კინოპროექტი 20\12-ის ფილმები

ავტორი

ლევან გელაშვილი

თიბისი ბანკის მიერ დაფინანსებული კინოპროექტის 20/12-ის ფარგლებში 12 მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეიქმნა. ახალგაზრდა რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმების თემატიკა მრავალფეროვანი და საინტერესოა.

,,ბოლო სადგური" – რეჟ. შოთა გუჯაბიძე, სცენარის ავტორი ნინი სარდლიშვილი

 მატარებლის ბაქანზე უცნაური მგზავრი გამოჩნდება, ზღვისპირა ქალაქი ახალი წლის მოლოდინშია. მგზავრი თვითმკვლელობას გადაწყვეტს, მაგრამ ერთი შემთხვევა – მობილურ ტელეფონზე უცნობი ქალის მიერ ახალი წლის მილოცვა, მას ცხოვრების სურვილს და სიცოცხლის ხალისს დაუბრუნებს. ფილმი ულამაზესი კადრებით და ოპერატორის კარგი ნამუშევრით გამოირჩევა. ავტორის მხატვრულ კონცეფციაში მაყურებლის ინტუიციურ-ჰარმონიული თანხვედრა იგრძნობა. მატარებლის ბოლო სადგური ცხოვრებისეული ერთი ციკლის დასრულების და ახლის დაწყების ალეგორიად წარმოგვიდგება. 

,,ვარსკვლავი" – რეჟ. გია დიასამიძე, სცენარის ავტორი ელენე რევიშვილი.

,,ვარსკვლავი" ძალიან თბილი და გულახდილი ფილმია. ის მოგვითხრობს მოხუც კაცზე, რომელიც თავის სამოყვარულო ტელესკოპიდან ციურ სხეულებს აკვირდება. გივი სარჩიმელიძის გმირი გენიალურად ასრულებს თავის როლს. ბავშვების სიყვარული, თავის ცოლთან წამოწყებული საჭადრაკო პარტია და ახალი ვარსკვლავის აღმოჩენა მისი ფსიქოფიზიკური სამსახიობო ტიპაჟის ბუნებრივი გაგრძელებაა. ყოველდღიური ურთიერთობები და პაწია სიხარულები ადამიანური არსებობის ნაწილია. კოსმოსიც ფილმის დინამიკაში ისე ჰარმონიულად არის ჩართული რომ ამ პერსონაჟის ყოფისა და აღქმის ერთი მთლიანობაა. 

,,ფირნი" – რეჟ. დავით ქემხაძე, სცენარის ავტორი გიორგი ჯორჯაძე.

კინოპროექტი 2012-ის ფილმები

,,ფირნი" ახალგაზრდების ცხოვრებიდან ერთი დღის ამბავს გვიყვება. აქ ტრადიციული გამოკვეთილი სიუჟეტური ხაზი და პერსონაჟების ხასიათის ტრანსოფრმაცია არ გვაქვს, მაგრამ ეს კინოფილმი ძალიან ბევრს გვიყვება მოზარდების ცხოვრების შესახებ, მათ სიხარულსა და გატაცებებზე. მარტის ცივი დღე, რომანტიული განწყობა, სადარაბაზოსა და სახლის სახურავზე სიგარეტის მოწევა, ძველი ამბების გახსენება, სახალისო ფილმად აქცევს ,,ფირნს". ფილმი საოცრად დინამიური, მუსიკალური გაფორმებით გამოირჩევა, სახალისო საყურებელია და იუმორის გარეშე ვერ უყურებ. აქ ამბის თხრობის ოსტატობა დრამატურგიულად განვითარებულ სიუჟეტზე კი არა ცალკეულ პერსონაჟების მიერ გახსენებულ ეპიზოდებზეა აგებული. ფირნი არის სხვილმარცვლოვანი მკვრივი თოვლი, რომელიც, თოვლსა და ყინულს შორის გარდამავალ სტადიას წარმოადგენს. გარდატეხის ასაკში მყოფი ადამიანიც ხომ ცხოვრების გარდამავალ სტადიაზეა.

,,გაკვეთილი" – რეჟ. გიგიშა აბაშიძე, სცენარისტი ელენე იაშვილი 

,,გაკვეთილი" იუმორისტული კინონოველის ხასიათის მოკლე ფილმია. გამოკვეთილი სიუჟეტური დრამატიზმით, რომელსაც დასაწყისი, შუა ნაწილი და მოულოდნელი, ემოციური დასასრული აქვს. აქ ყველა დეტალი და დრამატურგიული კონცეფცია ერთ მხატვრულ მიზანს ემორჩილება, რომელიც ფინალში უნდა გაირკვეს და რასაც მოულოდნელად ელის მაყურებელიც. წარმოუდგენელია, რომ ფინალში ყველაზე სკეპტიკურ მაყურებელსაც კი გულიანად არ ჩაეცინოს. ის რაც ფილმის დასაწყისში გვგონია დასასრულს სრულიად სხვა აზრს შეიძენს.

