ნიკო ფიროსმანის შემოქმედება
|
ფიროსმანის სრული სახელი და გვარი - ნიკოლოზ ფიროსმანაშვილია, იგი 1856 წელს, საქართველოში, კახეთში, სოფელ მირზაანში, გლეხის ოჯახში დაიბადა. მეგობრები მას ნიკალას ეძახდნენ, მისდამი მიძღვნილ ლექსებსა და პიესებშიც მოხსენიებულია, როგორც ნიკალა, ან ფიროსმანი. ფიროსმანი, როგორც გენიალური შემოქმედი - ტანჯული სიმარტოვის, ლეგენდარული რომანტიული სიყვარულის, შემოქმედებითი წვით შეპყრობილი - მაგიურ ცნებად იქცა საქართველოსა, თუ იმ ქვეყნებში, სადაც მის მხატვრობას და რადიკალურად განსხვავებულ პიროვნებას იცნობენ. იგი ძალიან ადრე, რვა წლის ასაკში დაობლდა, ავადმყოფმა დედამ აღსაზრდელად თბილისში, სომეხი ემიგრანტის, კალანტარ კალანტაროვის ოჯახში გაგზავნა, სადაც მსახური ბიჭის სტატუსით იზრდებოდა. თავისი, პირველი ბავშვური ნახატები ნიკალამ აქ გააკეთა. ხატავდა ყველაფერზე - კედლებზეც კი... ამის გამო უჯავრდებოდნენ, თუმცა ის, მაინც აჭრელებდა კედლებს ნახატებით. ამ საქციელით შეიძლება განიჭვრიტოს მისი თავშეუკავებელი მიდრეკილება ხატვისადმი. ნიკო მოწიფული ჭაბუკობის ასაკში კალანტაროვების სახლიდან წავიდა და ამის მიზეზიც ჰქონდა - ის წერილების მეშვეობით, სიყვარულში გამოუტყდა, ოჯახის უფროსის დას ელისაბედს, რამაც მათი აღშფოთება გამოიწვია. ნიკომ იწყინა ეს და მათი ოჯახი სამუდამოდ დატოვა. ასე დაიწყო ნიკო ფიროსმანის მარტოსული და მოხეტიალე ცხოვრება - საარსებო პურისთვის... სამუშაოს ძიება მთელი ცხოვრება გაგრძელდა, ეს იყო ხეტიალი საკუთარი პიროვნების, მოწოდების აღმოსაჩენად. 1883 წელს, ნიკომ თბილისის რკინიგზის სადგურში მუშაობა დარაჯად დაიწყო, სამორიგეო ფარდულში ხის ტახტი, მაგიდა და ორი სკამი ჰქონდა, სადაც ხანდახან ხატავდა. ერთხელ უფროსს, მისთვის ხატვისას შეუსწრია, ნახატებისტვის ხელი დაუვლია და გარეთ გადაუყრია... ნიკო იმედოვნებდა, რომ მუშაობას რკინიგზის სისტემაში კვლავ გააგრძელებდა, მაგრამ ასე არ მოხდა, ავადმყოფობის გამო უკან აღარ მიიღეს. რკინიგზიდან წამოსვლის შემდეგ მედუქნეებს დაუახლოვდა, მათ პატარა ფარდულებზე ნიკოს დახატული აბრები გამოჩნდა. პირველად, ერთ-ერთ მედუქნეს, რომელიც რძის ნაწარმით ვაჭრობდა, დაუხატა - ძროხა რძიანი ქილით, ნახატი სხვებსაც მოეწონათ... თუმცა, მათ ინტუიტურად მოსწონდათ ნიკოს ნახატები, არ შეეძლოთ სიღრმისეულად ჩაწვდომოდნენ მის ტილოებს, სერიოზულ მხატვრულ დონეს. ნიკოს ფერწერის დამნახველები ჯერ არსად ჩანდნენ. უბრალო ხალხი კი, ვინც მის ნახატებს ნახულობდა, ნაკლებათ ესმოდათ მხატვრობის საიდუმლოებები, მაგრამ გაუცნოებიერებლად განიცდიდნენ იმ დიად სიმძლავრეს და სიწმინდეს, რომელიც ნიკოს ნახატებიდან მოედინებოდა. მეგობართაგან ბევრი ურჩევდა მარტოსულ ნიკოს დაოჯახებას, თუმცა მას ამის გაგონებც