთხვევიდან, დაავადებულ მამაკაცთა შორის პირველ ადგილზე ფილტვის სიმსივნეა. დადგენილია, რომ ფილტვის კიბოს უმთავრესი მიზეზი სწორედ თამბაქოს მოხმარებაა. თუ ადრეულ წლებში ფილტვის სიმსივნე მამაკაცთა დაავადებად ითვლებოდა, დღეს ამ დაავადებამ ქალებშიც იმატა, რაც მწეველი ქალბატონების რიცხვის ზრდამ განაპირობა. ასევე ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, პროსტიტუცია, არასრულფასოვანი სქესობრივი კავშირი, გვიანი ქორწინება, უშვილობა, ხშირი აბორტები, სტრესული გარემო, ურბანული დაბინძურება და ეკოლოგიურედ არაჯანსაღი საკვები სიმსივნური დაავადებების გამომწვევი ფაქტორებია. ამიტომ აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა და პრევენციული ღონისძიებების აქტიურად გატარება. - გარდა პრევენციული ზომების გატარებისა რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პოზიცია ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად? - მე მივესალმები ახალი მთავრობის სამოქმედო პროგრამას, რომლითაც ჯანდაცვა მიჩნეულია სასიცოცხლო მნიშვნელობის პრიორიტეტად. კიბოს მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ იმ დაწესებულებაში, რომელიც აღჭურვილია ადეკვატური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებებით, დაკომპლექტებულია განსწავლული, მაღალკვალიფიციური კადრებით, რომლებიც მუშაობენ მულტიდისციპლინურ გუნდებში მკაფიოდ განსაზღვრული როლით და მკაცრად გამიჯნული ფუნქციებით. მკურნალობის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი პროფესიული ასოციაციების მიერ უნდა ხორციელდებოდეს. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ონკოლოგიური ქსელი კარგად ორგანიზებული იერარქიული სისტემაა, სადაც ცენტრალიზებულად იკრიბება ეპიდემიოლოგიური ინფორმაცია და კიბოს კონტროლი ხორციელდება პრინციპით: „ინფორმაციის მიწოდება ქვემოდან ზემოთ, გადაწყვეტილებების მიღება და მართვა ზემოდან ქვემოთ“. უნდა აღდგეს ე.წ. ვერტიკალური სისტემა. აუცილებლად უნდა იარსებოს რეგიონულმა სპეციალიზებულმა დაწესებულებებმა ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, თელავში, სათაო დაწესებულებით თბილისში. ეს საშუალებას მისცემს მოსახლეობას კომპეტენტური დახმარება ტერიტორიული პრინციპის დაცვით მიიღოს. - ბატონო რეზო, კიბოს მიმართ ადამიანს პანიკური შიში აქვს. რამდენად განკურნებადია ონკოლოგიური დაავადებები? - პანიკური შიში კიბოს მიმართ უნდა დავძლიოთ და უნდა შევიგნოთ, რომ კიბო დიაგნოზია და არა სასიკვდილო განაჩენი. ეფექტური მკურნალობისათვის მთავარი და წამყვანი დაავადების ადრეულ სტადიაში გამოვლინებაა, ვინაიდან ამ შემთხვევაში სრული განკურნების შანსი 90%-ია. მესამე-მეოთხე სტადიაში კი, სიცოცხლის ხარისხის ამაღლებისა და გახანგრძლივების რეალური შესაძლებლობები არსებობს. ადამიანებს ახასიათებთ ონკოლოგიური დაავადებების დამალვა, რადგან ისინი საზოგადოებაში სასიკვდილო განაჩენთან არიან გაიგივებული. ეს არ არის სწორი მიდგომა, რადგან უამრავი ადამიანია, რომელმაც კიბო დაამარცხეს და სრულიად ჯანმრთელნი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. სწორედ ისინი უნდა იქცნენ სხვისთვის მაგალითებად. მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყანა კიბოს მკურნალობის ეფექტურ მეთოდებზე მუშაობს. ეს არის ქირურგიული ტექნიკის დახვეწა, მედიკამენტური, რადიოლოგიური მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვა, თუ ახალი ტექნოლოგიების შემოღება. მსოფლიო წამყვან