,,კამერტონი" პატრიოტული იდეების კვალდაკვალ
|
ავტორი თიკო ბეკოშვილი ახალგაზრდობის პატრიოტული აღზრდა, ერის ერთ-ერთი საპასუხისმგებლო მისიაა. ილიას მოტივებზე აღზრდილი ახალგაზრდობა, სჭირდება, დღეს, ჩვენს სამშობლოს და მადლობა ღმერთს, რომ არიან ადამიანები, რომელნიც პატარებს ჩვენი საამაყო კლასიკოსების შემოქმედებას აზიარებენ. 12 აპრილს, ყვარელში, ილიას სახლმუზეუმში, სტუდია "კამერტონის" აღსაზრდელებმა, კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს მსმენელებს. კიდევ ერთხელ შეახსენეს ილიასეული იდეა. ახლა, როცა ყველაზე შირად გვაქვს სათქმელი: "რა გითხრათ, რით გაგახაროთ?", ნამდვილად გამონაკლისი და იშვიათი სიხარული იყო ის, რომ ჩვენმა პატარა მეგობრებმა არაჩვეულებრივი განცდითა და სიყვარულით წარმოადგინეს ნაწყვეტები ილიას შემოქმედებიდან. სულხან ცინცაძის სახელობის ხელოვნების მე -16 სკოლის, თეატრალურ-საესტრადო განყოფილების სტუდია "კამერტონის" ხელმძღვანელი თამუნა გვაზავა: სტუდია "კამერტონი", უკვე ექვსი წელია არსებობს. სტუდიაში სამსახიობო ოსტატობა, ვოკალი, მეტყველება და ქორეოგრაფია ისწავლება, სადაც 4-დან 18- წლამდე ასაკის ბავშვები სწავლობენ. -რა სახის ღონისძიებებს მართავთ? -არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება გაგვიმართავს, ჩავატარეთ ღონისძიება სანდრა რუსლოვსისი ფონდთან ერთად, ასევე მზრუნველობამოკლებული და დევნილი ბავშვებისთვის გავმართეთ წარმოდგენები. ძირითადად ჩვენი ღონისძიებები ეძღვნება ქართველ მწერლებს, ასევე ვდგამთ მიუზიკლებს. "ოლივერი" საქართველოში პირველად ჩვენ გვქონდა გაკეთებული, მერიის მიერ ორგანიზებულ კონკურსზეც გავიტანეთ. ვაკეთებთ ნაწყვეტებს სხვადასახვა მულტფილმებიდან. ჩვენი მოსწავლეები არაერთი გრამპრის მფლობელები არიან. -თქვენს სტუდიას სამომავლოდ რას გეგმები აქვს? -გაზაფხულზე, ახალ მუზიკლს დადგმას ვგეგმავთ, რომელსაც სიურპრიზად შევინახავ. იგი ქართულ ენაზე საქართველოში პირველად იქნება. -ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარების იდეა, საიდან გაჩნდა? -იდეის ავტორი, მეტყველების პედაგოგი თამარ ჟორდანია გახლავთ. როდესაც ქალბატონმა თამარმა თავისი იდეა გამაცნო, ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე მხარი დამეჭირა. ისტორიულად ასე ხდებოდა, ყველა ეპოქაში ცდილობდნენ, დაეკარგვინებინათ ქართველი ხალხისათვის ის სამი უმთავრესი და ძირითადი ფასეულობა, რომელიც ილია ჭავჭავაზემ, ასე ლამაზად ჩამოაყალიბა: ენა, მამული, სარწმუნოება. იდეის ავტორი, ქალბატონი თამარ ჟორდანია: რაც ამ სტუდიაში ვმუშაობ, სამი ღონისძიება მაქვს გაკეთებული; ნიკოლოზ ბარათაშვილზე, გალაკტიონ ტაბიძესა და ილია ჭავჭავაძეზე. ბავშვობაში ქართული ლიტერარტურის არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა, რომელმაც ბავშვობიდან ჩამინერგა ილიას განსაკუთრებული სიყვარული და მსურს, ეს გრძნობა ჩემს მოწაფეებს გადავცე. -ღონისძიებაში ძირითადად პატარა ასაკის ბავშვები მონაწილეობდნენ, მათთან მუშაობა რთული არ არის? -ვერ ვიტყვი, რომ მარტივი იყო, თუმცა ძალიან არ გაგვჭირვებია, რადგან ბავშვები მონდომებულნი იყვნენ. ბავშვები ცოტას მაბრაზებენ, კიდეც ვკამათობთ, მაგრამ ეს ბუნებრივია, რადგან მშობელიც უბრაზდება შვილს. "მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი შვილის მშობელი" - ამ ბავშვებს საკუთარი მშობლები ჰყავთ, მაგრამ ვთვლი, რომ ისენი ჩემი სულიერი შვილები არიან. რეპეტიციების დროს მათში ემოცია, რომ გამემძაფრებინა საქართველოს გმირებს, მათ თავდადებას ვახსენებდი. ვესაუბრე 9 აპრილზე - ძალიან მტკივნეული მომენტი ჩვენს უახლეს ისტორიაში. ბავშვებს მოვუყევი ყველა დეტალი, რაც იქ ხდებოდა, როგორი საშინელება გამოიარა ჩვენმა ახალგაზრდობამ, მაშინდელმა თაობამ. როცა ამას ვყვებოდი, მეც ვტიროდი და ბავშვებიც, რეპეტიცია კი უკვე სხვანაირი შედგა, უფრო მეტი ემოცია წამოვიდა. ბავშვებს ვეუბნები, რომ იშრომონ და იღვაწონ საქართველოსთვის, ფაქტიურად, დღევანდელი ღონისძიებით, საქართველოს ერთი ლამაზი დღე აჩუქეს. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს შვილები ვართ! ღონისძიების პატარა მოანაწილეები; ქეთა ჟორდანია: ერთი წელია, რაც სტუდია ,,კამერტონში" ვსწავლობ, ჩემთვის პირველი ღონისძიება იყო და ძალიან ბედნიერი ვარ. თამარ ზუბაშვილი: მეექვსე წელია სტუდიაში დავდივარ, ბევრ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა, მიხარია, რომ უკეთესად გავიცანი ილია ჭავჭავაძე და მისი სხალმუზეუმი დავათვალიერე, იმედია მსგავსი ღონისძიებები ხშირად გაიმართება. ზურაბ ქევხიშვილი: მეც მეექვსე წელია, რაც ამ სტუდიაში ვსწავლობ და აღარც კი მახსოვს, რამდენ ღონისძიებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ილია ჭავჭავაძის ტექსტების ათვისება არ გამჭირვებია, თუმცა ცოტა გააზრება კი გამიჭირდა.
უკან დაბრუნება |