არ უნდოდა. თავისი ქორწილიდან გამოქცევისა, თუ სხვა უცნაურობის გამო, ხალხი ,,ტვინდასეტყვილ" და ,,ჭკუაგაფლანგულ" ადამიანად მოიხსენიებდა. უკვირდათ, ნახატებს პურსა და სასმელზე, რომ ცვლიდა და ფულზე უარს ამბობდა. ყველა გლახაკი პოულობდა, რაღაც მუდმივ თავშესაფარს, ნიკო კი ვერ მოეწყო. შეუძლებელია ნიკოს ცხოვრების წარმოდგენა ,,აკტრისა მარგარიტას" გარეშე. სხვა კონკრეტული ქალი მის ბვიოგრაფიაში არ მოიხსენიება, თუ არ ჩავთვლით პატარძალს, რომელსაც ქორწილიდან გაექცა. რატომ გაექცა? შეიძლება უბრალოდ არ მოეწონა, შეიძლება წარმოიდგინა, რომ სამუდამოდ სოფელში უნდა ჩარჩენილიყო, ან თავისუფლების დაკარგვის საფრთხე იგრძნო. ცხადია, რომ შეყვარებული ნამდვილად არ იყო თავისი დის მიერ შერჩეულ საცოლეზე. ფრანგი ქალი მადამ მარგარიტა, ნიკომ პირველად მუშტაიდის ბაღში ნახა. ყვებიან, რომ ფრანგმა მოცეკვავემ, ნიკოს განსაკუთრებული ყურადგება მიიქცია. რათქმაუნდა ნიკო მდიდარი კაცივით არ გამოიყურებოდა და მადამ მარგარიტას ყურადღება მისდამი ანგარებიანი არ ყოფილა. იმასაც ამბობენ, რომ ნიკოს დანახვისთანავე შეუყვარდა ნატიფად გამოწყობილი და მოხდენილად მოცეკვავე ფრანგი ქალი. ისინი სწრაფად დახლოვდნენ და რომანი ერთი წელიწადი გაგრძელდა. შეემდეგ კი მადამ მარგარიტამ გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვა ნიკოს და უგზოუკვლოდ, სამუდამოდ გაქრა. ხალხში, მისი მარგარიტასთან ურთიერთობა, იმდენად მითიზირებულია, რომ მარგარიტას ულამაზო ქალად წარმოდგენა შეუძლებელია. ფიროსმნის მიერ დახატული მარგარიტა, თავისი დეფორმაციის სიუშნოვეშია ულამაზესი, სადაც დიდი ინტიმი და სიწმინდეა გამოხატული. ეს პატარა გოგონასავით გამოწყობილი ქალი, ისეთი ძლიერი მხატვრული ვნებით არის დახატული, რომ შეუძლებელია, ასეთი ვნებით აღწერილი ქალი ლამაზი არ იყოს. სილამაზე ალბათ სახის სტრუქტურაში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ იმ ტემპერამენტში, რომელიც ფიროსმანის მხატვრულ ენას, მარგარიტას იერსახის ჩამოყალიბებაში გააჩნია. დუქნის გაუქმების შემდეგ ნიკო უბინაოდ დარჩა. ერთ-ერთმა მეეზოვემ, უბინაო ფიროსმანს პატარა თავშესაფარი მისცა. კიბის ქვეშ ძველი ნივთების შესანახად გაკეთებული სათავსო მისი ბინა გახდა. ავადმყოფი ნიკო, როცა გამოკეთდა, მეეზოვის პორტრეტი გააკეთა. ეს ნამუშევარი ფიროსმანის ერთ-ერთი ძლიერი ნამუშევარია. ნიკოს ნახატების კომპოზიციური სურათების პერსონაჟები უბრალო ადამიანები ხდებოდნენ. საბოლოოდ მათი გამოსახულებები იერსახეების დიდ ანსამბლს ქმნიან, რასაც შეიძლება ფიროსმანის ეპოსი დაერქვას. ძველი თბილისი ნელ-ნელა ნიკოს ნახატებით ივსებოდა... ასე იქცა ნიკოს მხატვრობა კოლორიტულ მოვლენად. 