ლაბორატორიებში ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ზოგიერთი დაავადება, რომელიც ამა თუ იმ ჰისტოლოგიურ ტიპზეა დამოკიდებული, ქიმიოთერაპიული და რადიოთერაპიული საშუალებებით პრაქტიკულად სრულად იკურნება და ამის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს. უნდა გაიფანტოს მითი იმის შესახებ, რომ კიბო უკურნებელი სენია. - ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრს რა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ინტელექტუალური რესურსი გააჩნია? - ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი უდიდესი ტრადიციების მქონე, ერთ-ერთი სამეცნიერო, პრაქტიკული, სამკურნალო, დიაგნოსტიკური და პედაგოგიური დაწესებულებაა. აქ 12 კლინიკური, ამდენივე დიაგნოსტიკური განყოფილება და რამდენიმე ლაბორატორია ფუნქციონირებს. ჩვენთან სახელმოხვეჭილი ონკოლოგები, ქირურგები მუშაობენ, რომლებიც სხვადასხვა განყოფილებებს ხელმძღვანელობენ. მათი სახელები საქართველოს ფარგლებს გარეთაც ცნობილია. ისინი არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები არიან. ცენტრში არსებობს ყველა საშუალება იმისთვის, რომ დიაგნოზი დროულად დაისვას და პაციენტმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა მიიღოს. ტარდება ქიმიოტერაპია, სხივური ტერაპია და რაც ყველაზე მთავარია სიმსივნის მკურნალობაში, ეს ოპერაციული ჩარევა გახლავთ. ჩვენთან ისეთი უნიკალური ოპერაციები გეთდება, რომელიც სხვა დაწესებულებებში იმ სიხშირით არ კეთდება. - ბატონო რეზო, რამდენად ეხმარება რწმენა ადამიანს ონკოლოგიური დაავადებების დამარცხებაში? - ჩვენთან ფუნქციონირებს პალეატიური დახმარების განყოფილება. აქ თავსდებიან ის პაციენტები, რომლებსაც ავთვისებიანი სიმსივნე იმ სტადიაში აქვთ, როდესაც მკურნალობის ტრადიციული მეთოდები არ გამოიყენება. ასეთ პაციენტებთან მკურნალობაში ფსიქოლოგები და სასულიერო პირები არიან ჩართულნი, რომლებიც სისტემატიურად ესაუბრებიან პაციენტებს სულიერებაზე, სიცოცხლის მარადისობაზე და ა.შ. მათი ჩარევა პაციენტებს ყოფას ძალიან უმსუბუქებს. ასეთი მაგალითიც კი შემიძლია მოგიყვანოთ. გვყავდა პაციენტი, რომელსაც გულმკერდის ღრუში დიდი სიმსივნური წარმონაქმნი ჰქონდა. ვფიქრობდი, რომ ქირურგიული ჩარევაც კი დაგვიანებული იყო, მაგრამ მაინც მივიღე გადაწყვეტილება და ოპერაცია გავუკეთე. მან მისი პალატა, მრავალი ხატით მოფინა და რამდენიმე საოპერაციოშიც კი დაასვენა. არ ვიცი არის თუ არა ეს სასწაული, მაგრამ ოპერაცია ისე იოლად გაკეთდა, რომ მე, ცოტა არ იყოს, გაკვირვებულიც კი დავრჩი. მაგრამ ის რწმენით და იმედით გაძლიერდა და შედეგიც საოცარი დადგა. ეს პაციენტი მთლიანად გამოჯანმრთელდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ სიმსივნურ ქსოვილში, რომელიც შემდგომ შევისწავლეთ, ავთვისებიანობის ნიშნებიც კი არ იყო. ასეთი სასწაულებიც ხდება. შემდგომ ჩვენმა უკვე ყოფილმა პაციენტმა გადაწყვიტა ონკოლოგიური ცენტრის ეზოში ეკლესიის მშენებლობაში მიეღო მონაწილეობა და თავის მეგობრებთან ერთად საძირკველიც ჩაუყარა. რწმენა უდაოდ ეხმარება ადამიანს ნებისმიერი სირთულის დაძლევაში. არასოდეს უნდა დაყარო ფარხმალი. რწმენითა და იმედით სავსემ ყოველთვის ბოლომდე უნდა იბრძოლო. ამაში ძალიან გვეხმარება დედა-ეკლესია და ძალიან მიხარია, რომ უფრო მეტი მორწმუნე დადის ჩვენს გარშემო და ამაში უდიდესი წვლილი ჩვენს სულიერ მამას, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II ეკუთვნის. უკან დაბრუნება |