კინოპროექტი 2012-ის ფილმები 

,,ერთ კაცს ვუყვარდი" – რეჟ. ანა ურუშაძე, სცენარის ავტორი მარიამ პერტია ანა კორძაია-სამადაშვილის მოთხრობის მოტივებზე 

,,ერთ კაცს ვუყვარდი" – გენიალური კომედიაა. მართლაც ია სუხიტაშვილის და თამარ ბზიავას ფრაზებსა და დიალოგზე არ შეიძლება ერთდროუალდ არ გაგეცინოს და არ დაფიქრდე ქალის და კაცის ურთიერთობის ქვაკუთხედზე. ფილმში ფორმისა და შინაარსის მინიმალისტური მხატვრული კონცეფცია, შეკრული სიუჟეტი, მსახიობების დახვეწილი სამსახიობო ოსტატობით შესრულებული როლები, ნამუშევარს უშეცდომოდ აწყობილ მოკლემეტრაჟიან ფილმად წარმოგვიდგენს. 

,,რიგში" – რეჟ. ანა ციმინტია, სცენარის ავტორი ანასტასია პატარიძე

"რიგი" სოციალური თემატიკის ფილმია. ფილმის მთავარი პერსონაჟი ორი თვე ეძებს საბერძნეთიდან გამოგზავნილ ამანათს და ივნისის ცხელ დღეს ფოსტის გრძელ რიგში დანარჩენ ორმოც მოქალაქესთან ერთად აღმოჩნდება. გაუთავებელი რიგები და კიბეზე მდგარი დადუმებული ხალხი, უსახური შენობა, გამოხრული საძირკვლით და ბათქაშჩამოშლილი კედლებით მძიმე სოციალური ყოფის ალეგორიაა. საავტორო პოზიციას და თემატურ-დრამატურგიულ მთლიანობას კრავს რიგში მდგარი ქუდიანი ბიჭის სიტყვები, რომელიც ცნობილი როკ-ჯგუფის ,,აუტსაიდერის" სიმღერიდანაა: ,,შეწყვეტილი აზრის იქით დარჩენილი ფიქრივით, ნერვებს მიშლის შენს სახეზე მოცეკვავე დუმილი. დუმილი, დუმილი, შენი დუმილი".

,,თითქოს აქ იყო ზღვა" – რეჟ. ლევან სიხარულიძე, სცენარის ავტორი ლევან გელაშვილი

 ერთის მხრივ ძალიან რთულია ისაუბრო ფილმზე, რომლის სცენარის ავტორი თავად ხარ და მეორეს მხრივ ყველაზე ბევრის თქმა სწორედ ასეთ ფილმზე შეგიძლია. მე შევეცდები მოკლედ და რთულად ვთქვა. ფილმი მოგვითხრობს შეყვარებულ წყვილზე, რომელიც მიტოვებულ ვაგონში ცხოვრობს. თაკარა მზისგან და უსაშველო სიცხისგან თავის დასაღწევად წყვილი ორმოს თხრის. ერთი შეხედვით სტატიკური სიუჟეტი, ფორმისა და შინაარსის ინტუიციურ-ჰარმონიული თანხვედრა და თხრობითი სისტემის ალეგორიული შრე, მაყურებლის მიერ ნაგულისხმევ ფინალს ინტერაქციულ დატვირთვას აძლევს; წყლის სათვალე, დაჭრილი ხახვი, ცრემლიანი სახე, წვიმით სავსე ორმო და გაელვებული გიჟური აზრი: თითქოს აქ იყო ზღვა. . .

,,ჩემი მეგობარი ილიკო" – რეჟ. ნინო ჟვანია, სცენარის ავტორი ნიკოლოზ მარი

ფილმი ერთი პატარა ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ოცნებობს ველოსიპედის ქონაზე, სრულიად შემთხვევით შეხვდება გოგოს, თითქოს ამ ბიჭისთვის მაღაზიიდან ველოსიპედს გაიტაცებს, გამყიდველი კი ამ ბიჭს დაიჭერს, მოგვიანებით, როდესაც იმ გოგოს იპოვნიან (ან თვითონ გოგო დააბრუნებს ველოსიპედს, ორაზროვანი კადრია გოგო ტროტუარზე ზის და თითქოს ელოდება ვინმეს) იმ ველოსიპედს ბიჭი გაიტაცებს, ივიკო გოგიტიძის გმირი მთელი ძალით ატრიალებს პედლებს, მყისიერად სერავს სივრცეს და ეცლება იმ ადგილს. ის აღარასოდეს დააბრუნებს მოპარულ ველოსიპედს. ,,ჩემი მეგობარი ილიკო" საინტერესო ფილმია, რომელიც ჩვეულებრივი ცხოვრებიდან ერთ ამოვარდნილ ამბავს გვიყვება, ამბავს რომელიც კინოგმირს არასდროს დაავიწყდება. 