1911 წელს მიკიტანმა ტიტიჩევმა ნიკო თვისი სამიკიტნოს მოსახატად მიიწვია. სწორედ აქ დახატა, ისეთი ბრწყინვალე ნამუშევრები, როგორიც არის ,,ორთაჭალის ტურფები", ,,ჟირაფი" და ,,შავი ლომი", ისინი ნიკოს მხატვრულ სიმწიფეს და ოსტატობას გმოხატავენ. ფიროსმანის, როგორც მხატვრის აღმოჩენაში, მისი სურათების შეგროვებასა და შემოქმედების პროპაგანდაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ძმებ ზდანევიჩებს - მხატვარ კირილ და პოეტ ილიას, მხატვრებს მ. ლე დანტიუს, დ. შევარდნაძეს, ლ. გუდიაშვილს, დ. კაკაბაძეს და სხვებს. უფრო გვიან - გ. ლეონიძეს, რომელმაც მნიშვნელოვანი ცნობები მოიპოვა´მისი ბიოგრაფიისათვის. ფიროსმანაშვილის ნამუშევრები, ქართველ მხატვართა პირველ დიდ გამოფენაზე, თბილისში, 1918 წელს იყო წარმოდგენილი. 1920-იან წლებში, წერილები პრესაში, პერიოდულ იბეჭდებოდა, ასევე გამოიცა, მისდამი მიძღვნილი კრებული. განსაკუთრებით ფიროსმანისადმი ინტერესი, 50-იან წლების შემდეგ გაცხოველდა - გამოიცა წიგნები საქართველოში, რუსეთში, უცხოეთში. შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი, დაიწერა მისდამი მიძღვნილი პიესები, მუსიკალური ნაწარმოებები; ფიროსმანის სურათების გამოფენა მოეწყო ყოფილ სსრკ-ის ქალაქებსა და დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში. თბილისში დაიდგა ფიროსმანის ძეგლი; მხატვრის მშობლიურ სოფელში - მირზაანში - გაიხსნა ფიროსმანის მუზეუმი. მხატვრის ნამუშევართა დიდი ნაწილი, ამჟამად, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, აგრეთვე ყოფილ სსრკ-ისა და საზღვარგარეთის ზოგ მუზეუმებში, თბილისის ყოფილ სსრკ-ისა და უცხოეთის კერძო კოლექციებში ინახება. ნაწარმოებთა დიდი ნაწილის ქრონოლოგია კი დღემდე დაუდგენელია. ფიროსმანის შემოქმედება, საქართველოს ბუნების და ყოფიერების გამომსახველ სავსე სურათს ქმნის. იგი უნიკალური ნიშანია იმისა, თუ რა დიდი სასიცოცხლო იმპულსის, ველური ინსტინქტური ძალის და სულიერი ენერგიის ობიექტივაცია ბადებს ფერწერას. ფიროსმანის ცხოვრება გვიმოწმებს, რომ ასეთი ობიექტივაცია, ანუ სიცოცხლის სტიქიის კულტურად გადაქცევა შესაძლებელია, მხოლოდ ხელოვნებისადმი უდიდესი თავდადების და ერთგულების გზით. ფიროსმანის მხატვრობა საკმაოდ მიმზიდველია, ისეთი ხელოვნების მოყვარულთათვის, რომლებიც მხატვრობის მისიად საგნის ზედაპირს ნატურალისტურ იმიტაციას არ მიიჩნევს და თვლის, რომ მთავარი, კარგად გამოხატვაა და არა გადახატვა, რომელსაც ყოფნის გემოვნება და სხვა. ის დამსახურებულად იკავებს ადგილს, ისეთი შემოქმედებითი ინდივიდების გვერდით, როგორებიც არიან ვინსენტ ვან გოგი, პოლ სეზანო, პაბლო პიკასო, ანრი მატისი და სხვა. ქართულ კულტურას იგი, რეფორმატორი მხატვრის მნიშვნელობით მოევლინა და საქართველოში, ახალი მხატვრული ეპოქის ფუძემდებელია.
უკან დაბრუნება |