სასამართლოზე დავით კეზერაშვილი კიდევ ერთმა მოწმემ დაადანაშაულა

ავტორები

თეონა ამბროლიანი

ვერიკო ბუბუტეიშვილ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა გაგრძელდა, რომელსაც  მოსამართლე დავით მგელიაშვილი განიხილავდა. 

დამნაშავეთა ჯგუფის  რვა  წევრიდან, პროცესს ხუთი  ბრალდებული ესწრებოდა, რადგან დანარჩენი სამი პიროვნება; დავით კეზერაშვილი, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ლევან ლაფანაშვილი და კეზერაშვილის დის ქმარი მამუკა (მეილი) ჯანაშვილი მიმალვაში იმყოფებიან.     პროცესის დაწყებისას პროკურორმა, ადვოკატ მარინა კორძაძის აცილებასთან დაკავშირებით, შუამდგომლობა დააყენა, რადგან ერთდროულად ლევან ლაფანაშვილის, კარლო ჩაკვეტაძის და დავით ფანჯიკიძის ინტერესების დამცველი იყო. პროკურორის განმარტებით, 60-ე მუხლის თანახმად, ადვოკატს არ შეუძლია ერთდროულად მოწმისა და ბრალდებულის ინტერესების დაცვა. კარლო ჩაკვეტაძე და დავით ფანჯიკიძე, რომლებიც საპროცესო შეთანხმების შედეგად განთავისუფლდნენ, მოწმის სტატუსით იკითხებოდნენ, ხოლო ლევან ლაფანაშვილი კვლავ ბრალდებულია. საქმიდან ჩამოცილების თაობაზე, ადვოკატმა პროტესტი გამოთქვა, თუმცა მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა მაინც დააკმაყოფილა.

მოსამართლემ მოყვანილი არგუმენტების გასამყარებლად მოწმეებს მოუხმო. სასამართლოზე უნდა დაკითხულიყო სამი პიროვნება; კარლო ჩაკვეტაძე, მიხეილ გუგბერიძე და დავით ფანჯაკიძე.

პირველ მოწმედ დავით ფანჯაკიძე დაიკითხა, რომელმაც საქმიანი ურთიერთობა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ნილოზ დავითაშვილთან, იოსებ იმნაძესთან და ალექსანდრე იაკოფოვთან აღიარა, ისინი, 2011 წლიდან 2012 წლის ნოემბრამდე, ეთილის სპირტს არაკანონიერი გზით შემოტანას აწარმოებდნენ.

მოწმემ  დაადასტურა მამუკა (მეილი) ჯანაშვილის მონაწილეობა ამ ბიზნესში, თან განმარტა, რომ კეზერაშვილს პირადად არ იცნობს და არც უნახავს, თუმცა დავითაშვილსა და ჯანაშვილს ხშირად უხსენებიათ, რომ ნედლეულის, კერძოდ ,,მელისას", აზერბაიჯანიდან იმპორტს დავით კეზერაშვილი უზრუნველყოფდა.

როდესაც მეორე მოწმის კარლო ჩაკვეტაძის დაკითხვა იწყებოდა, მათ დაკითხვასთან დაკავშირებით, დაცვის მხარემ პროტესტი გამოთქვა. განაცხადეს, რომ პროკურორს მოწმეების შესახებ ზუსტი დოკუმენტები არ გადაუცია  და ამიტომ, პროცესის გადადებას ითხოვდა, რათა საქმის მასალებს გაცნობოდა. 

დაცვის შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა და  სასამართლო სხდომა 2013 წლის 23 აპრილამდე გადაიდო.  

დავით კეზერაშვილის მიმართ აღძრულია საქმე  სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა", ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე", სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილით. რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, დიდი ოდენობის ქრთამის აღებას და საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ წესის დარღვევას გულისხმობს. იგივე ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთის ვადით 5-დან 7 წლამდე ისჯება. იგივე ბრალდება ჩადენილი, ორგანიზაციული ჯგუფის მიერ კი, თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 15 წლამდე ითვალისწინებს. 

    

 


უკან დაბრუნება