,,საზღვარი" – რეჟისორი და სცენარის ავტორი სანდრო ჯანდიერი 

ცხოვრება ცვალებადობის შემოქმედებითია ნაკადია, რომელსაც ადამიანი დამოუკიდებლად ან სხვისი გავლენით წარმართავს ხოლმე. ადამიანები თავისუფლები არიან, როდესაც ნებისმიერი გადაწყვეტილება დასაბამს მთლიანად მათი პიროვნებისგან იღებს.  ჩემი აზრით ,,საზღვარი" სწორედ ამ ფილოსოფიური მომენტის გააზრებაზეა. 19 წლის ბიჭი ზღვაზე გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ, ღამის მატარებლით თბილისში ბრუნდება. კუპეში გოგოს გაიცნობს, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, მას არც ფული აქვს და არც მოგზაურობის დეტალური გეგმა. მიდის სადაც უნდა და არ იცის სად იქნება მეორე დღეს. ის თავისუფალია ყოველდღიური რუტინისგან. ცხელი ღამის შემდეგ ბიჭი კომისარიატის და უმაღლესი სასწავლებელში ჩაბარების შესახებ სამომავლო გეგმებს მოულოდნელად ცვლის და თურქეთში მიემგზავრება. ადამიანური არსებობის შინაგან სამყაროში საზღვარი ის შუალედური რგოლია, რომლის გადალახვა ხშირად ამოუცნობი პროცესია. ადამიანებს ხშირად სურთ იცოდნენ რის საფუძველზე გადავწყვიტეს იმ ზღვარის გადალახვა, რომელზეც კონკრეტულ შემთხვევამდე არ უფიქრიათ, პასუხად კი მხოლოდ იმას პოულობენ, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ან, შესაძლოა ყოველგვარი საფუძვლის საპირისპიროდაც მიუღიათ ამნაირი გადაწყვეტილება.   

,,დაბრუნება" – რეჟ. გიორგი აბაშიშვილი, სცენარის ავტორი აკაკი სურმავა

სიბერე წარსული გამოცდილების და განცდილის ისეთი მარაგია, რომლის ტარება სულ უფრო და უფრო რთული ხდება რაც გადის დრო. 80 წლის თამარი, (თამარ სხრიტლაძის გმირი) წარსულის ზმანებებშია, შვილების მეთვალყურეობის მიუხედავად ის სკოლის მოსწავლის ფორმაში გამოწყობილი სასეირნოდ გარეთ გადის. დიდი პერიპეტიების შემდეგ მას უკან აბრუნებენ. რაც ხდება ყველაფერი კინოგმირის გონებაში ხდება, სინამდვილეში მას არც მოსწავლის ფორმა ჩაუცვია. შვილის მკაცრი, ხმამაღალი ტონით ნათქვამი სიტყვა: ,,დედა" ის ერთადერთი მაკავშირებელი რგოლია, რომელიც თამარს წარსულის მოგონებებიდან გამოარკვევს. 

,,გზაგასაყარზე" – რეჟისორი და სცენარის ავტორი ზურაბ დემეტრაშვილი

,,გზაგასაყარზე" გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდზე მოგვითხრობს, რომელიც პიროვნული თვისებების ფორმირების და მამაკაცად ჩამოყალიბების ეტაპზეა. ფილმის ყოველ მიზანსცენაში ქვეტექსტის დანახვა შეიძლება: წვიამიან ღამეს, გაფუჭებულ მანქანაში ჩაჯდომა და საჭის ტრიალი - როგორც ცხოვრების საკუთარი ძალით წარმართვის სურვილი, სატვირთო მანქანის ქვის ლოდებით დატვირთვა, თითქოს ცხოვრებისეული სიმძიმის თავიდან მოშორების ორი სხვადასხვა თაობის ადამიანის ქვაკუთხედია. სამშობლოს სადღეგრძელოს დალევა - არ დალევა, ჭიქის დამსხვრევის თუ მამის ხელის გადაწევაში გამოწვევა, ის ცალკეული ფსიქოლოგიური განვითარების თანმიმდევრობის ეტაპებია (მასკულინირებული ენერგიის გამოვლენა, მოკალი მამა რომ გახდე მამა და სხვა), რომელიც არაცნობიერში გამუდმებით მიმდინარეობს და გარეგნული ანტაგონისტური ქმედებებით და ფაქტებით ცნაურდება. ქვიშაში გულის დახატვა ან მოძრავი მატარებლების შუაში დგომა სწორედ ამ ფსიქოლოგიურ ემოციებს გამოხატავს. კინოპერსონაჟების დასრულებული ხასიათი და საკვანძო წერტილამდე მისვლა ცხოვრებისეული გზაგასაყარის ალეგორიული სიმბოლოა.

