რიზ უიზერსპუნი დააპატიმრეს
|
ამერიკაში, შტატ ჯორჯიას პოლიციამ, ჰოლივუდის მსახიობი რიზ უიზერსპუნი, მას შემდეგ დააპატიმრა, რაც საგზაო პოლიციის თანამშრომლის თხოვნის შესრულებაზე უარი თქვა. საპატრულო პოლიციამ შეამჩნია, რომ ავტომობილი, რომლის საჭესთან უიზერსპუნის მეუღლე, ჯეიმს ტოტი იჯდა, გზის სავალ ნაწილში არასწორად მოძრაობდა. პოლიციელმა ავტომობილი გააჩერა და ტოტს ალკოჰოლის ტესტის ჩატარება შესთავაზა, უიზერსპუნის კი ავტომობილში დარჩენა სთხოვა. მიუხედავად პატრულის თხოვნისა, მსახიობი ავტომობილიდან გადმოვიდა და პოლიციელს ჰკითხა: ,,იცით რა მქვია?", რაზეც პოლიციის თანამშრომელმა უპასუხა, რომ მისი სახელის ცოდნა არ სჭირდება. მსახიობმა კი განაცხადა: ,,მალე გაიგებთ, ვინ ვარ. მალე ახალ ამბებში იქნებით!". უიზერსპუნი მანქანაში დაბრუნდა, მაგრამ მალე იმით უკმაყოფილო, რომ ტესტი იგვიანებდა, კვლავ გადმოვიდა. იგი გააფრთხილეს, რომ შემდეგ ჯერზე დააპატიმრებდნენ. მსახიობი ავტომანქანაში ჩაჯდა და ფანჯრიდან პოლიციელს უთხრა, არ სჯერა, რომ ის ნამდვილი პოლიციელია. როდესაც პოლიციელმა ტოტის ხელბორკილი დაადო, უიზერსპუნი მანქანიდან მესამედ გადმოხტა და პოლიციელს ჰკითხა, რა ხდებოდა. სამართალდამცავმა წესრიგის დამრღვევს ავტომობილში დაბრუნება სთხოვა, მაგრამ მან პოლიციელს შეახსენა, რომ იგი აშშ-ის მოქალაქეა და ამერიკის მიწაზე დგომის უფლება აქვს. მაშინ პოლიციის თანამშრომელმა მისი დაპატიმრება გადაწყვიტა. თავიდან მსახიობი პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ მეუღლესთან თათბირის შემდეგ დამშვიდდა. უიზერსპუნი და ტოტი განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც მას წესრიგის დარღვევაში დასდეს ბრალი, ხოლო მის მეუღლეს ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვაში. როდის გაიმართება სასამართლო, უცნობია. მეუღლეებმა განაცხადეს, რომ ტოტიმ მგზავრობამდე 2 საათით ადრე რესტორანში, მხოლოდ ერთი ჭიქა ალკოჰოლი დალია. გამოცემა მის სისხლში ალკოჰოლმა 1,39 პრომილე შეადგინა. იყო თუ არა, უიზერსპუნი პოლიციასთნ კონფლიქტის დროს ნასვამი, უცნობია.
უკან დაბრუნება |