ნათლია ნათლულისთვის მშობელივით უნდა იყოს

ავტორი თიკო ბეკოშვილი

ნათლობა ღვთიური საიდუმლოა, რა დროსაც ადამიანზე სულიწმიდა გადმოედინება და ეკლესიის წევრი ხდება, უფლება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს რელიგიურ ცხოვრებაში.

ნათლობისას, ადამიანის წყალში ჩასვლისას `კვდება ძველი იგი კაცი და იბადება ახალი _ ხდება მისი სულიერი შობა. ნათლია კი ნათლულისთვის სულიერი მშობელია. იწყება ახლად გაქრისტიანებულის ახალი ცხოვრება _  ,,შევუდგებით ქრისტეს გზას! განვაგდებთ სატანას!" საინტერესოა, როგორი ურთიერთობა აქვს ნათლულებთან ზაზა კოლელიშვილს.

_ ბატონო ზაზა, რას ნიშნავს თქვენთვის მართლმადიდებლობა?

_ მართლმადიდებლობა - ქართველობაა. ქართველის იდენტიფიცირება ქრიატიანობიდან ხდება. ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ადამიანი ვარ... ცოდვილი, იმ მხრივ, რომ ზოგჯერ ლოცვას ვერ ვკითხულობ და მარხვას ვერ ვიცავ... რთულია ჩემთვის მარხვა...

_ რა არის ქრისტიანი ადამიანისთვის ნათლიაობა?

_ ქრისტიანობაში ნათელმირონობა უმთავრესია, რომელიც სისხლისმიერ ნათესაობაზე უფრო აღმატებულია, იგი შვიდ თაობამდე გრძელდება. გამოდის, რომ საუკუნეზე მეტ ხანს. ნათლიაობა ყველაზე მთავარია და ამავე დროს, დიდად საპასუხისმგებლოც. იყო კარგი ნათლია, ძალიან რთულია, ადამიანზე უფლისგან გადმოსული დიდი მადლია. 

ნათლია ნათლულისთვის მშობელივით უნდა იყოს

_ პირველად როდის გახდით ნათლია?

_ მაშინ, მერვე კლასში ვიყავი, ჩემი კლასელის ძმა მოვნათლე, კარგად ვერც ვაცნობიერებდი, ეს ყველაფერი რას ნიშნავდა, ან რა საპასუხისმგებლო ტვირთი ავიღე საკუთარ თავზე.

_ სულ რამდენი ნათლული გყავთ?

_ სამი ნათლული მყავს.

_ როგორი ნათლია ბრძანდებით?

_ ცუდი!

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ნათლულებს ხშირად ვერ ვნახულობ, სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევ... კი ვხვდებით ერთმანეთს თბილად და კარგად, თუმცა იშვიათად, ნათლულს ყოველთვის სულიერად უნდა ედგე გვერდით და შენს სიახლოვეს გრძნობდეს. 

_ თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ნათლია?

_ პირველ რიგში, ნათლია ნათლულისთვის მშობელივით უნდა იყოს, მან ხომ გააქრისტიანა, ღვთისკენ მიმავალ ჭეშმარიტ ზგაზე დააყენა და საკუთარ სულიერ შვილად მიიღო. ნათლია მისაბაძი უნდა გახდეს ნათლულისთვის.

ნათლია ნათლულისთვის მშობელივით უნდა იყოს

_ რამდენად ხშირად მოდიან თქვენი ნათლულები რჩევის საკითხავად?

_ ხანდახან რაღაცეებს მეკითხებიან, მაგრამ იცით რა არის, რჩევაც ხომ ობიექტური უნდა იყოს?! ამიტომ ვერიდები რჩევის მიცემას, მათშორის ჩემს შვილებთანაც კი.

_ თუ გაქვთ რამე ტრადიცია, ნათლისღების დღსასწაულს როგორ ულოცავთ ნათლულებს?

_ ტრადიცია რასაც ჰქვია არ გვაქვს, თუმცა შეძლებისდაგვარად ყოველთვის ვულოცავთ ერთმანეთს.

 


უკან დაბრუნება