სარეკლამო წარწერა ქართულ ენაზე სავალდებულო გახდება
|
სარეკლამო წარწერა ქართულ ენაზე სავალდებულო გახდება
საქართველოს პარლამენტში, უკვე შევიდა პროექტი, რომლის მიხედვით -,,რეკლამის შესახებ" კანონში ცვლილებები შევა. პროექტის ინიციატორი და ავტორი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტია. ცვლილების მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი იქნებიან, საკუთარი აბრა, მხოლოდ ქართულ ენაზე გაავრცელონ. ეს მოთხოვნა არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა. ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება, მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე მოხდეს. ცვლილება არ გამორიცხავს, რომ წარწერა ქართულ ენასთან ერთად, სხვა ენაზეც შესრულდეს. როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, კანონპროექტის მიზანი სახელმწიფო ენის დაცვაა. ხშირია შემთხვევები, როდესაც აბრა, მხოლოდ ინგლისურ ენაზეა, რაც აკნინებს სახელმწიფო ენას. პროექტში აღნიშნულია ისიც, რომ აქამდე ტერმინი ,,აბრა" არ იყო განმარტებული ,,რეკლამის შესახებ" კანონში და იგი არ ექცეოდა აღნიშნული კანონის რეგულაციაში. კანონპროექტში ტერმინი ,,აბრა" განმარტებულია შემდეგნაირად - ,,ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა, რომელიც განთავსებულია იურიდიული ან ფიზიკური პირის ობიექტზე და აღნიშნავს, რომ კონკრეტულ ობიექტზე მდებარეობს ოფისი, სავაჭრო ფირმა, ორგანიზაცია და ა.შ." კანონპროექტის განხილვა კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე თვის ბოლოსთვის იგეგმება.
უკან დაბრუნება |