 

,,როლი" რეჟ. გაბრიელ რაზმაძე, სცენარის ავტორი ლუკა მგელაძე, გაბრიელ რაზმაძე, ირმა ჩუბინიძე, ნინო დადვანი

,,როლი" მსახიობ წყვილზე მოგვითხრობს, ეს არის ფილმი, სადაც მსახიობი მსახიობს თამაშობს, გადასაღებ მოედანზე განსახიერებული კინოგმირები უკეთესობისკენ ცვლიან კრიზისში მყოფ წყვილის ცხოვრებას. ფილმში ამბის თხრობის ოსტატობა, დახვეწილი რეჟისურა და შეკრული დრამატურგიული კონცეფცია ,,როლის" ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა.  

 შეგახსენებთ რომ თიბისი ბანკის მიერ დაფინანსებული კინოპროექტის 20\12-ის ფარგლებში, კონკურსში გამარჯვებულმა 12-მა შემოქმედებითმა ჯგუფმა 12 მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო ერთი წლის განმავლობაში. სპეციალურმა ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა მაიკო (მაკი) გოგსაძე (საუკეთესო კომპოზიტორი, ფილმი – ,,თითქოს აქ იყო ზღვა"), თეო ბარამიძე (საუკეთესო მხატვარი), ირაკლი ახალკაცი (საუკეთესო ოპერატორი) და ზურაბ დემეტრაშვილი, რომლის ფილმი ,,გზაგასაყარზე საუკეთესო ფილმად დასახელდა. 

პრემიერაზე ფილმებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ითქვა ისიც რომ კინოდრამატურგებში საქართველოს უჭირს და ეს კინოპროექტ 20\12-ის ფილმებშიც გამოჩნდაო. ჩემი აზრით, ეს რაღაც ლოგიკით ბუნებრივიც არის, რადგან საქართველოში კინოდრამატურგიის სკოლა არ არსებობს, ამის შესახებ პროექტის მიმდინარეობის დროს, მასტერკლასებზე ალექსანდრე რეხვიაშვილმა და იშტვან საბომაც აღნიშნეს. ფილმი რეჟისორისაა, ის ხშირად ფილმის თანასცენარისტადაც გვევილენება. რეჟისორს ეკუთვნის სეფე სიტყვა სცენარის არჩევისას და მისი ინტერპრეტაციის დროსაც. რეჟისორმა უნდა იცოდეს სცენარისტთან პროფესიულ ენაზე საუბარი, უნდა ხვდებოდეს სცენარისტის გამოყენების რესურსის აუცილებლობას. მიმართოს სცენარისტის ფანტაზია მიზანმიმართული მხატვრული ამოცანის შესრულებისათვის. კინოდრამატურგია ის შუალედური რგოლია, რომელიც განსაზღვრავს მომავალი ფილმის შინაგან ლოგიკურ თანმიმდევრობას, კინოდრამატურგიის კანონების დაცვით. მე სულაც არ ვსაუბრობ რეჟისორის მიერ თემის ინტერპრეტაციის საკითხზე, არამედ ლიტერატურული პირველწყაროს დრამატურგიულად დახვეწის შესახებ. ალფრედ ჰიჩკოკი სწორედ ამას გილისხმობდა როდესაც აღნიშნავდა: ,,იმისათვის, რათა შეიქმნას დიდებული ფილმი, აუცილებელია სამი რამ: სცენარი, სცენარი და კიდევ ერთხელ სცენარი".

მე პირადად პროექტის მსვლელობისას ოცამდე სცენარი დავწერე, იმის თქმა სულაც არ მინდა რომ ყველა გენიალური სცენარი გამომივიდა, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა დაიმსახურა სიმპათია და სამწუხაროდ მათი განხორციელება ვერ მოხერხდა, კარგი იქნება თუ იარსებებს რამე პლატფორმა ან პერიოდული ორგანო, თუნდაც იგივე არტარეას ბაზაზე, სადაც შეიქმნება ცოცხალი კინოსივრცე და სცენარების გამოქვეყნება იქნება შესაძლებელი. 

                                                

 


უკან დაბრუნება